დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 15.05.2002
საქმის ნომერი
3კ/454-02
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.05.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-454-02 15 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: დასახიჩრების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 11 აგვისტოს დ. ნ-ძემ შპს “საქართველოს ...ის” ქუთაისის ფილიალის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1993 წელს ს.ს. “ქ-მა” “ქუთაისის ...ს” მოსარჩელისათვის გადასაცემად ჩაურიცხა 1015 მანეთი და 20 კაპიკი. ფოსტამ ვალდებულება არ შეასრულა. მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელი თანხის ანაზღაურება, რაც 1610 ლარს შეადგენს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ნ-ძის სარჩელი: შპს “საქართველოს ...ის” ქუთაისის ფილიალს დაეკისრა 1610 ლარის გადახდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ “ქ-მა” საპენსიო დავალიანების დასაფარავად “ქუთაისის ...ას” მოსარჩელისათვის გადასაცემად ჩაურიცხა 1015 მანეთი და 20 კაპიკი. აღნიშნული თანხა დ. ნ-ძეს არ მიუღია, ხოლო “ქუთაისის ...ის” წარმომადგენლებმა ვერ დაამტკიცეს დ. ნ-ძეზე თანხის გადაცემის ფაქტი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 28 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს “საქართველოს ...ის” სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 2 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “საქართველოს ...ის” ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 28 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეში არსებობდა ქ. ქუთაისის სასამართლოს 1998წ. 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც სს “ქ-ს” დ. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 4978 ლარის გადახდა. სწორედ აღნიშნული თანხის ნაწილი _ 1610 ლარი _ წარმოადგენდა მოცემულ საქმეზე დავის საგანს, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით გადასახდელად დაეკისრა შპს “საქართველოს ...ის” ქუთაისის ფილიალს.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებით მესამე პირს ყოველთვის არა აქვს უფლება, მოითხოვოს მისი შესრულება. მესამე პირს ასეთი უფლება ექნება მაშინ, როდესაც ეს ხელშეკრულების არსიდან გამომდინარეობს. თუ ხელშეკრულების არსიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულმა პირმა პასუხი უნდა აგოს მესამე პირის წინაშე, მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მესამე პირს მოთხოვნის უფლება.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავა წარმოშობილი იყო ურთიერთობიდან, რომელიც სს “ქ-ისაგან” ნ-ძისათვის ზიანის ანაზღაურებას ეხება. ზიანის ანაზღაურება ეკისრება მხოლოდ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, ამიტომ მხოლოდ ამ ურთიერთობის მონაწილეებს ჰქონდათ, უფლება ერთმანეთისათვის წაეყენებინათ პრეტენზიები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 15 იანვრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა სს “ქ-ი”. ამავე სასამართლოს 2002წ. 18 იანვრის განჩინებით გაუქმდა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, შემდეგზე: საქმის მასალებით უდავოდ იყო დადგენილი, რომ ქ. ქუთაისის 1998წ. 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს “ქ-ზე” გადასახდელად დაკისრებულ 4978 ლარში შედიოდა სადავო 1610 ლარიც, ამიტომ დ. ნ-ძეს უფლება ჰქონდა, ეს თანხა მოეთხოვა სს “ქ-ისაგან”. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს უფლება არ ჰქონდათ, ხელახლა განეცხადებინათ იგივე სასარჩელო მოთხოვნები, რაც ერთხელ უკვე გადაწყვეტილი იყო სასამართლოს მიერ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად სს “ქ-ი” ვალდებული იყო, ბოლომდე შეესრულებინა ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შეემთხვევაში დ. ნ-ძეს უნდა მიემართა სასამართლო აღმასრულებლისათვის გადაწყვეტილების აღსრულების სისრულეში მოსაყვანად.

2002წ. 11 თებერვალს სს “ქ-ის” გენერალურმა დირექტორმა კერძო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სადავო 1610 ლარი 1993 წელს მას გადახდილი ჰქონდა დ. ნ-ძისათვის, რასაც თავის მხრივ ...აც ადასტურებდა და 1998წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ამ თანხის ხელმეორედ ანაზღაურება მას არ უნდა დაკისრებოდა.

მითითებული კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 15 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული, როგორც აშკარა უსაფუძვლო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარის განმარტება და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის სასამართლოს 1998წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ნ-ძის სარჩელი და სს “ქ-ს” დ. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 4978 ლარის გადახდა. მითითებული თანხის ნაწილი _ 1610 ლარი დ. ნ-ძეს არ მიუღია და სწორედ მიუღებელ თანხასთან დაკავშირებით ჰქონდა მას შეტანილი სარჩელი შპს “საქართველოს ...ის” ქუთაისის ფილიალის წინააღმდეგ, სს “ქ-ი” კი მიუთითებდა, რომ აღნიშნული თანხა ჯერ კიდევ 1993 წელს ჰქონდა ჩარიცხული ...აში დ. ნ-ძისათვის გადასაცემად, ...ას კი ნ-ძისათვის არ გადაუცია მითითებული თანხები.

იმის გამო, რომ სადავო საკითხთან კერძოდ, სადავო თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და მითითებული თანხის გადახდა ეკისრებოდა სს “ქ-ს”, სააპელაციო სასამართლომ საქმე ამ თანხის ხელახლა გადასახდელად დაკისრების შესახებ შპს “საქართველოს ...ის” ქუთაისის ფილიალისადმი (მოგვიანებით მოცემულ საქმეში მოპასუხედ სს “ქ-იც” ჩაება) წარმოებით შეწყვიტა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების შესახებ დ. ნ-ძესა და სს “ქ-ს” შორის დავაზე, თანხით 1610 ლარზე, არსებობს რა ქ. ქუთაისის სასამართლოს 1998წ. 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც აღუსრულებელია, ახალი დავა ამავე თანხაზე ამავე მხარეებს შორის ამავე საგანზე იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოებისათვის, ორგანიზაციებისთვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. თუ კი სს “ქ-ს” შპს “საქართველოს ...ის” ქუთაისის ფილიალი, ანდა შპს “საქართველოს ...ის” ქუთაისის ფილიალს დ. ნ-ძის მიმართ ამ თანხებთან დაკავშირებით ექნება სადავო, მათ შესაბამისი სარჩელებით შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს თავიანთი დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად შეწყვიტა საქმის წარმოება და ამ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კერძო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 410-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ქ-ის”კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 იანვრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება