დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1250-1492-05 12 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. მ.-ის სასარჩელო განცხადება 2003წ. 27 აგვისტოს ¹31-5304 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლობის გამო. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. კ.-ის შეგებებული სარჩელი _ ლ. მ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა ¹73, იგი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა აღნიშნული ბინიდან და ბინა თავისუფალი სახით ჩაბარდა მის მესაკუთრეს _ ნ. კ.-ეს. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე ნ. კ.-ეს ეთქვა უარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ.-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 თებერვლის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 მარტის განჩინებით, ლ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 22 მარტის განჩინებაზე ლ. მ.-ის წარმომადგენელმა ე. ბ.-მა შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2005წ. 27 სექტემბრის განჩინებით ლ. მ.-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსკ-ის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ საკმაო დრო ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოსაცხადებლად და საქმისათვის მოსამზადებლად. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაბარდეს მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით. თუ ამ მისამართზე მოქალაქე ფაქტობრივად არ ცხოვრობს, უწყება შეიძლება გაიგზავნოს მისი სამუშაო ადგილის მიხედვით. სსკ-ის 76-ე მუხლით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 21 თებერვლის განჩინების ასლი აპელანტ ლ. მ.-ს არაერთხელ გაეგზავნა როგორც სააპელაციო საჩივარში, ასევე, სარჩელში მითითებულ მისამართებზე, თუმცა არ ჩაბარებია იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ არც ერთ მისამართზე ადრესატი არ ცხოვრობს. ზემოთ მითითებული 76-ე მუხლის საფუძველზე ასეთ შემთხვევაში უწყება (მოცემულ შემთხვევაში კი განჩინება) ჩაბარებულად ითვლება, ვინაიდან აპელანტი ვალდებული, იყო ეცნობებინა სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის თაობაზე.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. მ.-ის წარმომადგენელ ე. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.