დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-454-844-06 28 დეკემბერი, 2006 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. შ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. და რ. შ-შვილები (მოსარჩელეები)
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. და რ. შ-შვილებმა სარჩელი აღძრეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ლ. შ-შვილის, სამტრედიის სანოტარო ბიუროსა და მესამე პირის მ. თ-ძეს წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ზ. ს-შვილი, რომელიც გარდაიცვალა 2002 წელს არის მათი მამა. გარდაცვლილის სახელზე ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. ზ. ს-შვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. შ-შვილთან. მამის გარდაცვალების შემდეგ მათ მიმართეს სამტრედიის რაიონის სანოტარო ბიუროს ზ. ს-შვილის მემკვიდრედ ცნობისა და სამემკვიდრეო ქონებიდან წილის გამოყოფის შესახებ. ასევე სამტრედიის რაიონულ სასამართლოში შეიტანეს განცხადება სადავო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ქონებაზე ლ. შ-შვალმა ნასყიდობის ხელშეკრულება დადო მ. თ-ძესთან. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ისინი არიან გარდაცვლილის კანონისმიერი მემკვიდრეები და ლ. შ-შვილს უფლება არ ჰქონდა გაეყიდა სადავო ქონება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ლ. შ-შვილმა. 2005 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. და რ. შ-შვილების სარჩელი დაკმაყოფილდა. ისინი ცნობილ იქნენ ზ. ს-შვილის კანონისმიერ მემკვიდრეებად; გაუქმდა ლ. შ-შვილისა და მ. თ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; გაუქმდა სარეგისტრაციო წიგნის ჩანაწერი სადავო ქონებაზე ლ. შ-შვილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. შ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის განჩინებით ლ. შ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება ლ. შ-შვილს გაეგზავნა ფოსტით. მისამართის შეცვლის გამო მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ მოხერხდა. ვინაიდან მას არ უცნობებია სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის შესახებ, გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება. ლ. შ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, განუხილველად დატოვა.
აღნიშნულ განჩინებაზე ლ. შ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მას მისამართი არ შეუცვლია. აღნიშნული გადაწყვეტილება მას არ ჩაბარებია და სასამართლომ არასწორად მიუთითა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევაზე.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდგომი განხილვის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება ლ. შ-შვილს გაეგზავნა 2005 წლის 6 დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან ლ. შ-შვილი სხვა მისამართზე იყო გადასული, აღნიშნული გადაწყვეტილება მას არ ჩაბარებია. ლ. შ-შვილმა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 18 აპრილს.
ლ. შ-შვილმა 2006 წლის 14 მარტს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2005 წლის 29 ნოებრის გადაწვეტილების ასლის ჩაბარება. მან მიუთითა, რომ, ვინაიდან შეიცვალა მისამართი, სასამართლოს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილება მას არ ჩაბარებია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ლ. შ-შვილს გადაწყვეტილების ასლი გაუგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, კერძოდ, ქ. სამტრედია, ... .¹7-ში. იგი სააპელაციო საჩივარშიც იმავე მისამართს უთითებს. ლ. შ-შვილი ამ მისამართს უთითებს განცხადებაშიც, თუმცა ამავე განცხადებაში ის პირდაპირ აღნიშნავს, რომ მან შეიცვალა აღნიშნული მისამართი, რის გამოც სასამართლოს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილება ვერ ჩაჰბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართს შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. შ-შვილს გადაწყვეტილება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ და სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე და აღნიშნული გადაწყვეტილება მას არ ჩაბარდა იმის გამო, რომ მან არ აცნობა სასამართლოს მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის) შეცვლის თაობაზე. აღნიშულიდან გამომდინარე, სასამართლომ სრულიად საფუძვლიანად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად. სასამართლომ მას განჩინება გაუგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-74 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მისამართის შეცვლის დროს მხარემ უნდა შეატყობინოს მისამართის შეცვლის თაობაზე.
გარდა ამისა, 2005 წლის 29 ნოემბრის გადაწვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ ლ. შ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს 2006 წლის 14 მარტს. მან იმავე დღეს ჩაიბარა აღნიშნული გადაწყვეტილება. ლ. შ-შვილის მიერ კი სააპელაციო საჩივარი შეტანლია 2006 წლის 18 აპრილს. ე.ი. კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. შ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.