გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 07.02.2006
საქმის ნომერი
ას-1396-1616-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.02.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1396-1616-05 7 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2004წ. 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს «დ. კ-იამ» სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «ე-ის» მიმართ მოპასუხისათვის 548191,8 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2004წ. 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: შპს «დ. კ-იამ» საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა საარბიტრაჟო სასამართლოს, რომლის 2004წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლომ დაარღვია «კერძო არბიტრაჟის შესახებ» კანონის მოთხოვნები, რაც ამ კანონის 43-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მხარეს 5 დღით ადრე არ აცნობა როგორც პირველი, ისე _ მეორე სხდომის თარიღი და არ გადაუგზავნა სათანადო საქმის მასალები. ამავე კანონის 24-ე მუხლის მოთხოვნათა მიუხედავად, სხდომა ჩაატარა ღიად, რის შესახებაც მხარეები არ შეთანხმებულან. სასამართლომ დაარღვია 31-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი განხილვის ვადა, რის შემდეგაც არბიტრაჟი უნდა გადამდგარიყო. «კერძო არბიტრაჟის შესახებ» კანონის 35-ე მუხლის დარღვევით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება საარბიტრაჟო შეთანხმებას არ შეიცავდა. სასამართლოს ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, არ უმსჯელია მხარეთა შორის საარბიტრაჟო ხარჯების განაწილების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2004წ. 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების ძალაში დატოვება.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «დ. კ-იას» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 თებერვლის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა, სსკ-ის 39-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. შპს «დ. კ-იის» დირექტორმა წარადგინა 30 ლარის ჩარიცხვის ქვითარი. ამავე სასამართლოს 2005წ. 10 ივნისის განჩინებით მხარეს განემარტა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 548191 ლარს, ამდენად, აპელანტს უნდა გადაეხადა 5000 ლარი. წარდგენილი 30 ლარი მხარეს ჩაეთვალა გადახდილად, ხოლო დარჩენილი 4070 ლარის გადახდის ვადა შპს «დ. კ-იას» ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით გაუგრძელდა. აპელანტმა კვლავ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მიუთითა, რომ განსახილველი საქმე წარმოადგენდა არაქონებრივ-სამართლებრივ დავას, ამდენად, მხარემ სახელმწიფო ბაჟი _ 30 ლარი სწორად გადაიხადა. სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოხსენებული არგუმენტის გაუზიარებლობის შემთხვევაში მხარემ მიუთითა თავის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე და მოითხოვა, სსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 აგვისტოს განჩინებით შპს «დ. კ-იის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 48-ე მუხლით და მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა სახელწმიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ უსაფუძვლოა, რადგან მხარეს თავისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე შპს «დ. კ-იის» წარმომადგენელმა გ. კ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, სსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან განაწილვადება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა შემდეგი საფუძვლებით: მხარის მოსაზრებით, განსახილველი საქმის დავის საგანი _ საარბიტრაჟოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, თავისთავად რაიმე ქონებრივი სარგებლის მიღების საფუძველს არ წარმოადგენდა, ამდენად, მოცემული საქმეზე, როგორც არაქონებრივ-სამართლებრივი დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 30 ლარის ოდენობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შპს «დ. კ-იის» შუამდგომლობა საზოგადოების მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახის გადავადების ან განაწილვადების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოპასუხის მიერ სადავო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საზოგადოებას რამოდენიმე ათასი ლარის ერთდროულად გადახდის საშუალება არ გააჩნდა, რის დამადასტურებლად, მხარემ წარადგინა სს «... ბანკის» 2005წ. 17 ოქტომბრის ¹02-4/2/480 ცნობა იმის შესახებ, რომ შპს «დ. კ-იას» მითითებულ ბანკში გახსნილი აქვს ¹... ეროვნული და ¹... უცხოური სავალუტო ანგარიშები, რომლებზეც 2003წ. 6 იანვრის შემდეგ ბრუნვა არ ყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ხელახლა განსახილველად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 48-ე მუხლზე და განმარტა, რომ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადავადებისას სასამართლო ითვალისწინებს მის ქონებრივ მდგომარეობას, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობა სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველად არ ჩათვალა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ შპს «დ. კ-იის» წარმომადგენელ გ.კ-ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 აგვისტოსა და 8 დეკემბრის განჩინებები და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 აგვისტოს განჩინებით შპს «დ. კ-იის» შუამდგომლობა სსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის _ 4070 ლარის გადახდის გადავადების ან განაწილვადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. შპს «დ. კ-იის» სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით, დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მასალებს.

სსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს ხარჯების ოდენობა. მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, განსახილველი საქმის ყოველი მხარის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუმსუბუქოს მას სასამართლო ხარჯების გადახდა, კერძოდ, გადაუვადოს ან გაუნაწილვადოს თანხის გადახდა, ასევე შეამციროს მისი ოდენობა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სასამართლო ეყრდნობა მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში შპს «დ. კ-იამ» კერძო საჩივარს დაურთო სს «... ბანკის» 2005წ. 17 ოქტომბრის ¹02-4/2/480 ცნობა იმის შესახებ, რომ შპს «დ. კ-იას» მითითებულ ბანკში გახსნილი აქვს ¹... ეროვნული და ¹... უცხოური სავალუტო ანგარიშები, რომლებზეც 2003წ. 6 იანვრის შემდეგ ბრუნვა არ ყოფილა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი ადასტურდებს შპს «დ. კ-იის» არგუმენტს საზოგადოებაში ფინანსური სირთულეების არსებობის შესახებ. ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, თითქოს აღნიშნული ცნობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს არ წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ განსახილველი საქმე არაქონებრივ-სამართლებრივი დავაა, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს 30 ლარით. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც ეხება სს «ე-ისათვის» თანხის დაკისრებას. სსკ-ის 41-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტი ადგენს ქონებრივ-სამართლებრივ დავებში, კერძოდ, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესს. აღნიშნულის თანახმად, ირკვევა, რომ სარჩელები თანხის ანაზღაურების შესახებ ცალსახად ქონებრივ-სამართლებრივ დავათა კატეგორიას განეკუთვნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 31 აგვისტოსა და 8 დეკემბრის განჩინებები უნდა გაუქმდეს, შპს «დ. კ-იის» კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «დ. კ-იის» კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 აგვისტოსა და 8 დეკემბრის განჩინებები და საქმე შპს «დ. კ-იის» სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.