დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-493-878-06 16 ნოემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. კ-იამ სარჩელი აღძრა ლ. ფ-იას მიმართ მინდობილობის ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, 2004წ. 2 მარტს ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი ბინის აუქციონზე გასაყიდად მიქცევის შესახებ. დოკუმენტების გამოთხოვის შედეგად გაირკვა, რომ თურმე მან თავის მამიდაშვილის შვილს, ლ. ფ-იას, მიანდო ბინის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის უფლება, რაც, მოსარჩელის განმარტებით, სინამდვილეს არ შეეფერება. აღნიშნული ყალბი მინდობილობის საფუძველზე ლ. ფ-იამ მესამე პირთან – ნ. კ-შვილთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც გახდა ხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სანოტარო აქტი საცხოვრებელი ბინის მინდობილობით გასხვისების უფლებით.
2006წ. 28 აპრილს მესამე პირმა ნ. კ-შვილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 12 მაისის განჩინებით ნ. კურპეიშვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 364-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი შეიტანა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულმა მესამე პირმა, რაც, სააპელაციო პალატის აზრით, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 12 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. კურპეიშვილმა და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც დაირღვა მისი უფლებები.
ნ.კ-შვილის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 364-ე მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთაც აქვთ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. ესენი არიან მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ა. კ-იამ თავის სასარჩელო განცხადებაში მოპასუხედ მიუთითა ლ. ფ-ია, ხოლო მესამე პირად _ ნ. კ-შვილი, ე.ი. ნ. კ-შვილი პროცესში ჩაება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. ამდენად, სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, მას არა აქვს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება.
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნითYმესამე პირია ის, ვინც, შემოდის მხარეთა შორის უკვე დაწყებულ პროცესში თავისი საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომლებიც არამარტო არ ემთხვევა, არამედ პირიქით, ეწინააღმდეგება კიდეც მხარეების ინტერესებს.
მესამე პირებმა დამოუკიდებელი მოთხოვნით სასამართლოს უნდა მიმართონ სარჩელით. იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს და განიხილოს ეს სარჩელი, ის უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რაც წაეყენება სარჩელებს საერთოდ. მართლაც, მოცემულ საქმეში მოიპოვება ნ. კ-შვილის სარჩელი, მაგრამ იგი არ პასუხობს სსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, მასში არ არის ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა. ნ. კ-შვილს და მის წარმომადგენელს არც სასამართლო სხდომების დროს ჩამოუყალიბებიათ დამოუკიდებელი მოთხოვნა, რაც გამორიცხავს მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნით მის პროცესში მონაწილეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. კ-შვილი არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ.კ-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. კ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 12 მაისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.