დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 27.11.2003
საქმის ნომერი
ას-176-870-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.11.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-176-870-03 27 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. გ-ემ 2001წ. მაისში სარჩელი შეიტანა სასამართლოში ნ. და ზ. შ-ების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ, იმ საფუძვლით რომ მოპასუხეების თანხმობით 6000 აშშ დოლარის ვალის დაფარვის უზრუნველსაყოფად საკუთრების უფლებით გაიფორმა ქ.ბათუმში ... მდებარე მოპასუხეების კუთვნილი ბინა. ნ. შ-ემ შეგებებული სარჩელით ბინის გასხვისებაზე მის მიერ გაცემული თანხმობის გაუქმება და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ თანხმობა მისცა იძულებით, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. შ-ეს შეგებებულ სარჩელზე ეთქვა უარი.

ზ. და ნ. შ-ებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმოებაში არ იყო მიღებული შეგებებული სარჩელი; სასამართლო სხდომაზე მხარედ არ ყოფილა მიწვეული ნოტარიუსი ვ.ნ-ე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 9 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა.გ-ის საკასაციო საჩივარი. გაუქმდა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

პალატამ გაიზიარა კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ შეგებებული სარჩელი მიღებული იყო განსახილველად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 10 ოქტომბრის განჩინებით; ნოტარიუსი ვ.ნ-ე დავის შინაარსიდან გამომდინარე არ შეიძლებოდა ყოფილიყო მხარე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მარტის განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ზ. შარაშიძის მიერ შეტანილი სარჩელის გადაწყვეტამდე.

ა. გ-ის წარმომადგენელმა ჟ. ლ-ემ კერძო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მარტის განჩინების გაუქმება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქმის მასალებთან ერთად კერძო საჩივარი გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 279-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

ზ. შ-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილი აქვს სარჩელი 1999წ. 25 მარტს გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობის შესახებ. ამ მინდობილობის საფუძველზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ბათილად ცნობასაც შეგებებული სარჩელით მოითხოვდა ნ. შ-ე.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მინდობილობის ბათილად ცნობის თაობაზე დავის გადაწყვეტამდე შეუძლებელია ნ. და ზ. შ-ების სააპელაციო საჩივრის განხილვა.

საკასაციო პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს აღნიშნულ მოსაზრებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. გ-ის წარმომადგენლის ჟ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.