დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 14.09.2005
საქმის ნომერი
ას-376-698-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.09.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-376-698-05 14 სექტემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

......... ფონდმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ლ-ის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ........ დასახლების ¹28 ბინა, მიწისძვრით დაზარალებულთათვის დროებითი თავშესაფრის მიზნით, შეისყიდა ........ ფონდმა, რომელშიც თვითნებურად შეიჭრა ე. ლ-ე, იგი არ წარმოადგენს ფონდის დესტინატერს. ფონდი ახორციელებს ფონდის დესტინატერებისათვის დროებით სარგებლობაში ბინის გადაცემა-რეგისტრაციას. ე. ლ-ის ბინაში შეჭრით კი ვერ ხერხდება სადავო ბინის დესტინატერისათვის ბინის გადაცემა, მოსარჩელემ მოითხოვა ე. ლ-ის გამოსახლება სადავო ბინიდან.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ე. ლ-ე გამოსახლდა სადავო ბინიდან. გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო, რომ ქ. თბილისში, ........ დასახლება, ბინა ¹28 2002წ. 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგების .......... ფონდის საკუთრებაა. მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოპასუხის ბრალით ხელი ეშლება თავისი კანონიერი უფლებების განხორციელებაში.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. ლ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 თებერვლის განჩინებით ე. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა ......... ფონდი, რომელსაც, სკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, შეუძლია, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა სარგებლობა ამ ქონებზე. ამასთან, არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ იგი წარმოადგენს ფონდის დესტინატორს, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. ლ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მ. ლ-ემ წარმოადგინა “2002წ. 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის” მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები. საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ 2002 წელს ფონდმა თვითონ გადასცა კასატორს ბინა.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ ფონდის მიერ შეძენილ ბინაში ცხოვრობს პირი, რომელიც ვერ წარმოადგენს მე-3 პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს, ფონდი ამ პირთან აფორმებს ამ ბინით ექვსი თვით სარგებლობის ხელშეკრულებას.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რადგან დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება. წინააღმდეგ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მოსაზრება უსაფუძვლოა იმის შესახებ, რომ დესტინატორის სტატუსის მოსაპოვებლად მან წარადგინა საბუთები, რაც მითითებულია ქ. თბილისის მთავრობის ¹08.28.176 2003წ. 5 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული “2002წ. 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის” მე-3 მუხლში, უსაფუძვლოა. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ კასატორმა ფონდში წარმოადგინა აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები. კერძოდ: განცხადება, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ოფიციალურად დამოწმებული დასკვნა, რომლითაც მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს (ბინას) მინიჭებული ექნება _ დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებული კატეგორია, დანგრეული ან დანგრევას დაქვემდებარებულ სახლზე (ბინაზე) მისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სულადობის განმსაზღვრელი ფორმა ¹1.

ქ. თბილისის მთავრობის (¹08.28.176) 2003წ. 5 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული “2002წ. 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის” მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტები ფონდში წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთობლიობაში (პაკეტში), რომლის საფუძველზეც ფონდი, აღნიშნულ პირს ანიჭებს დესტინატერის სტატუსს. ამდენად, კასატორს ფონდში უნდა წარედგინა ჩამოთვლილი დოკუმენტები ერთობლიობაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მითითებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პირი ვერ იძენს დესტინატორის სტატუსს.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები.

სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

განსახილველი ნორმის თანახმად, მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია ან კანონით ან ხელშეკრულებით. კონკრეტულ შემთხვევაში მესაკუთრის, ანუ ფონდის, უფლებები შეზღუდულია/ ქ. თბილისის მთავრობის ¹08.28.176 2003წ. 5 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული “2002წ. 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ წესის ძალაში შესვლამდე, ფონდის მიერ შეძენილ ბინაში ცხოვრობს პირი (ოჯახი) და ის ფონდში ვერ წარმოადგენს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს, ფონდი აღნიშნულ პირთან აფორმებს ამ ბინით ექვსი თვით სარგებლობის ხელშეკრულებას, რომლის გასვლის შემდეგაც, აღნიშნული პირი ფონდს, როგორც მესაკუთრეს, სავალდებულო წესით უთავისუფლებს ამ ბინას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბინა გამოთავისუფლდება სასამართლო წესით. აღნიშნული ნორმა მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული ფართიდან ამ ნორმაში მითითებული პირის გამოსახლება მხოლოდ მასთან დადებული სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ექვსი თვის გასვლის შემდეგ. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ განსახილველი ნორმის თანახმად, ფონდის მიერ შეძენილ ბინაში მცხოვრები პირის (ოჯახის) ცნებაში იგულისხმება კეთილსინდისიერი მფლობელი და არა ის პირი, რომელიც თვითნებურად დაეუფლა ქონებას და ამით ხელყო სხვისი უფლება. სკ-ის 115-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორცილედეს მართლზომიერად. აღნიშნული ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ სამოქალაქო უფლების განხორციელება დაცულია კანონით, იგი არ უნდა განხორციელდეს სამართლებრივ დანაწესისა და მოთხოვნების დარღვევით, ანუ მართლსაწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე (კასატორი) თვითნებურად დაეუფლა (შეიჭრა) სადავო ბინას.

ქ. თბილისის მთავრობის ¹08.28.176 2003წ. 5 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული “2002წ. 25 აპრილს ქ. თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ დროებითი თავშესაფრის სახით შეძენილი ბინების, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის წესის” პირველი მუხლის თანახმად აღნიშნული წესი არეგულირებს მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ, ფონდის მიერ შეძენილი ბინების მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების (ბინების) მქონე მოსახლეობისათვის (დესტინატერის) საკუთრებაში გადაცემის პირობებს, პროცედურებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ან დანგრევას დაქვემდებარებული საცხოვრებელი სახლების (ბინების) მქონე მოსახლეობისათვის ფონდის მიერ შეძენილი ბინების საკუთრებაში გადაცემისათვის აუცილებელია დესტინატერის სტატუსის მოპოვება, რაც შეიძლება განხორცილდეს პირის მიერ ამ წესით დადგენილი დოკუმენტების წარდგენის შედეგად იურიდიული ფაქტის დადასტურებით. კერძოდ, აღნიშნული წესის მე-3 მუხლით დაინტერესებულ პირს მიეცა უფლება ფონდში წარადგნოს ამ მუხლში ჩამოთვლილი დოკუმენტები ერთობლივად, მხოლოდ ამის შემდეგ მას შეიძლება მიენიჭოს დესტინატერის სტატუსი. აღნიშნული წარმოადგენს ბინის მესაკუთრესა და დაინტერესებულ პირს შორის ამ ბინის სარგებლობაში გადაცემისა და მიღება-ჩაბარების შესახებ ხელშეკრულების დადების წინაპირობას და საფუძველს. ამ ნორმის საწინააღმდეგოდ ფონდის საკუთრებაში არსებული ბინის დაუფლება მართლსაწინააღმდეგოა.

ამრიგად, დაინტერესებული პირის უფლება მისთვის დესტინატერის სტატუსის მინიჭების შესახებ უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

იმ შემთხვევაში, თუ კასატორს მიაჩნია, რომ მის მიერ განხორციელდა აღნიშნული წესით გათვალისწინებული აუცილებელი მოქმედება, რაც პროცესუალური მოწინააღმდეგეს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებას სადავო ბინის გადაცემის შესახებ, მას უფლება აქვს მხოლოდ სასამართლო წესით მოითხოვოს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება და არა თვითნებურად მიიღოს ეს შესრულება.

კასატორს არ გააჩნდა ამ ნივთის ფლობის უფლება, ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 თებერვლის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.