დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 06.07.2006
საქმის ნომერი
ას-558-878-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-558-878-05 6 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. მ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე წ- ე... სამსახურის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ და განმარტა, რომ 1999წ. სექტემბრის დასაწყისიდან 2000წ. მარტამდე მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ..., მუდმივად მოედინებოდა მიწიდან სასმელი წყალი. მას 1990წ. 27.09 ¹7-103-1 გაცემული ნებართვის საფუძველზე აშენებული აქვს კაპიტალური ავტოფარეხი, რომლის საძირკველი სისტემატურად მომდინარე წყალმა დააზიანა და ავარიული მდგომარეობა შექმნა, რაც გამოწვეული იყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული წყალსადენი მილების დაზიანებით. სკ-ის 999-ე, 998-ე მუხლების თანახმად თ.მ-ძემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 3000 ლარის გადახდის დაკისრება.

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტოფარეხი აშენებულია მაგისტრალური წყალსადენის ახლოს, აგრეთვე, დაზიანება შესაძლებელია გამოწვეულიყო გრუნტის წყლის მიზეზით.

2002წ. 18 იანვრის თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, წ- ე... სამსახურს დაეკისრა 3000 ლარის გადახდა ზიანის ასანაზღაურებლად.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „თ-მა“.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ.მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თ.მ-ძის ავტოფარეხი არ წარმოადგენს ქონებას, ვინაიდან იგი უკანონო ნაგებობაა (არსებობს მხოლოდ ნებართვა, არ არსებობს პროექტი, აღრიცხული არ არის საჯარო რეესტრში), შესაბამისად, არ არის სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი, რის გამოც მასზე მიყენებული ზიანი არ შეიძლება იყოს ანაზღაურებული. სასამართლომ ჩათვალა, რომ სამშენებლო ნორმები დარღვეულია თავად თ.მ-ძის მიერ, კერძოდ, არ არის დაცული დისტანცია წყალსადენის მილებსა და ნაგებობას შორის.

სააპელაციო პალატის ზემოთმითითებული გადაწყვეტილება თ. მ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 23 სექტემბრის განჩინებით თ.მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, აღნიშნულ საქმეზე გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით შპს „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ.მ-ძის სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ 2001წ. 20 ნოემბრის ექსპერტის დასკვნის საფუძველზე შპს „თ-ის“ მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტი დადასტურებულად არ მიიჩნია.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.მ-ძემ და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივად და იურიდიულად დაუსაბუთებელია, კერძოდ, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს აზრით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მილსადენის დაზიანების ფაქტი მაშინ, როცა მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ დაზიანებული მაგისტრალური მილსადენი შპს ,,თ-ის” მიერ შეკეთდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ.მ-ძე ითხოვს სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია აღნიშნული ნორმის მოთხოვნები. ექსპერტიზამ ვერ დაადგინა ავტოფარეხის შპს „თ-ის“ მართლსაწინააღმდეგო ქმედების, უფრო სწორად უმოქმედობის, შედეგად დაზიანების ფაქტი,.

სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიანიჭა გადამწყვეტი მნიშვნელობა ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან იმ გარემოებების დადასტურება, თუ რამ გამოიწვია ავტოფარეხის დაზიანება, სხვა მტკიცებულებებით შეუძლებელია. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ, თუკი სასამართლო არასრულად და დაუსაბუთებლად მიიჩნევდა ექსპერტის დასკვნას, შეეძლო დაენიშნა დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზა, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოცემულ საქმეზე საინჟინრო-გეოლოგიური ექსპერტიზა რამდენიმეჯერ უკვე დაინიშნა. საბოლოოდ, 2003წ. 30 იანვარის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვერ დადგინდა თ.მ-ძის ავტოფარეხის დაზიანების გამომწვევი მიზეზები. 2003წ. 30 იანვრის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ იმის გამო, რომ მხარემ უარი განაცხადა მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებაზე, ამიტომ ექსპერტების მიერ კვლევისათვის საჭირო მონაცემების აღება ვერ მოხერხდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებულია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ.მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მარტის გადაწყვეტილება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.