დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 07.02.2006
საქმის ნომერი
ას-1370-1593-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.02.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1370-1593-05 7 თებერვალი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «... 1882-ის» მიმართ თანხის დაკისრების შესახებ იმ მოტივით, რომ ქარხანაში მუშაობის დროს დაეცა ბოთლის ნამსხვრევზე და მიიღო ტრავმა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 მარტის გადაწყვეტილებით ა. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზედაც ა.ბ-შვილმა შეიტანა საჩივარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 15 სექტემბრის განჩინებით ა.ბ-შვილის საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე ა.ბ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 ოქტომბრის განჩინებით ა. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმესთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა. ბ-შვილს ჩაბარდა 2005წ. 16 ივლისს, ხოლო საჩივრით მან სასამართლოს მიმართა 2005წ. 27 ივლისს, რითაც დაარღვია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ა. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყიფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა. ბ-შვილს ჩაჰბარდა 2005წ. 16 ივლისს, ხოლო საჩივარი მითითებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მხარემ შეიტანა ამავეწ. 27 ივლისს.

სსკ-ის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იხელმძღვანელა ზემოხსენებული ნორმებით და ა.ბ-შვილის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ათდღიანი ვადის გაშვების გამო, განუხილველად დატოვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები კერძო საჩივრით წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც ა. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

a. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 სექტემბრისა და 27 ოქტომბრის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.