დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.09.2003
საქმის ნომერი
ას-151-847-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-151-847-03 12 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 7 მაისს კ. გ.-მ კომერციულ ბანკ “რ.-თან” გააფორმა სესხის ხელშეკრულება 180 აშშ დოლარზე და ვალდებულების უზრუნველსაყოფად დააგირავა ოქროს ნივთები: ცალი რგოლი (ბაჯაღლო) ბანკის მიერ შეფასებული 113,4 აშშ დოლარად, ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი და საათი სამაჯურით – 66,4 აშშ დოლარად. გ.-ეს ყოველთვიური სარგებლის სახით უნდა გადაეხადა სესხის 4%, რასაც ასრულებდა 2002წ. აპრილის თვემდე. 2002წ. 29 მაისს ბანკში მისვლისას, სარგებლისა და საურავის გადასახდელად, გ.-ს განუცხადეს, რომ ნივთები უკვე რეალიზებული იყო. 2002წ. 10 ივნისს კ. გ.-მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით და სს კბ “რ.-ისაგან” მოითხოვა დაგირავებული ნივთების ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში იმგვარივე ნივთების უკან დაბრუნება, რადგან მისი განცხადებით, ნივთები უკანონოდ იყო რეალიზებული.

2002წ. 25 ივნისს სს კბ “რ.-მ” ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა შესაგებელი გ.-ის სასარჩელო განცხადებაზე და მოითხოვა გ.-ის მიერ ბანკის მიმართ არსებული დავალიანების, 229 აშშ დოლარის გადახდა.

2002წ. 23 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კ. გ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. კ. გ.-მ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. გადაწყვეტილება ასევე სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს კბ “რ.-ის” გამგეობის თავმჯდომარემ.

2003წ. 7 აპრილს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიღო განჩინება რომლითაც გ.-ისა და კომერციული ბანკი “რ.-ის” სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად, ვინაიდან არც ერთი სარჩელის ფასი არ შეესაბამებოდა სსკ-ს 365-ე მუხლის მოთხოვნას.

2003წ. 7 მაისს კ. გ.-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა 2003წ. 7 აპრილის განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დაშვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ კ. გ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 365-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს. აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს). ვინაიდან კ. გ.-ე მოითხოვდა მის მიერ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაგირავებული ნივთების უკან დაბრუნებას, დავის ფასს წარმოადგენს ამ ნივთების ღირებულება. ხოლო აღნიშნული ნივთები 2001წ. შვიდ მაისს გაფორმებული “დაგირავების მიზნით წარმოდგენილი ძვირფასი ნივთების შეფასებისა და მიღება-ჩაბარების” ¹9875-ე აქტით შეფასებულია 180,0 აშშ დოლარად რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 407 ლარს, ასევე, მხარეთა შორის არსებულ საკრედიტო-საგირავნო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ბანკი და მსესხებელი თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ შეფასების აქტში წარმოდგენილი ძვირფასი ნივთების ღირებულება შეადგენს 180 აშშ დოლარს.

დადგენილებითი ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.