დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 10.05.2005
საქმის ნომერი
ას-122-463-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-122-463-05 10 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: მემკვიდრეებად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 3 აგვისტოს ლ. დ-მა და ა. გ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ჟ. გ-ის მიმართ სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადის გაგრძელებისა და უკანონოდ დაკავებული ბინიდან გამოსახლების შესახებ. მოგვიანებით მოპასუხედ საქმეში ჩაერთო ნოტარიუსი ლ. კ-ი, ხოლო ჟ. გ-ი _ მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გ. ტ-ის მემკვიდრეებად ცნობა და მათ სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. მოსარჩელეთა განმარტებით, გ. ტ-ი იყო ქ. თბილისში, ..... მდებარე ¹17 ბინის მესაკუთრე და მათი ნათესავი, რომელიც გარდაიცვალა 1998წ. 29 აპრილს და მათ გარდა სხვა მემკვიდრე არ დარჩენია. ამავე წლის 29 ივლისს მოსარჩელეებმა მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა სამკვიდრო მოწმობა ვერ მიიღეს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო მესამე პირმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, ლ. დ-ისა და ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოსარჩელეები ცნობილ იქნენ მემკვიდრეებად გ. ტ-ის დანაშთი ქონების, კერძოდ, ქ. თბილისში, ...... მდებარე ¹17 ბინის მესაკუთრეებად. ნოტარიუს ლ. კ-ს დაევალა შესაბამისი სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ჟ. გ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ნოემბრის განჩინებით ჟ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 364-ე მუხლით და განმარტა, რომ ჟ. გ-ი საქმეში ჩაბმულია მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, ამდენად, რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნია.

სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებაზე ჟ. გ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მიიჩნია, რომ ლ. დ-ი და ა. გ-ი არასწორად იქნენ ცნობილი გ. ტ-ის მემკვიდრეებად, ვინაიდან მამკვიდრებელს დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი, _ გ. გ-ი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლოს უნდა განეხილა მისი სააპელაციო საჩივარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლების გამო და საქმესთან ერთად განსახილველად გაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები, თვლის, რომ ჟ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2000წ. 3 აგვისტოს ლ. დ-მა და ა. გ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ჟ. გ-ის მიმართ სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადის გაგრძელებისა და უკანონოდ დაკავებული ბინიდან გამოსახლების შესახებ. მოგვიანებით მოპასუხედ საქმეში ჩაერთო ნოტარიუსი ლ. კ-ი, ხოლო ჟ. გ-ი _ მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გ. ტ-ის მემკვიდრეებად ცნობა და მათ სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. დ-ისა და ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც ჟ. გ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლო სააპელაციო პალატაში, რომელიც არის სააპელაციო სასამართლო.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 364-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ხსენებული ნორმის შესაბამისად ჟ. გ-ს, როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე საქმეში ჩაბმულ მესამე პირს, მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არ ჰქონდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ჟ. გ-ის სააპელაციო საჩიავრი სწორად დარჩა განუხილველი, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი კერძო საჩივრით დასაბუთებული არ არის, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 419-ე მუხლით და

დაადგინა:

ჟ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ნოემბრისა და 2005წ. 17 იანვრის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.