დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3კ-635-02 18 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე
კასატორის თხოვნა: განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ა.-ემ სარჩელი აღძრა ხ. და გ. გ.-ეებისა და ტ. და რ. ე.-ეების წინააღმდეგ და მოითხოვა თანხის დაკისრება. სარჩელის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მხარეები ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდნენ ერთობლივ საქმიანობას. მოპასუხეებმა ერთობლივი საქმიანობის შედეგებით მიღებული შემოსავალი მიითვისეს, ასევე არ დაუბრუნეს მის მიერ წილის სახით შეტანილი ძირითადი საბრუნავი თანხა. მოსარჩელემ ასევე მითხოვა ამ თანხის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის თანხის _ 5%-ის ოდენობით ანაზღაურება, სულ 11179 აშშ დოლარის გადახდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ხ. გ.-ე, როგორც არასათანადო მხარე, ამორიცხულ იქნა მოპასუხეთა რიგიდან. ტ. ე.-ს, რ. ე.-ს და გ. გ.-ს ი. ა.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 3534 აშშ დოლარი.
ი. ა.-ს უარი ეთქვა სარჩელის ნაწილში მოპასუხეებზე სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის ვალის 5% დანამატის სახით 3762 აშშ დოლარის დაკისრებაზე უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა.-ემ. აპელანტმა მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელზე უარის თქმის, ასევე ხ. გ.-ის მოპასუხეთა რიგიდან ამორიცხვის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ გამოცხადნენ მოწინააღმდეგები, რომელთა მიმართაც 2001წ. 14 დეკემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, რადგან საჩივარში მითითებული გარემოებანი იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილება; მოპასუხეებს ხ. და გ. გ.-ეებს, ტ. და რ. ე.-ეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ი. ა.-ის სასარგებლოდ 7377 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარის გადახდა.
გ. და ხ. გ.-ეებმა, რ. ე.-ის წარმომადგენელმა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მხარეებს სასამართლოს უწყება არ გაგზავნიათ სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, სარჩელში მითითებული გარემოებანი იურიდიულად არ ამართლებენ საკასაციო მოთხოვნას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეტა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 თებერვლის განჩინებაზე საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე ხ. და მ. გ.-ეების, რ. ე.-ის წარმომადგენელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, რადგან იგი იურიდიულად დაუსაბუთებულია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობისას, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაძლებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი გარემოების გამო: უდავოა, რომ მხარეები ეწეოდნენ ერთობლივ საქმიანობას და მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება სწორედ ამ გარემოებას. იგი მოპასუხეებისგან ითხოვს ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანიას ანაზღაურებასა და ერთობლივ საქმიანობაში მის მიერ შეტანილი თანხის (წილის) უკან დაბრუნებას. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოთხოვნის იურიდიული საფუძველია სკ-ს 403-ე და 404-ე მუხლები, მაშინ, როცა ერთობლივი საქმიანობის შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობებს აწესრიგებს ამავე კოდექსის 930-940-ე მუხლები. აღნიშნულ ნორმებში კი ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ადგენს ქონების განაწილების გარკვეულს წესს. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ამ ურთიერთობის მონაწილეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა ქონების განაწილების შემდეგ _ 940-ე მუხლის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს სსკ-ს 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით უნდა გამოეტანა დასაბუთებელი და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამდენად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საპროცესო ნორმა და ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ უნდა გამოარკვიოს მოთხოვნის იურიდიული საფუძვლიანობა, წარმოდგენილი მტკიცებულებანი და ისე მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 თებერვლის განჩინება ამავე სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.