დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 11.09.2006
საქმის ნომერი
ას-69-517-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.09.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-69-517-06 11 სექტემბერი, 2006 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-შვილმა, გ. ბ-ძემ, ო. თ-შვილმა და სხვები სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „ბ. ნ-ი ქარხნის“ მიმართ სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლის, მოპასუხის 2002 წლის 12 დეკემბრის ¹28 ბრძანებისა და მასზე თანდართული ¹2 დანართის ბათილად ცნობის, 2002 წლის 12 დეკემბრის ბრძანების დაშვებამდე არსებული მდგომარეობით სამუშაო ადგილზე აღდგენისა და დამხმარე მუშებად გადაყვანამდე არსებულ ხელფასსა და გადაყვანის შემდეგ სტანდარტულად დანიშნულ 23 აშშ დოლარს შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი მუშაობდნენ შპს „ბ. ნ-ი ქარხნის“ სამმართველოში. თითოეულს გააჩნდა შესაბამისი თანამდებობა და განაკვეთი თანრიგებისა და კატეგორიების მიხედვით. მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციის 2002 წლის 12 დეკემბრის ¹28 ბრძანებით, კანონის დარღვევით ქარხნის მუშა-მოსამსახურეთა მთელი პერსონალი, თანამდებობებისა და კვალიფიკაციის მიუხედავად, 2003 წლის 1 მარტიდან გადაყვანილ იქნენ დამხმარე მუშათა კატეგორიაში და ხელფასის სახით დაენიშნათ თითოეულს 23 აშშ დოლარი. აღნიშნული ბრძანების თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, როცა შეუმცირეს ხელფასის ოდენობა. მოსარჩელეთა მტკიცებით, იმ მომენტში პასიურობდა ქარხნის პროფკავშირული კომიტეტი, რის გამოც მათ სხვადასხვა ინსტანციებში აღარ უჩივლიათ, იმ პირობით, რომ მალე სხვა სახელფასო სარგოს მიიღებდნენ. აღნიშნულის შემდეგ მათ არაერთხელ მიმართეს ქარხნის ხელმძღვანელობას, დაებრუნებინა ისინი წინანდელ თანამდებობებზე და აენაზღაურებინათ დამხმარე მუშათა კატეგორიაში გადაყვანამდე არსებულ განაკვეთებსა და გადაყვანის შემდეგ დანიშნულ განაკვეთს შორის სხვაობა, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით აპელანტთა წარმომადგენელი თ.შ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ შპს «ბ. ნ- ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მოპასუხე ორგანიზაციის 2002 წლის 12 დეკემბრის ¹28 ბრძანებით «საწარმოს საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანისა და შრომის პირობების მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ» 2003 წლის 1 მარტიდან ქარხანაში შემცირდა თანამდებობები ¹1 დანართის შესაბამისად და მოსარჩელეები გადაყვანილი იქნენ დამხმარე მუშის თანამდებობაზე ¹2 დანართის შესაბამისად, ხელფასის შესაბამისი ცვლილებებით; მოსარჩელეები შეუდგნენ მუშაობას დამხმარე მუშის თანამდებობაზე 2003 წლის მარტიდან და მას შემდეგ ღებულობენ ხელფასს 23 აშშ დოლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა თანხმობა დამხმარე მუშის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ გამოიხატა მათ მიერ მითითებული ხელფასის აღებითაც. სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნა გაზიარებული აპელანტების მოსაზრება იმის შესახებ, რომ შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამ თვიანი ვადა მათ მიერ საპატიო მიზეზით იყო გაშვებული, ვინაიდან ვერ დაასახელეს რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რასაც შეეძლო გამოეწვია გასაჩივრების ვადის გაშვება.

ი. ბ-შვილმა, გ. ბ-ძემ, ო. თ-შვილმა და სხვებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის განჩინებაზე და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლის მეოთხე ნაწილი; მათთვის ცნობილი არ იყო სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ, ვინაიდან მოპასუხე ორგანიზაციას შესაბამისი ცვლილებები შრომის წიგნაკებში არ შეუტანია; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაციას უნდა გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსის 27-ე მუხლი, 26-ე მუხლის პირველი ნაწილი, 75-ე და მე-6 მუხლები. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მათ სასარჩელო ხანდაზმულობის სამთვიანი ვადის დარღვევის საპატიო მიზეზი ჰქონდათ, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური და მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პირდებოდათ ადრინდელ თანამდებობებზე დაბრუნებას. ამიტომ, კასატორებს მათი უფლება დარღვეულად მიაჩნიათ იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლომ 2005 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა ხანდაზმულობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. ბ-შვილის, გ. ბ-ძის, ო. თ-შვილის და სხვებმა საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ შპს «ბ. ნ- ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მოპასუხე ორგანიზაციის 2002 წლის 12 დეკემბრის ¹28 ბრძანებით «საწარმოს საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანისა და შრომის პირობების მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ» 2003 წლის 1 მარტიდან ქარხანაში შემცირდა თანამდებობები და მოსარჩელეები გადაყვანილი იქნენ დამხმარე მუშის თანამდებობაზე ხელფასის შესაბამისი ცვლილებებით (ს.ფ. 17-18).

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები მაშინვე შეუდგნენ მუშაობას დამხმარე მუშის თანამდებობაზე და მას შემდეგ ღებულობენ 23 აშშ დოლარის ანაზღაურებას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებმა გაუშვეს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით გათვალისწინებული სამთვიანი ხანდაზმულობის ვადა. ამ ნორმის თანახმად მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ შრომითი დავის კომისიას სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ. მოსარჩელეთა დამხმარე მუშის თანამდებობაზე გადაყვანის დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შრომის დავის განხილვის უფლებამოსილება აქვს როგორც შრომის დავის კომისიას, ისე სასამართლოს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მუშაკის დარღვეული შრომითი უფლებების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაშიც გამოიყენება ხანდაზმულობის სამთვიანი ვადა, ხოლო სამუშაოდან დათხოვნის შემთხვევაში კი იმავე კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად განსაზღვრულია სასამართლოსათვის მიმართვის ერთ თვიანი ვადა დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ კასატორებისათვის ცნობილი იყო მათი დამხმარე მუშებად გადაყვანის თაობაზე 2003 წლის მარტიდან, მათ კი სასამართლოს მიმართეს მხოლოდ 2004 წლის აგვისტოში. საკასაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ქარხნის ხელმძღვანელობა, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური პირდებოდნენ ქარხნის სრული დატვირთვით ამოქმედებას, წინანდელ თანამდებობებზე აღდგენას და გადაყვანით გამოწვეული ხელფასის სხვაობის ანაზღაურებას; საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს გარემოება სააპელაციო სასამართლომ სწორად არ ჩათვალა ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ონ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ბ-შვილის, გ. ბ-ძის, ო. თ-შვილის და სხვებმა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.