დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-444-835-06 28 დეკემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. დ-შვილმა სასარჩელო განცხადება შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვ. ა-იანის წინააღმდეგ ავტოფარეხის გადაცემის შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, მან ვ. ა-იანისაგან იყიდა საცხოვრებელი ბინა. ბინასთან ერთად მოპასუხეს უნდა გადაეცა ავტოფარეხიც, თუმცა ბინის გადაფორმების შემდეგ ვ. ა-იანმა მას არ მისცა ავტოფარეხის გასაღები. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ ბინის შეძენამდე ვ. ა-იანმა მას უთხრა‚ რომ ბინას ყიდდა ტელეფონთან, სათავსსა და ავტოფარეხთან ერთად, ასევე‚ მას არ ერიცხებოდა კომუნალური გადასახადის დავალიანება. შემდეგში აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ერიცხებოდა კომუნალური გადასახადის დავალიანება 500 ლარამდე. ამის გამო, მან ბინის საფასური 300 აშშ დოლარით ნაკლები გადაიხადა. ამან გაანაწყენა ვ. ა-იანი და ამის გამო არ აძლევს ავტოფარეხით სარგებლობის საშუალებას. მოსარჩელემ მოითხოვა ავტოფარეხის მისთვის გადაცემა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. დ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. ვ. ა-იანს ჩამოერთვა მის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხი და და გადაეცა ც. დ-შვილს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. ა-იანმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 9 ივნისის განჩინებით დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ც. დ-შვილმა. მან მიუთითა, რომ სასამართლომ თავისი ინიციატივით დანიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და მხარეებს შორის გაანაწილა ექსპერტიზის ხარჯების გადახდა. ვინაიდან ის იმყოფება მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში‚ კერძო საჩივრით მოითხოვა ექსპერტიზის ხარჯებისგან გათავისუფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 6 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და შემდგომი განხილვის მიზნით გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოტანილ სასამართლო განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ შეიძლება და ის სააპელაციო წესით სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად უნდა გასაჩივრდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ც. დ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 414-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სსკ-ის 377-ე მუხლის მიხედვით ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილებას და რომელზედაც არ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 9 ივნისის განჩინება ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით უნდა გასაჩივდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად და არა კერძო საჩივრით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ც. დ-შვილის კერძო საჩივარი დაუშვებელია და სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია კერძო საჩივარი დაუშვებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. დ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.