გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 17.04.2006
საქმის ნომერი
ას-186-608-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-186-608-06 17 აპრილი, 2006 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ფ. ბ-ოვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს «მ. ს-ს» დირექტორი გ. შ-ოვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა

დავის საგანი _ საიჯარო მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «მ. ს-ს» დირექტორის გ. შ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ფ. ბ-ოვის უკანონო ფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მარნეულის რაიონის სოფ. ...ში მდებარე 20 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც გადაეცა შპს «მ. ს-ს» დირექტორ გ. შ-ოვს. ამავე სასამართლოს 2005 წლის 24 ივნისის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ფ. ბ-ოვმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ფ. ბ-ოვის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე აპელანტმა ფ. ბ-ოვმა შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ფ. ბ-ოვს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 იანვრის განჩინებით ფ. ბ-ოვის კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ვინაიდან მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის შედეგად თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 იანვრის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ფ. ბ-ოვს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. აღნიშნული განჩინების ასლი ფ. ბ-ოვს პირადად ჩაბარდა 2006 წლის 16 იანვარს (ს.ფ. 109). ამდენად, ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2006 წლის 17 იანვარს და ამოიწურა 26 იანვარს.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ფ. ბ-ოვის კერძო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია 2006 წლის 23 იანვრის განჩინებით, ანუ 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლამდე 3 დღით ადრე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გასვლამდე 3 დღით ადრე სააპელაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევამ აპელანტს, ფაქტობრივად, წაართვა შესაძლებლობა, განეხორციელებინა თავისი საპროცესო უფლება _ საპროცესო ვადის განმავლობაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი და თავიდან აეცილებინა კერძო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 იანვრის განჩინება დაუსაბუთებელია, რის გამოც საქმე კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემული საქმე კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.