დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-513-835-05 8 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება.
შეგებებული სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნ. ბ.-სა და მ. კ.-ს შორის 1999წ. 24 დეკემბერს, ასევე ნ. ლ.-სა და მ. კ.-ს შორის 2000წ. 28 ივლისს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებები. თბილისში, … მდებარე ბინა აღირიცხა ლ. ბ.-ის სახელზე და იგი იპოთეკით დაიტვირთა ნ. ბ.-სა და ნ. ლ.-ს შორის 12000 აშშ დოლარზე დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით. შესაბამისი ცვლილებები შეტანილ იქნა საჯარო რეესტრში.
ნ. ლ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. და ნ. ბ.-ების მიმართ და აღნიშნა, რომ 2000წ. 28 ივლისს მოპასუხეებს ასესხა 12000 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით. მოპასუხეებს დღემდე არ შეუსრულებიათ ვალდებულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელემ მოითხოვა სესხად გადაცემული თანხის, მასზე დარიცხული პროცენტების, სააღსრულებო ბიუროში ქონების გადაფორმებასთან და ადვოკატის ხარჯების, სულ 18200 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება. 2004წ. 24 მაისს მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრება ყოველთვიურად 8%-ის გათვალისწინებით, რაც შეადგენს სხვა თანხებთან ერთად 29700 აშშ დოლარს.
მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი აღძრეს ნ. ლ.-ის მიმართ და აღნიშნეს, რომ ნ.ლ.-ის მოქმედებით მიადგათ ზიანი, კერძოდ, ნ.ლ.-მ ისარგებლა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობით და გამოასახლა ისინი ბინიდან, რითაც დაარღვიეს შეთანხმება. 2001წ. 1 ივნისიდან ყოველთვიურად იხდიან ქირას 200 აშშ დოლარის ოდენობით, რაც 36 თვის განმავლობაში შეადგენს 7200 აშშ დოლარს. ნ. ლ.-ე სადავო ბინას ფლობდა და იყენებდა სამი წლის განმავლობაში და მანვე უნდა გადაიხადოს ბინის ქირა, ყოველთვიურად 200 დოლარზე გაანგარიშებით 7200 აშშ დოლარი. ამდენად, ლ. და ნ. ბ.-ებმა მოითხოვეს 14400 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აგვისიტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ლ.-ის სარჩელი და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 16080 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ლ. ბ.-ებმა. თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა იმგვარად, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი პუნქტი: „არ დაკმაყოფილდეს ლ. და ნ. ბ.-ების შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ“.
სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან შეგებებული სარჩელის ავტორებმა ვერ დაადასტურეს თანხის დაკისრების საფუძველი. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა შეგებებულ სარჩელზე სამოტივაციო ნაწილში, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ ასახულა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2000წ. 28 ივლისს ნ. ლ.-მ მოპასუხეებს ექვსი თვის ვადით ასესხა 12000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 8%-ის დარიცხვით. მოპასუხეებს პროცენტის სახით გადახდილი აქვთ 960 აშშ დოლარი. ასევე, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეებმა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და ყოველთვიური პროცენტის გადახდის ვალდებულება არ შეასრულეს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხა სწორად განსაზღვრა. კერძოდ, ძირითადი თანხა 12000 აშშ დოლარი და ექვსი თვის 2%, რაც შეადგენს 1440 აშშ დოლარს. ამ თანხას გამოაკლდა მოპასუხის მიერ გადახდილი 960 აშშ დოლარი და დარჩენილ 12480 აშშ დოლარს დაემატა 30 თვის გათვალისწინებით (თითოეულ თვეზე 1%_ის გაანგარიშებით) 3600 აშშ დოლარი, რამაც საბოლოოდ შეადგინა 16080 აშშ დოლარი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ნ. ბ.-ებმა. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა პროცენტი, ასევე არასწორად დაადგინა, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. 2001წ. 1 ივნისიდან დღემდე ვერ ფლობენ საკუთარ ბინას და იძულებული არიან იცხოვრონ ქირით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ლ. და ნ. ბ.-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ 2000წ. 28 ივლისს ნ. ლ.-მ მოპასუხეებს ექვსი თვის ვადით ასესხა 12000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 8%-ის დარიცხვით. მოპასუხეებს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და ყოველთვიური პროცენტის გადახდის ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებიათ. მათ პროცენტის სახით გადახდილი აქვთ მხოლოდ 960 აშშ დოლარი.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოა სასამართლოსათვის. კასატორების მიერ არ არის წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა პროცენტი, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პროცენტი გონივრულ შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს.
სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი.
საკასაციო პალატა თვლის, ვინაიდან მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ არის შესრულებული დღემდე, სასამართლომ მართებულად დააკისრა თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტი. რაც შეეხება, შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, იგი დაუსაბუთებელია. კასატორებმა ვერ დაამტკიცეს ნ.ლ.-ის მხრიდან მათთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. და ნ. ბ.-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.