დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 15.05.2005
საქმის ნომერი
ას-53-421-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-53-421-05 15 აპრილი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

სასამართლოს სარჩელით მიმარვთა შპს „ა-ას“ მეანაბრეთა ჯგუფმა მოპასუხეების თბილისის ქონების მართვის სამმართველოს, ჯ. ჯ-ას, დ. ბ-ის, დ. გ-ის, ა. მ-ის და შპს „ნ-ოს“ მიმართ და მოითხოვა: თბილისის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართის ჩარიცხვის თაობაზე 1998წ. 19 მარტის დადგენილების გაუქმება. თბილისის ქონების მართვის დეპარტამენტის და ქ. ქ-ს შორის 1998წ. 3 ივლისს დადებული ხელშეკრულების გაუქმება. თბილისში, ... კორპ. პირველ სართულზე მდებარე სადაო 138,33 კვ.მ ფართიდან თ. ბ-ის, ჯ. ჯ-ას, ა. მ-ისა და დ. გ-ის გამოსახლება და აღნიშნულ ფაქტზე კორპორაცია „ქ-ის“ მეანაბრეთა უფლებების აღდგენა. შპს ნ-ოსათვის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დაკისრება, კერძოდ, კორპორაცია „ქ-ზე“ სადავო ფართის გაფორმება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 ივნისის განჩინებით განსახილველი საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო დავა კორპორაცია „ქ-ის“ მეანაბრეთა წარმომადგენლის ნ. გ-ის სარჩელისა გამო თბილისის ქონების მართვის სამმართველოსა და თბილისის მერიის მიმართ თბილისის ქონების მართვის დეპარტამენტსა და ძ-ს შორის დადებული 1998წ. 3 ივლისის პრივატიზების ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და სადავო ფართის საპრივატიზებო ნუსხიდან ამორიცხვის შესახებ და შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის 1998წ. 19 მარტის დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და ქ. ქ-ს შორის 1998წ. 3 ივლისს დადებული იჯარის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც საპრივატიზებო ნუსხაში შეტანილ იქნა სადავო ქონება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ა-ას“ მეანაბრეთა ჯგუფის სარჩელი აღიარებული იქნა მათ საკუთრებად თბილისში, ....... კორპუსში პირველ სართულზე არსებული 130 კვ.მ. ფართი. ჯ. ჯ-ა, თ. ბ-ი, დ. გ-ე და ა. მ-ი გამოსახლებულ იქნენ აღნიშნული ფართიდან.

ეს გადაწყვეტილება ფართიდან გამოსახლების ნაწილში გაასაჩივრეს ჯ. ჯ-ამ, დ. გ-ემ და ა. მ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა: დადგენილია, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 მაისის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლთაც აღიარებულ იქნა შპს “ა-ას” მეანაბრეთა ჯგუფის საკუთრების უფლება თბილისში, ....... კორპუსის პირველ სართულზე არსებული 130 კვ.მ-ზე არ გასაჩივრებულა და ის შევიდა კანონიერ ძალაში, რაზედაც გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტების მიერ სადავო ფართის მფლობელობას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ჯ. ჯ-ას არგუმენტი იმის შესახებ, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი, საცხოვრებელი არ გააჩნია, სადავო ფართი მოიყვანა წესრიგში და ასევე გ-ისა და ა. მ-ის მოსაზრება, რომ მათ 1996 წელს სადავო ფართი დაიკავეს კორპორაცია “ქ-ისა” და “ნ-ოს” ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-ემ და ა. მ-მა.

კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 337-ე მუხლის მოთხოვნები, განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული სასამართლო ვერ მიუთითებს მტკიცებულებებზე, რომლებზეც ამყარებს თავის დასკვნებსა და მოსაზრებებს. მათი აზრით, არასრულია და გადაწყვეტილების დასაბუთება არ პასუხობს აპელაციას, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.

კასატორების მითითებით, 1994 წლიდან არიან ბანკი “ქ-ის” მეანაბრეები და “ქ-ის” სამართალმემკვიდრე პასუხისმგებელი უნდა იყოს “ქ-ის” ვალდებულებებზეც. სადავო ოთახი დაიკავეს შეთანხმების საფუძველზე 1996 წელს, რომელშიც მონაწილეობდნენ “ქ-ის”, “ნ-ოსა” და “ქ-ის” მეანაბრეთა საინიციატივო ჯგუფს წარმომადგენლები.

კასატორები მოითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 მაისის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც აღიარებული იქნა შპს „ა-ას“ მეანაბრეთა ჯგუფის საკუთრების უფლება თბილისში, ....... კორპუსის პირველ სართულზე არსებული 130 კვ. მ., არ გასაჩივრებულა და ის შევიდა კანონიერ ძალაში, რაზედაც გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.

მოსარჩელენი წარმოადგენენ სადავო ფართის მესაკუთრეს.

სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ აპელანტების მიერ სადავო ფართის მფლობელობას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, კასატორის მიერ არ არის გაბათილებული. ის ვერ მითუთითებს რაიმე სამართლებრივ საფუძველზე ან რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც მის მიერ იყო წარდგენილი სასამართლოში და რომლითაც ამგვარი საფუძვლის არსებობა დასტურდება.

შესაბამისად, პალატა თვლის, ომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. გ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 17 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.