დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-412-751-05 21 ოქტომბერი, 2005წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობით: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: ეზოს გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1978წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე გ. ზ-ის სარჩელი და გურჯაანში, ... მდებარე მისი კუთვნილი სახლი გაიყო შემდეგნაირად: მის შვილს _ ა. ზ-ს საკუთრების უფლებით გადაეცა სახლის პირველ სართულზე ორი ოთახი და სახლის მეორე სართულზე _ ორი ოთახი დერეფნით, სახლის დანარჩენი ნაწილი დარჩა მოსარჩელის საკუთრებაში.
გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1995წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ზ. ზ-ს მამის _ გ. ზ-ის სახლიდან დროებით სარგებლობის მიზნით გამოეყო ერთი ოთახი.
გ. ზ-მა 1979წ. 8 სექტემბერს შეადგინა ანდერძი, რომლითაც თავისი ქონება დაუტოვა მეუღლეს _ მ. ზ-ს.
1997წ. 6 მარტს გ. ზ-ი გარდაიცვალა.
1998წ. 26 იანვარს გურჯაანის რაიონის სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ. ზ-მა მოპასუხე მ. ზ-ის მიმართ და მამის დანაშთი ქონებიდან მოითხოვა სათანადო სავალდებულო წილის მიკუთვნება. გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1998წ. 29 იანვრის განჩინებით აღნიშნული დავა დასრულდა მორიგებით, გურჯაანში, ... მდებარე, აწ გარდაცვლილი გ. ზ-ის დანაშთი სახლი დარჩა ზ. ზ-ის საკუთრებაში, მასვე მიეცა ეზო კიბის გასწვრივ, დანარჩენი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი დარჩა მ. ზ-ის საკუთრებაში. მითითებული განჩინება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
1999წ. 20 აგვისტოს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ზ-მა მოპასუხეების _ მ. და ზ. ზ-ების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. მამის გარდაცვალებამდე ოჯახის საერთო სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის თანაბარწილად გაყოფა მასა და ზ. ზ-ს შორის 1997წ. 3 მარტის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის მდგომარეობით, კერძოდ, 0,057 ჰა მიწის მიკუთვნება;
ბ. სტადიონთან მდებარე მიწის ნაკვეთის თანაბარწილად გაყოფა მასა და მ. ზ-ს შორის.
მოსარჩელის განმარტებით, მამის გარდაცვალების შემდეგ ამ უკანასკნელის დანაშთი ქონება ანდერძით მთლიანად მიიღო მისმა დედინაცვალმა მ. ზ-მა, რომელმაც სახლი და ეზოს ნაწილი გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1998წ. 29 იანვრის განჩინებით მორიგების შედეგად 700 აშშ დოლარად მთლიანად დაუთმო ზ. ზ-ს. ვინაიდან ამ სასამართლო პროცესში მას მონაწილეობა არ მიუღია, შელახული იყო მისი უფლებები.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ ქონების გაყოფის საკითხი მათ შორის მოგვარებული იყო სასამართლოს მიერ 1998წ. 29 იანვარს მიღებული, კანონიერ ძალაში შესული განჩინებით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1999წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ზ. ზ-ს უნდა ესარგებლა გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1998წ. 29 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით მიცემული ეზოს ნაწილით კიბის გასწვრივ, ხოლო ეზოს დარჩენილი ნაწილი უნდა ჩათვლილიყო ა. ზ-ის საკუთრებად; ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ზ-ის მოთხოვნა სტადიონთან არსებული მიწის ნაკვეთის გაყოფის თაობაზე.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ზ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 27 ივნისის განჩინებით გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1999წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ზ. და მ. ზ-ებმა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 12 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 7 ივნისის განჩინებით ა. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1999წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მასა და ზ. ზ-ს შორის ეზო გაიყო 1997წ. 3 მარტის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, რომლითაც ა. ზ-ს მიეცა 0,057ჰა და რომლის მონაცემებიც შესული იყო საჯარო რეესტრში; სტადიონთან არსებული, მ. ზ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთიდან წილის გამოყოფის მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან 0,057ჰა ფართობის გამოყოფის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ზ-მა. გადაწყვეტილება სტადიონთან არსებული მიწის ნაკვეთიდან წილის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
აპელანტმა მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების დროს არ გაითვალისწინა მის მიერვე მოცემულ საქმეზე 1999წ. 19 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება და ა. ზ-ს გადასცა ზ. ზ-ისათვის გამოყოფილი 570 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სასამართლომ მითითებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არასწორად დაუდო 1997წ. 3 მარტის მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული იყო, თითქოს ა. ზ-ს 1992წ. 3 დეკემბრის აქტით 700კვ.მ ჰქონდა გამოყოფილი. ამის საწინააღმდეგოდ რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი გურჯაანის მიწის რეფორმის კომისიის მიერ 2001წ. 29 მაისს გაცემული აქტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ, მართალია, გ. ზ-მა ა. ზ-ს მისცა ეზოს ნაწილი _ 700კვ.მ, მაგრამ გაირკვა, რომ აღნიშნულ ეზოს, სახლსა და მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას 1979წ. 8 სექტემბრის ანდერძით განკარგავდა მისი მეუღლე მ. ზ-ი, რომელმაც მეუღლის გარდაცვალებისთანავე მიიღო მემკიდრეობა და ა. ზ-ს დაუტოვა მხოლოდ 150კვ.მ მიწის ფართობი, ხოლო დანარჩენი თავისი შეხედულებისამებრ მიჰყიდა ზ. ზ-ს. სასამართლომ ასევე ყურადღება არ მიაქცია ამ აქტის ბოლოში მითითებულ გარემოებას, რომ ძალადაკარგულად იყო ცნობილი 1992წ. 3 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ზ-ის სარჩელი საკარმიდამო ეზოს გაყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო მიწის ფართობი 1997წ. 5 მარტამდე ირიცხებოდა გ. ზ-ის სახელზე. მისი გარდაცვალების შემდეგ გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1998წ. 29 იანვრის განჩინებით დადასტურდა მორიგების აქტი, რომლითაც მიწის ნაკვეთი კიბის გასწვრივ მიეცა ზ. ზ-ს, ხოლო დანარჩენი საკარმიდამო ნაკვეთი დარჩა მ. ზ-ს. აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და მის საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთი აღირიცხა ზ. ზ-ის სახელზე. ა. ზ-ს განჩინება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია და პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გაუქმებამდე უფლება არ ჰქონდა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაცემული მიწის ნაკვეთი მიეცა საკუთრებაში სხვა პირისათვის _ ა. ზ-ისათვის. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული იყო საჯარო რეესტრის ჩანაწერი და ამ გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე შეუძლებელი იყო სხვა რეგისტრაციის განხორციელება.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ზ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1978წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება ეხებოდა მხოლოდ სახლის გაყოფას და არ ადგენდა ეზოს გაყოფას; 1979წ. 8 სექტემბერს გაცემული ანდერძი ასევე არ ადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის განკარგვას და არც გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1998წ. 29 იანვრის განჩინება ადგენდა, რომ მ. ზ-ს გურჯაანში, ... მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მთლიანად უნდა მიცემოდა. აღნიშნული განჩინებით მ. ზ-ს უნდა გადაცემოდა დარჩენილი მიწის ნაკვეთი, ანუ ის ნაკვეთი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მ. ზ-მა. ამასთან, საქმეს არ ერთვოდა მ. ზ-ის მიერ სამკვიდროს მიღების მოწმობა და ამდენად, გაურკვეველი იყო, თუ რა სახის ქონება მიიღო მან და როდის. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1997წ. 3 მარტის აქტით სკ-ის 1513-ე მუხლის საფუძველზე ა. ზ-ს ხომ არ გადაეცა აქტში მითითებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში. საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, თუ რამდენად კომპეტენტური იყო გურჯაანის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარის მიერ 2001წ. 29 მაისის თარიღით შედგენილი აქტი, ვინაიდან გურჯაანის რაიონის საკრებულოსა და მიწის მართვის სამმართველოში მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული სადავო საკითხების განმხილველი კომისია არ არსებობდა, ხოლო პრივატიზაცია დასრულდა 1999 წლი 1 იანვარს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ა. ზ-ი, რომელიც იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი 1993 წლიდან, ცხოვრობდა მამის კუთვნილ სახლში, რომლის გაყოფაც მხარეებმა მოახდინეს 1978 წელს. იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს დამტოვებლის არაშრომისუნარიან შვილებს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნოდათ სამკვიდრო წილი, რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო იმ წილის ორ მესამედზე ნაკლები, რაც თითოეულ მათგანს კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. ამიტომ სასამართლოს უნდა დაედგინა, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის შესაბამისად ა. ზ-ი სამკვიდროს გახსნის შემდეგ ფაქტობრივად შეუდგა თუ არა სამკვიდრო ქონების ფლობას და ამით ხომ არ მიიღო სამკვიდრო სადავო ნაკვეთზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 8 აპრილის საოქმო განჩინებით მ. ზ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა ნ. ყ-ი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 თებერვლის განჩინებით ზ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დარჩა უცვლელად. საქმის მასალებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: 1978წ. 18 ივლისს დაკმაყოფილდა გ. ზ-ის სარჩელი და მისი კუთვნილი სახლი გაიყო ორ ნაწილად: მის შვილს, ა. ზ-ს, საკუთრების უფლებით გამოეყო სახლის პირველ სართულზე ორი ოთახი, მეორე სართულზე _ ორი ოთახი დერეფნით, სახლის დანარჩენი ნაწილი დარჩა მოსარჩელის საკუთრებაში; 1979წ. 8 სექტემბერს შედგენილი ანდერძით გ. ზ-მა თავისი ქონება უანდერძა მეუღლეს, მ. ზ-ს; 1997წ. 6 მარტს გ. ზ-ი გარდაიცვალა; 1998წ. 29 იანვარს ზ. ზ-სა და მ. ზ-ს შორის დავა დასრულდა მორიგებით, ზ. ზ-მა 700 აშშ დოლარად შეისყიდა მამის დანაშთი სახლი და ეზოს ნაწილი კიბის გასწვრივ; 1997წ. 3 მარტის მიწის მიღება-ჩაბარების აქტით გურჯაანში, ... ქუჩა ¹90-ში მდებარე ეზოდან 0,057ჰა გადაეცა ა. ზ-ს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომდადგენილად მიიჩნია, რომ გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1978წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება ეხებოდა მხოლოდ სახლის გაყოფას და არ ადგენდა ეზოს გაყოფას; 1979წ. 8 სექტემბერს გაცემული ანდერძი და გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1998წ. 29 იანვრის განჩინება ასევე არ ადგენდა მითითებულ მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლებას. განჩინებაში მითითებული იყო, რომ გ. ზ-ის სახელზე რიცხული ბინა რჩებოდა ზ. ზ-ის საკუთრებაში და მასვე მიეცემოდა ეზოს ნაწილი კიბის გასწვრივ, ხოლო მ. ზ-ს მიეცემოდა მიწის ნაკვეთი მთლიანად, ანუ მიწის ის ნაკვეთი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მ. ზ-მა. ამასთან, საქმეს არ ერთვოდა მ. ზ-ის მიერ სამკვიდროს მიღების მოწმობა, რის გამოც გაურკვეველი იყო, თუ რა სახის ქონება მიიღო მან და როდის.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 1513-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლები იყო განლაგებული, აღნიშნული კოდექსის ამოქმედებიდან ითვლებოდა ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდებოდა სკ-ის თანახმად უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 0,057ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც ა. ზ-ს გადაეცა 1997წ. 3 მარტს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ა. ზ-ის საკუთრებას წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ გურჯაანის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარის მიერ 2001წ. 29 მაისის აქტით გაუქმდა 1992წ. მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც სადავო ეზო გაიყო გ. და ა. ზ-ებს შორის, გავლენას ვერ მოახდენდა 1997წ. მიღება-ჩაბარების აქტზე. აპელანტის მითითება ამ უკანასკნელი აქტის გაუქმების თაობაზე დადასტურებული არ იყო.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ზ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო 1997წ. 3 მარტის მიწის მიღება-ჩაბარების აქტს და არ გაითვალისწინა საქმეში არსებული დოკუმენტები, რომლებშიც მითითებულია, რომ აღნიშნული აქტი გაუქმებულია გურჯაანის მიწის მართვის სამართველოს მიერ და საერთოდ არ არის რეგისტრირებული. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა 1997წ. მიწის მიღება-ჩაბარების აქტს, რადგან იგი ყალბი იყო და არ იყო რეგისტრირებული მიწის მართვის სამმართველოში; მან წარადგინა გურჯაანის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული იყო, რომ 1992წ. ¹12-20 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ეზო თანაბრად გაუნაწილდა ა. და გ. ზ-ებს, გაუქმდა, ვინაიდან აღნიშნული ეზოს ფართობი და გ. ზ-ის საცხოვრებელი ბინა 1979წ. 8 სექტემბრის ანდერძით მიეკუთვნა გ. ზ-ის მეუღლეს მ. ზ-ს, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მიიღო მემკვიდრეობა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა გურჯაანის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული 2001წ. 29 მაისის აქტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ 1979წ. 8 სექტემბრის ანდერძის საფუძველზე გ. ზ-ის ეზოსა და სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას განკარგავდა მისი მეუღლე მ. ზ-ი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 თებერვლისგანჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონის სასამართლოს მიერ 1978წ. 18 ივლისს დაკმაყოფილდა გ. ზ-ის სარჩელი და მისი კუთვნილი სახლი გაიყო ორ ნაწილად _ მის ვაჟს, ა. ზ-ს, საკუთრების უფლებით გამოეყო სახლის პირველ სართულზე ორი ოთახი, სახლის მეორე სართულზე ორი ოთახი დერეფნით, სახლის დანარჩენი ნაწილი დარჩა მოსარჩელის საკუთრებაში; 1979წ. 8 სექტემბერს შედგენილი ანდერძით გ. ზ-მა თავისი ქონება უანდერძა მეუღლეს, მ. ზ-ს; 1997წ. 6 მარტს გ. ზ-ი გარდაიცვალა; 1997წ. 3 მარტის მიწის მიღება-ჩაბარების აქტით გურჯაანში, ... მდებარე ეზოდან 0,057ჰა გადაეცა ა. ზ-ს; 1998წ. 29 იანვარს ზ. ზ-სა და მ. ზ-ს შორის დავა დასრულდა მორიგებით, გ. ზ-ის დანაშთი სახლი დარჩა ზ. ზ-ის საკუთრებაში, მასვე მიეცა ეზო კიბის გასწვრივ, დანარჩენი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი დარჩა მ. ზ-ს საკუთრებაში.
სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასაპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკსაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1998წ. 29 იანვრის განჩინებით განხილულ საქმეზე დავის საგანი იყო ბინაზე ზ. ზ-ის მიერ სავალდებულო წილის მიღება. აღნიშნული განჩინების საფუძველზე მ. ზ-ს შეიძლებოდა განეკარგა მხოლოდ მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთი. იმის გამო კი, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობა, ვერ დადასტურდა, თუ რა სახის ქონება მიიღო ამ უკანასკნელმა და როდის. ამასთან, აღნიშნულ განჩინებას ვერ ექნება სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეიუდიციული ძალა მოცემული საქმის მიმართ. აღნიშნული ნორმის თანახმად, პრეიუდიციულად მიჩნეულია ისეთი ფაქტები, რომლებიც დადგენილია სხვა სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ ამ საქმის განხილვაში იგივე მხარეები მონაწილეობენ. მოცემულ შემთხვევაში კი ზემოაღნიშნული 1998წ. 29 იანვრის განჩინება გამოტანილია ა. ზ-ის მონაწილეობის გარეშე, რომელიც გ. ზ-ის ერთ-ერთი კანონისმიერი მემკვიდრე იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული განჩინების გამოტანამდე უკვე არსებობდა 1997წ. 3 მარტის მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ა. ზ-ს სადავო მიწის 0,057ჰა გადაეცა. სკ-ის 1513-ე მუხლი, რომელიც ძალაშია 1997წ. 25 ნოემბრიდან, ითვალისწინებდა ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლები იყო განლაგებული, აღნიშნული კოდექსის ამოქმედებიდან ამ პირთა საკუთრებაში გადაცემას და მათზე სკ-ის თანახმად უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესების გავრცელებას.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს, რადგან იგი არ იყო ნამდვილი. ამასთან დაკავშირებით კასატორის არგუმენტებს საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე აღნიშნული გარემოება ვერ დასტურდება. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად სააპელაციო სასამართლო ვერ მიიჩნევდა გურჯაანის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარის 2001წ. 29 მაისის აქტს, რაზედაც კასატორი უთითებს. აღნიშნული აქტის გაცემის დროისათვის ასეთი კომისია უკვე აღარ არსებობდა, ამასთან, აღნიშნულ აქტში არ არის მითითებული 1997წ. 3 მარტის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის თაობაზე. რაც შეეხება კასატორის განცხადებას, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არ არის რეგისტრირებული მიწის მართვის სამმართველოში, არ ნიშნავს, რომ აქტი არ არის ნამდვილი და აღნიშნული გარემოება ასევე ვერ ჩაითვლება დამატებით და დასაბუთებულ პრეტენზიად. ეს საკითხი კასატორს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ დაუყენებია და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებდა. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად არის გადაწყვეტილი საქმე, რის გამოც, სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 თებერვლისგანჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.