დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-164-477-05 31 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა სამუშაოზე აღდგენისა და ერთი თვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ბ-ისა და სხვათა სარჩელი შპს „ბ-სთან“, ამავე ქარხნის 2003წ. 12 დეკემბრის ბრძანების „საწარმოს საშტატო განრიგში ცვლილებების შესახებ, შრომის პირობების მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ და მასზე თანდართული ¹2 დანართის ბათილად ცნობის, წინანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და არასწორი გადაყვანით გამოწვეული ხელფასის სხვაობის ანაზღაურების შესახებ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა წარმომადგენლის განცხადება და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება წინანდელ სამუშაოზე აღდგენისა და ერთი თვის ხელფასის, სხვა სამუშაოზე გადაყვანამდე არსებული ოდენობით ანაზღაურების ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
შპს „ბ-ამ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა 2004წ. 28 დეკემბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მუშა-მოსამსახურეები დათხოვნის ნაცვლად გადაყვანილ იქნენ სხვა სამუშაოზე შრომის ანაზღაურების შენარჩუნებით, მათივე თანხმობით. საწარმოში არ არსებობს ის საშტატო ერთეულები, რომელზეც უნდა მოხდეს მოსარჩელეთა აღდგენა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 იანვრის განჩინებით შპს „ბ-ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეტანილ იქნა ცვლილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 დეკემბრის განჩინებაში. მოსარჩელებს უარი ეთქვათ სამუშაოზე აღდგენის დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში განჩინება დატოვებულ იქნა უცვლელად.
მოსარჩელეების წარმომადგენელმა თ. შ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 5 იანვრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და მათი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით დამხმარე მუშათა კატეგორიაში მოსარჩელეთა გადაყვანის დღიდან მოპასუხე აცხადებდა, რომ ეს იყო დროებითი ღონისძიება, ამჟამად კი ცდილობს მათ მოშორებას; ფაქტობრივად არსებობს საშუალება ქარხნის სრული დატვირთვით ასამოქმედებლად თუ კი მოპასუხის მიერ კვლავ იქნება გამოვლენილი კეთილი ნება და რეალურად მიიღებს ზომებს რეალიზაციისათვის და ქარხანას დაუბრუნებენ იმ საშუალებებს, რაც დროებით სხვაზეა გადაცემული.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 25 იანვრის განჩინებით მოსარჩელეების ი. ბ-ის, გ. ბ-ის, გ. გ-ის, მ. გ-ის და სხვათა წარმომადგენელს თ. შ-ას უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. პალატამ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი არ არის დასაშვები და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივრები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ თ. შ-ას კერძო საჩივრი დაუშვებელია, ხოლო შპს “ბ-ის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კერძო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებაზე, რომლითაც გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სასამართლოს განჩინება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ კერძო საჩივრით არ გასაჩივრდება.
სსკ-ის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის და 404-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოსარჩელეთა კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
პალატა თვლის, რომ შპს „ბ-ის“ კერძო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 28 დეკემბრის განჩინების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა მოსარჩელეთა მოთხოვნა ერთი თვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, მასში არ არის მითითებული, რატომ მიაჩნია საჩივრის ავტორს დაუსაბუთებლად და უკანონოდ მოსარჩელესათვის ერთი თვის ხელფასის დაუყოვნებლივ ანაზღაურება და რა შესაძლო მატერიალურ ზიანს გამოიწვევს ამ ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ შპს „ბ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების ი. ბ-ის, გ. ბ-ის, გ. გ-ის, მ. გ-ის და სხვათა წარმომადგენლის თ. შ-ას კერძო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ბ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოსარჩელეების ი. ბ-ის, გ. ბ-ის, გ. გ-ის, მ. გ-ის და სხვათა წარმომადგენლის თ. შ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.