დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-441-832-06 6 ნოემბერი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: ქორწინების ბათილობა, ბინიდან ამოწერა, მემკვიდრედ ცნობა, ბინიდან გამოსახლება, გვარის ჩამორთმევა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. კ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. კ-შვილისა და სიღნაღის რაიონის სოფ. ... საკრებულოს მიმართ ქორწინების ბათილობის, ბინიდან ამოწერის, მემკვიდრედ ცნობის, ბინიდან გამოსახლებისა და გვარის ჩამორთმევის შესახებ შემდეგ გარემოებათაAგამო: მ. კ-შვილის დედის გარდაცვალების შემდეგ მამამისი _ ი. კ-შვილი ცხოვრობდა მოპასუხე ე. ჩ-შვილთან, თუმცა მათი ქორწინება კანონიერი არ ყოფილა, ვინაიდან მოპასუხე თავის პირველ მეუღლესთან არ განქორწინებულა. ამასთან, ე.კ-შვილი იმთავითვე მიზნად ისახავდა ი. კ-შვილის ქონების დაპატრონებას, რის გამოც მან გერი არ მიიღო, მამის გარდაცვალების შესახებ მოსარჩელისათვის არ შეუტყობინებია და ი. კ-შვილის დანაშთი ქონება მთლიანად მიითვისა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ი. და ე. კ-შვილებს შორის 2003წ. 8 დეკემბერს სოფ ... საკრებულოში რეგისტრირებული ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი და სიღნაღის რაიონის სარო-ს დაევალა ქორწინების ჩანაწერის ¹0001605 აქტისა და მოწმობის გაუქმება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ე. კ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2006წ. 17 მარტს, რის შესახებ ეცნობათ მხარეებს.
2006წ. 17 მარტს მ. კ-შვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება იმ მოტივით, რომ მის წარმომადგენელ ნ. ხ-შვილს სასამართლოს უწყება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია, იგი მონაწილეობს სხვა საქმის განხილვაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, რის გამოც სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს პროცესზე ვერ გამოცხადდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 17 მარტის განჩინებით ე. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველი. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 372-ე მუხლითა და 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. კ-შვილის წარმომადგენელმა თ. ტ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სსკ-ის 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით, ვინაიდან 2006წ. 17 მარტის მ. კ-შვილის განცხადების თანახმად, მის წარმომადგენელ ნ.ხ-შვილს სასამართლო უწყება კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია, რის გამოც იგი სხდომაზე ვერ გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია თ.ტ-შვილისათვის მოწინააღმდეგე მხარისაგან გახდა ცნობილი, რის შემდეგ აპელანტმა სასამართლოს სხდომაზე თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სააპელაციო პალატას აღარ აცნობა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს პროცესზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა, ვინაიდან 2006წ. 16-17 მარტს ჰქონდა მწვავე რესპირატორული დაავადება. კერძო საჩივარს დაერთო თ.ტ-შვილის ავადმყოფობის დამადასტურებელი შესაბამისი სამედიცინო ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 13 ივლისის განჩინებით ე. კ-შვილის წარმომადგენელ თ. ტ-შვილის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშველად, ვინაიდან ე.კ-შვილის მიერ თ.ტ-შვილის სახელზე გაცემულ რწმუნებულებას კერძო საჩივრის შეტანის მომენტისათვის ვადა გასული ჰქონდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ თ.ტ-შვილი სსკ-ის 414-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ კერძო საჩივრის შეტანაზე არაუფლებამოსილ პირად მიიჩნია და საქმე კერძო საჩივართან ერთად განსახილველად გაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 20 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ე. კ-შვილის მიერ თ. ტ-შვილის სახელზე გაცემული კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის წარმოდგენა. მხარემ მითითებული ხარვეზი გამოასწორა, რის შედეგად საკასაციო პალატის 2006წ. 20 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-შვილის წარმომადგენელ თ. ტ-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოში ე. კ-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006წ. 17 მარტს, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ, თუმცა სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეს ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 17 მარტის განჩინებით ე. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადდება. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო სარჩელს განუხილველად დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ მხარეები სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ და ამავე მიზეზით არ აცნობეს სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეებს სასამართლო სხდომის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობათ, თუმცა ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თ.ტ-შვილის მითითებას, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან იგი სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით _ ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა, აღნიშნულის შესახებ კი სასამართლოს არ აცნობა, რადგან იმედოვნებდა, რომ საქმის განხილვა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდებოდა. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მხარეს აკისრებს ვალდებულებას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ ან მიუთითოს ისეთ გარემოებაზე, რომლის გამოც აღნიშნული შეუძლებელი გახდა. განსახილველ შემთხვევაში როგორც თ. ტ-შვილმა, ისე, მისმა მარწმუნებელმა ე. კ-შვილმა კანონით დადგენილი აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულეს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თ.ტ-შვილის მითითებას, რომ იგი სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით _ თავისი ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა, ვინაიდან კერძო საჩივარზე თანდართულ სამედიცინო ცნობით მხარის ისეთი დაავადების არსებობა, რომელიც სასამართლოში მის გამოუცხადებლობასა და სასამართლოსათვის თავისი გამოუცხადებლობის მიზეზის შეტყობინებას შეუძლებელს გახდიდა, არ დასტურდება. ამასთან, სადავო სხდომაზე ე. კ-შვილის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის მიზეზი მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს, ხოლო ე. კ-შვილის წარმომადგენელ თ. ტ-შვილის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. კ-შვილის წარმომადგენელ თ. ტ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 17 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.