გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-194-616-06 24 აპრილი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: ქონების მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. მ-ძემ სარჩელი აღძრა ნ. ე-შვილის მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილ ვ. ე-შვილთან თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების მესაკუთრედ ცნობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005წ. 29 სექტემბრის დაუსწებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც ნ. ე-შვილმა შეიტანა საჩივარი.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 ნოემბრის განჩინებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა.
ზემოხსენებულ განჩინებაზე მ. მ-ძემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განალების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესს არ ადგენს. მხარეებს განემარტათ, რომ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მ. მ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატას საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად უნდა გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005წ. 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც ნ. ე-შვილმა შეიტანა საჩივარი.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 ნოემბრის განჩინებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა.
ზემოხსენებულ განჩინება მ. მ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესს არ ადგენს. მხარეებს განემარტათ, რომ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე მ. მ-ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი თავისი შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს.
სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ზემდგომ სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს ხუთი დღის განმავლობაში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მ.მ-ძის კერძო საჩივარის საფუძვლიანობაზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული კერძო საჩივარი სსკ-ის 417-ე და 419-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ განუხილავს.
ყოველივე ზემოხსნებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად უნდა გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 417-ე და 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ძის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.