დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-178-602-06 29 მაისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. დ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. ჩ-შვილის მიმართ თანხის ანაზრაურების შესახებ შემდეგი საფუძვლით: გ. დ-შვლმა და მისმა მეუღლე ნ. დ-შვილმა სავაჭრო საქმიანობისას 2003წ. აპრილში მოპასუხეს შესანახად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მიაბარეს ნივთები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მიბარებულ საქონელს აკლდა 2020 აშშ დოლარის ღირებულების ნივთები. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მიბარების პირობების დარღვევის გამო, ჟ.ჩ-შვილს აღნიშნული თანხა მისთვის უნდა აენაზღაურებინა.
საქმის განხილვის პროცესში თანამოსარჩელედ ჩაერთო ნ. დ-შვილი. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. და გ. დ-შვილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რაც ჟ.ჩ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, გ. დ-შვილის გამოუცხადებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, გ. დ-შვილს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2006წ. 4 იანვარს. ამავეწ. 17 იანვარს მან საჩივრით მიმართა სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 26 იანვრის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველი სსკ-ის 237-ე მუხლით გათვალისწინებული საჩივრის შეტანის ათდღიანი ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ.დ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საჩივრის განხილვა იმ საფუძვლით, რომ მან სადავო საჩივარი სასამართლოში კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით _ 2006წ. 12 იანვარს შეიტანა და პალატის მითითება მის მიერ აღნიშნული ვადის დარღვევის შესახებ უსაფუძვლოა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 2 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჟ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნ. და გ. დ-შვილების მიმართ დაკმაყოფილდა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, გ. დ-შვილს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2006წ. 4 იანვარს, საჩივარი კი შეიტანა ამავეწ. 17 იანვარს.
სსკ-ის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
უსაფუძვლოა გ.დ-შვილის განმარტება, რომ მან საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილ ვადაში _ 2006წ. 12 იანვარს, ვინაიდან საქმის მასალებით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გ. დ-შვილის საჩივრის დაუშვებლობის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი მართებულად დარჩა განუხილველი.
ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, გ.დ-შვილის კერძო საჩივარი კი უსაფუძვლოა და სწორად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. დ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 26 იანვრისა და 2 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.