დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 24.10.2003
საქმის ნომერი
ას-459-1092-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-459-1092-03 24 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 20 მარტს ლ. ნ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. ბ-ის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ნ. ბ-მა ისესხა მისგან 6600 აშშ დოლარი 4 თვის ვადით, თვეში 2%-ის დარიცხვით, ხოლო ლ. ნ-ას სასარგებლოდ სესხის უზრუნველსაყოფად მოპასუხემ იპოთეკით დატვირთვა ქ. თბილისში, ... მდებარე მის საკუთრებაში არსებული ბინა. დათქმულ დროში ნ. ბ-მა ვალი არ დააბრუნა, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეზე სულ 7120 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 4 ივნისს მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა, რაც 2002წ. 26 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა.

2002წ. 5 აგვისტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 აგვისტოს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება ამავე სასამართლოსათვის განსახილველად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ნოემბრის განჩინებით ხარვეზის შევსების შესახებ ნ. ბ-ს მიეცა 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის 427 ლარის გადასახდელად.

2002წ. 21 ნოემბერს აპელანტმა შეიტანა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, რის გამოც საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მისი დაუშვებლობის გამო. აღნიშნულ განჩინებაზე მან შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 ნოემბრის განჩინება სახელმწიფო ბაჟის 427 ლარის გადახდის შესახებ მას არ ჩაბარებია. იმ პერიოდში იგი იმყოფებოდა რაიონში და აღნიშნული განჩინება არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიბარა მისმა მეუღლემ. ამის შესახებ კერძო საჩივრის ავტორმა შეიტყო 2003წ. 6 მაისს, როდესაც მან მიიღო ამავე სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განჩინება.

აღნიშნულიდან გამომდინარე ნ. ბ-მა მოითხოვა საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სასამართლოს მიერ მისთვის ვადის მიცემა ზემოაღნიშნული ხარვეზის შესავსებად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივლისის განჩინებით ნ. ბ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიჩნია, რომ 2002წ. 25 ნოემბრის განჩინება ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, მეუღლეს, გ. კ-ეს _ 2003წ. 18 იანვარს აღნიშნული განჩინება ჩაბარდა ნ. ბ-ს სსკ-ს 74-ე და 369-ე მუხლების ნორმების დაცვით.

სსკ-ს 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. მოცემულ შემთხვევაში ნ. ბ-მა კერძო საჩივარი საოლქო სასმართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განჩინებაზე შეიტანა 2003წ. 16 მაისს. კერძო საჩივრის შეტანის ვადა კი ამოიწურა 2003წ. 30 იანვარს.

აღნიშნულიდან გაომდინარე, ნ. ბ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ უწყების მიმტანმა პირმა მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ადგილზე, უწყება უნდა ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს და იგი ჩაბარებულად ითვლება.

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განჩინება ნ.ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, მეუღლეს, გ. კ-ეს _ 2003წ. 18 იანვარს.

სსკ-ს 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში ნ. ბ-მა კერძო საჩივარი საჩივარი შეიტანა 2003წ. 16 მაისს, კერძო საჩივრის შეტანის ვადა კი 2003წ. 30 იანვარს ამოიწურა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ნ.ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ბ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.