გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-146-842-03 19 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე
დავის საგანი: კრედიტის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 30 აპრილს სს “ს. ს. ბ.” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “კ.” მიმართ აღებული კრედიტის დაბრუნების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998წ. 22 ივნისს სს “ს. ს. ბ.” და სს “კ.” შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ გადასცა მოპასუხეს 108000 ლარი, ექვსი თვის ვადით, ყოველთვიური 2%-ის დარიცხვით, სესხის დაბრუნების ვადის დარღვევის შემთხვევაში კი კრედიტის თანხაზე ყოველდღიური 0,3% საურავის დარიცხვით. ხოლო ინფლაციის შემთხვევაში საკურსო სხვაობის დარიცხვით.
სს “კ.” აღებული კრედიტი არ დააბრუნა, რის გამოც სს “ს. ს. ბ.” მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 350417 ლარის დაკისრება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივლისს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს “ს. ს. ბ.” სარჩელი დაკმაყოფილდა და სს “კ.” დაეკისრა 250373 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენ ნაწილში (100044 ლარი) სარჩელს ეთქვა უარი.
აღნიშნული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “კ.” დირექტორმა ა. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიო პალატის 2002წ. 5 სექტემბრის განჩინებით აპელანტს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, რომელიც მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო და მოითხოვა ბაჟისაგან გათავისუფლება ან მისი გადავადება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ოქტომბრის განჩინებით სს “კ.” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი არ არის სახელმწიფო ბაჟი, სასამართლო აპელანტს ავალებს ხარვეზის შევსებას. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, სს “კ.” არის იურიდიული პირი და სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იურიდიული პირის სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას.
სსკ-ს 48-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შეუძლია ბაჟის გადავადება, მაგრამ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ, რადგან საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება სს “კ.” მძიმე ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
სსკ-ს 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის ესა თუ ის პირობა არ არსებოს, სააპელაციო საჩივარი რჩება განუხილველი.
საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 ოქტომბრის განჩინებაზე სს “კ.” დირექტორმა ა. ბ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 1999წ. შემდეგ არც საბანკო ანგარიშზე და არც სალაროში სს “კ.” არ გააჩნია ფულადი სახრსრები.
სს “კ.” დირექტორის ა. ბ-ის განმარტებით თელავის რაიონული სასამართლოს 1999წ. 29 მარტის დადგენილების საფუძველზე განხორციელდა მთელი მათი ქონების დაყადაღება. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორი მოკლებულია საშუალებას გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
აღნიშნულიდან გამომდინარე ა. ბ-მა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის შემცირება და გადავადება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის განჩინებით სს “კ.” დირექტორის ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 39-ე მუხლის “ბ” პუნქტით, 368-ე მუხლით და არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბაჟი უნდა შემცირდეს და გადაევადოს. სსკ-ს 48-ე მუხლით სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მხარეს გადაუდოს ან შეუმციროს ხარჯების ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, სს “კარდენახის” ქონებრივი მდგომარეობის და 1999წ. ქონების დაყადაღების ამსახველი დოკუმენტებიდან არ ჩანს მისი დღევანდელი ქონებრივი მდგომარეობა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 48-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლოს ხარჯების გადახდა, ანდა შეუმციროს ხარჯების ოდენობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ოქტომბრის განჩინების გამოტანამდე აპელანტმა სასამართლოს თხოვნით მიმართა გამოეყენებინა მითითებული საპროცესო ნორმა და გადაედო სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ, რადგან საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა რაიმე დოკუმენტი აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე, არ გაიზიარა აპელანტის თხოვნა და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს წარუდგინა მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მტკიცებულებანი, უნდა დაკმაყოფილდეს კერძო საჩივარი და გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება.
საქმეზე წარმოდგენილი საბუთებით ირკვევა, რომ სს “კარდენახის” ძირითად და საბრუნავ საშუალებებზე დადებულია ყადაღა. ასეთ შემთხვევაში სსკ-ს 48-ე მუხლის საფუძველზე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა უნდა გადაუვადდეს საქმის საბოლოო განხილვამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “კ.” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განჩინება. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.