დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-147-572-06 21 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ჭ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ა- 2000-ის“ მიმართ და მოითხოვა მისთვის თანხის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მსუბუქი ავტომობილების ავტოსატრანსპორტო საწარმოსა და შპს „მ-ას“ შორის 1996წ. 25 მარტს დაიდო ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით, შპს „მ-ას“ უნდა ესარგებლა ავტოსაწარმოს ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობებით მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვარგარეთიდან შემოსული ავტოტრანსპორტის სადღეღამისო სადგომის მოსაწყობად, ასევე მძღოლებისა და მათი თანხმლები პირების მომსახურებისათვის. შენობა-ნაგებობების შეკეთებას ორივე მხარე აწარმოებდა ერთობლივი ფინანსებით.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ შპს „მ-ის“ მიერ 1996, 1997, 1998 წლებში ქ.თბილისში, ... მდებარე ავტოსატრანსპორტო საწარმოში ჩატარებულმა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 93095 აშშ დოლარი, რაც იმდროინდელი ეროვნული ვალუტის კურსით შეადგენს 119353 ლარს, რასაც ასევე ადასტურებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 6 მარტის წერილი.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ავტოსაწარმოს სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შპს „ა-2000“.
2001წ. 8 აგვისტოს შპს „მ-ის“ დირექტორ შ. დ-ძესა და გ. ჭ-ძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლითაც შპს „მ-ამ“ გ. ჭ-ძეს გადასცა შპს „ა- 2000-ის“ დავალიანების _ 93095 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ა- 2000-ს“ დაეკისრა 93095 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გ. ჭ-ძის სასარგებლოდ.
მოცემული საქმე არაერთხელ განიხილეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა და ბოლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 მაისის განჩინებით, შპს «ა-2000-ის» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინება და შპს „ა- 2000-ის“ სააპელაციო საჩივარი დასაშვებად ცნობის თაობაზე დაუბრუნდა იმავე პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ოქტომბრის განჩინებით გ გ.ჭ-ძის წარმომადგენელ დ.ს-შვილის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. შპს «ა--2000-ის» სააპელაციო საჩივარი ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე ცნობილ იქნა დასაშვებად.
გ. ჭ-ძემ 2006წ. 20 იანვარს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ არსებობს ქონების გასხვისების საშიშროება, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
მოსარჩელე გ. ჭ-ძემ მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. ¹2-ში მდებარე შპს «ა--2000-ის“ ქონებას დაედოს ყადაღა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 20 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ჭ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ განჩინებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:
სსკ-ის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდსა თუ ფულად სახსრებზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. გ. ჭ-ძე ითხოვს ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹2-ში მდებარე უძრავი ქონების დაყადაღებას. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენს შპს „ა- 2000-ის“ საკუთრებას. მოსარჩელეს არ წარუდგენია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც დაადასტურებდა ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹2-ში მდებარე ქონებაზეშპს „ა- 2000-ის“ საკუთრების უფლებას. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 20 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ჭ-ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ დაუსაბუთებელია და უკანონო, რადგან საქმეში მრავლადაა წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ... მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნის შპს „ა--2000-ს».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 6 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ჭ-ძის კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შემოწმებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 20 იანვრის განჩინებით გ. ჭ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე. 2006წ. 8 თებერვალს გ. ჭ-ძემ კერძო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე. რაც შეეხება გ. ჭ-ძის საჩივარს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, აღნიშნული საქმეში არ მოიპოვება.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მას არ შეუტანია სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე, საფუძველს მოკლებულია.
საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნული მოსაზრება, რადგან გ. ჭ-ძემ მოითხოვა, ყადაღა დაედოს ქ. თბილისში, ... მდებარე უძრავ ქონებას, რომელიც, მისი მითითებით, წარმოადგენს შპს „ა- 2000-ის“ საკუთრებას. სსკ-ის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება კი დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რაც გ. ჭ-ძის განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თან არ ერთვის და არც საქმის მასალებში მოიპოვება, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე უძრავი ქონება ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე შპს „ა- 2000-ის“ საკუთრებას.
ამასთან, სსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გაართულებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ანუ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი უნდა იყოს გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულების უზრუნველყოფა. ამგვარ გარემოებებზე მითითებისა და მათი მტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს. მოცემულ შემთხვევაში კი გ. ჭ-ძეს მითითებული არ აქვს, თუ რატომ გაძნელდება ან გახდება შეუძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება. იგი მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს, რომ „არსებობს საშიშროება ქონების გასხვისებისა“, მაგრამ კონკრეტულად რაში გამოიხატება „ქონების გასხვისების საშიშროება“, გაურკვეველია.
ამდენად, გ. ჭ-ძის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაუსაბუთებელია და, გამომდინარე აღნიშნულიდან, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ჭ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 20 იანვრისა და 6 მარტის განჩინებები;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება