გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 09.01.2006
საქმის ნომერი
ას-1021-1278-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1021-1278 9 იანვარი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: პარტნიორთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობა, დამფუძნებლად აღდგენა, წილის დაბრუნება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 21 ივლისს გ. დ-შვილმა სარჩელი აღძრა შპს „რ-ის“ წინააღმდეგ, „შპს „რ-ში“ ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 3 ივნისის დადგენილების გაუქმების, შპს „რ-ში“ კუთვნილი წილის დაბრუნებით პარტნიორად აღდგენის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ. ამავე სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ გ. დ-შვილი და მოპასუხე შპს „რ-ის“ დირექტორი ჯ. ტ-ძე წლების განმავლობაში მუშაობდნენ ¹11 მაღაზიის თანამშრომლებად და სხვა თანამშრომლებთან ერთად დააფუძნეს შპს „რ-ი“. 2002წ. ბოლოს ჯ. ტ-ძემ საწარმოს ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსთხოვა მოსარჩელეს შვებულებაში გასვლა იმ პირობით, რომ ამ მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ იგი კვლავ დაბრუნდებოდა სამსახურში. ამავე წელს ჯ. ტ-ძემ მოსარჩელეს შესთავაზა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია და მაღაზიის გახსნა. საქონლის მაღაზიაში შემოტანა და საჭირო საბუთების მომზადება ჯ. ტ-ძემ თვითონ იკისრა. 2001 წელს მოხდა მაღაზიის რეგისტრაცია, მაგრამ აქ მცირე დატვირთვის გამო, მოსარჩელე ძირითადად შპს „რ-ში“ მუშაობდა, სადაც ღებულობდა ხელფასს თვეში 760 ლარის ოდენობით, ხოლო 2002წ. დეკემბრის ბოლოს წავიდა შვებულებაში. ამის შემდეგ ჯ. ტ-ძემ უარი განაცხადა მის სამსახურში დაბრუნებაზე. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ჯ.ტ-ძემ 2002წ. 14 მაისს დამფუძნებელთა კრებაზე გარიცხა მოსარჩელე შპს „რ-ის“ დამფუძნებელთა რიცხვიდან, რაც დარეგისტრირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 3 ივნისის დადგენილებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2003წ. 3 ოქტომბერს, მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. დ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 23 ივნისის დადგენილება და ბათილად იქნა ცნობილი შპს „რ-ის“ 2002წ. 14 მაისის პარტნიორთა კრების ოქმი. გ. დ-შვილი აღდგენილ იქნა შპს „რ-ის“ დამფუძნებლად და დაუბრუნდა კუთვნილი წილი, მოპასუხე ჯ. ტ-ძეს გ. დ-შვილის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა განაცდური ხელფასი 360 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ჯ. ტ-ძის მიერ, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება იმ საფუძვლით, რომ შპს „რ-ის» წარმომადგენლის _ ა. ჯ-ძის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში მისი ექსპერტად მონაწილეობით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 5 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ იქნა მიღებული განსახილველად, რაც გასაჩივრებულ იქნა შპს „რ-ის“ მიერ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მაისის განჩინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული განჩინება გაუქმდა და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ამავე სასამართლოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 3 ივნისის განჩინებით შპს „რ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2003წ. 9 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 დეკემბრის განჩინებით, შპს „რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 3 ივნისის განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 3 მაისის განჩინებით შპს „რ-ის“ დირექტორ ჯ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო პალატას.

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, შპს „რ-ის“ დირექტორმა ჯ. ტ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა გ. კოხრეიძემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე მხარე _ შპს „რ-ის“ დირექტორი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე სსკ-ის 70-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. რაც შეეხება მოპასუხე მხარის წარმომადგენელ _ ა. ჯ-ძეს, იგი მონაწილეობდა საქმის განხილვაში წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში და ვერ შეძლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება. მოწინააღმდეგე მხარე, გ. დ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა _ ა. ი-მა არ ცნეს სააპელაციო საჩივარი და განმარტეს, რომ არც საჩივარში დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და არც სააპელაციო საჩივარში აპელანტი მხარე სადავოდ არ ხდიდა სასამართლო სხდომაზე მოწვევის საკითხს და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მისი წარმომადგენელი საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე.

სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვა შემდეგი საფუძვლით:

სააპელაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 230-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა არსებობდეს ერთდროულად სამი პირობა: პირველი _ მოსარჩელის შუამდგომლობას სასამართლოს წინაშე, რათა მან გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მეორე _ სარჩელში მითითებული გარემოებები ერთდროულად უნდა ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას და მესამე _ არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით. მითითებულ გარმოებებიდან ერთ-ერთის არსებობის პირობებში გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

აღნიშნულ შემთხვევაში, როგორც საჩივრით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, ისე სააპელაციო საჩივარზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად შპს „რ-ის“ დირექტორი _ ჯ. ტ-ძე მიუთითებდა სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მითითებული ნორმების საფუძველზე სააპელაციო საჩივარში მოყვანილი და საქმის ზეპირ განხილვაზე აპელანტი მხარის მიერ დასახელებული გარემოებები, რომელთა საფუძველზე აპელანტი ითხოვდა განჩინების გაუქმებას, კერძოდ, აპელანტს, შპს „რ-ის“ დირექტორ ჯ. ტ-ძეს აღნიშნული საქმის არც ერთი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას სადავოდ არ გაუხდია ა. ჯ-ძის შპს „რ-ის“ წარმომადგენლობის საკითხი და იგი სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ შპს „რ-ის“ წარმომადგენლის _ ა. ჯ-ძის გამოუცხადებლობა არ ჩათვალა საპატიოდ, ვინაიდან მისი აზრით, სხვა სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება არ წარმოადგენდა სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს და ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, შპს „რ-ის“ წარმომადგენელს ამის შესახებ დროულად უნდა ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სარჩელში მითითებული გარმოებები იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას, ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.5 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი არის ის ერთადერთი საფუძველი, როდესაც საზოგადოება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის გარიცხვის შესახებ. აღნიშნულ საქმეში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობას ადგილი არ ჰქონდა, ხოლო გ. დ-შვილის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია, კანონის შესაბამისად, არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა მისი და შპს-ის პარტნიორობიდან გარიცხვას და ასევე გ. დ-შვილი არ შეიძლებოდა დათხოვნილიყო სამუშაოდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საკასაციო წესით შპს „რ-ის“ დირექტორ ჯ. ტ-ძის მიერ, რომელიც ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 13 ივლისის განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის.

კასატორის განცხადებით, მცდარია მტკიცება, რომ ა. ჯ-ძე იყო შპს „რ-ის“ წარმომადგენელი და იგი 2003წ. 7 ოქტომბერს გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ჯ. ტ-ძის განცხადებით ა.ჯ-ძე გამოცხადებული იყო 2003წ. 3 ოქტომბერს სასამართლო პროცესზე, სადაც გამოუცხადეს, რომ ეს საქმე ერთი კვირის შემდეგ განიხილებოდა. ა.ჯ-ძეს იქვე მოაწერინეს ხელი უწყების მეორე ნახევარზე, ისე, როგორც გათვალისწინებულია 216-ე მუხლის მე-2 ნაწილში, მაგრამ არ შესრულდა კანონის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელ და საქმეში ხელახლა ჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღეს აცნობებენ 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

კასატორის განცხადებით, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი 2005წ. 13 ივლისის განჩინების გაუქმებისა. ჯ. ტ-ძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის ციტირებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 3.5 მუხლის ტექსტი. კასატორის განცხადებით, ყურადღებამისაქცევია ის ფაქტიც, რომ სააპელაციო პალატა, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ შრომითი ურთიერთობა რეგულირდება შრომის კანონთა კოდექსის საფუძელზე, არ სთხოვს მოსარჩელეს წარმოადგინოს სამუშაოდან მისი დათხოვნის ბრძანება, რაც ამ კოდექსით აუცილებელია სამუშაოზე აღდგენის სარჩელის აღსაძრავად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში კასატორის მოთხოვნას წარმოადგენს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება. აღნიშნული განჩინებით კი უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საპროცესო კანონმდებლობით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები განსაზღვრულია სსკ-ის 241-ე მუხლში. აღნიშნული ნორმის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით. 233-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში კასატორი თავის საჩივარს აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მას უწყება მითითებული წესით არ ჩაბარებია.

სსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად მიუთითებს, რომ სასამართლო უწყებით სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ეცნობებათ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს. ის გარემოება, რომ წარმომადგენელს მართლაც ჩაბარდა უწყება, დავას არ იწვევს, მაგრამ სასამართლოს ამავე დროს უნდა შეემოწმებინა მხარისათვის უწყების ჩაბარების გარემოება. აღნიშნული გარემოების შემოწმება წარმოადგენს მოსამართლის ვალდებულებას, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, თუ მხარე გაფრთხილებული არ იყო 70-ე მუხლით დადგენილი წესით (241-ე, 233-ე მუხლები). აღნიშნული გარემოების გარკვევა უკავშირდება არა მხარეთა მიერ ასეთი საკითხის სასამართლოს წინაშე დასმის აუცილებელ წინაპირობას, არამედ იგი გამომდინარეობს სასამართლოს მოვალეობიდან, არ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მხარეს უწყება არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით. მითითებული გარემოება შემოწმებული არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ. მხოლოდ აღნიშნული საკითხის დადგენის შემთხვევაშია სასამართლო უფლებამოსილი იმსჯელოს, იურიდიულად ამართლებს თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებანი სასარჩელო მოთხოვნას (230-ე მუხლის მე-2 ნაწილი)‚ ამიტომ პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, ჩაჰბარდა თუ არა უწყება კანონით დადგენილი წესით მხარეს, მითუმეტეს, რომ სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.

პალატა თვლის, რომ მითითებულ გარემოებათა გამო სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ის გარემოება, ჰქონდა თუ არა ჩაბარებული უწყება მხარეს სსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „რ-ის“ დირექტორ ჯ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება _ სასამართლო სხდომაზე მოწვევა