დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-8-382-05 ას-8-382-05 31 მარტი, 2005წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: არხის ამოვსება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ც-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. ც-ას, მ. და ა. ჭ-ების მიმართ და მოითხოვა საერთო სარგებლობის წყლის არხის აღდგენა, ცენტრალური არხის გახსნა, ასევე, მოპასუხეების ნაკვეთების საზღვართან ორი არხის დაგრძელება და მოწესრიგება. მან თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ იგი ცხოვრობს ქ. აბაშაში, ... .... ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე წლების განმავლობაში იყო წყალსაწრეტი არხი, რომელიც თვითნებურად გადაკეტილი აქვთ ჟ. ც-ას, მ. და ა. ჭ-ებს, რის გამოც იტბორება როგორც თავისი, ასევე, მეზობლების ეზოები და ვერ ღებულობს მოსავალს.
მ. ჭ-ამ სარჩელი აღძრა ნ. ც-ასა და სხვათა მიმართ, სადაც აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა 2001წ. 10 ივლისს, მისი ნებართვის გარეშე, გახსნეს მოსარჩელის ეზოში გამავალი არხი, რითაც მიაყენეს მორალური ზიანი. მ. ჭ-ამ მოითხოვა გახსნილი არხის ამოვსება, მატერიალური ზიანის - 20 ათასი ლარის, ხოლო მორალური ზიანის - 5000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ც-ას სარჩელი მოპასუხეების ნაკვეთების საზღვართან წყლის არხის გაჭრის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო მ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ამ. ჟ. ც-ასა და ა. ჭ-ას გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება _ ნ. ც-ას სარჩელს მ. ჭ-ას მიმართ ეთქვა უარი.
მ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ნ. ც-ასა და თემურ ცომაიას დაევალათ თვითნებურად გათხრილი არხის ამოვსება, რომელიც უერთდება მ. ჭ-ას ეზოში გამავალ თხრილს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ც-ამ და მ. ჭ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 3 ივნისის განჩინებით, ნ. ც-ასა და მ. ჭ-ას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე (¹ 2/ბ-432), მ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარზე, ნ. ც-ას, გ. ა-ას, ი. რ-ას, მ. ჭ-ას, ე. ჭ-ას, რ. ჭ-ას, თ. ც-ას, თ. ც-ას, აბაშის პოლიციის მუშაკების – თ. ნ-ასა და მ. ჭ-ას მიმართ დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური, სასოფლო-სამეურნეო და ეკოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზას გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი კითხვები: ა) რას შეადგენს ქ. აბაშაში, ... ქ.¹39-ში მ. ჭანტურიას კუთვნილ საკარმიდამო ეზოში ნარგავებისათვის, საცხოვრებელი სახლისა და ეზოში მდგომი დამხმარე ნაგებობებისათვის დატბორვით მიყენებული ზიანის ოდენობა; (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ბ) ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა ..... ქუჩაზე გამავალი 140 მეტრი არხის დაკავშირება წყალშემკრებ კოლექტორთან ისე, რომ არხის ნაწილმა არ გაიაროს მ. ჭ-ას საკარმიდამო ეზოზე; გ) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს .... ქუჩაზე არსებული არხის გაუქმებას ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად.
ექსპერტიზის ჩატარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს. ექსპერტს განემარტა სსკ-ის 168-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი; ექსპერტიზის ჩატარებამდე შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება; ექსპერტიზის ხარჯები მხარეებს გადასახდელად დაეკისრათ სოლიდარულად.
მ. ჭ-ამ კერძო საჩივარი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინებაზე. მან მოითხოვა სააპელაციო პალატის ხსენებული განჩინების გაუქმება.
მ. ჭ-ას კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე განჩინება გამოიტანა მ. ჭ-ას დასწრების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტს; მან წინასწარ აცნობა სასამართლოს, რომ პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა ავადმყოფობის გამო. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დანიშნა ექსპერტიზა, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს არ აქვს სასოფლო-სამეურნეო და ეკოლოგიური ექსპერტიზა; სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად არასწორად დასვა კითხვები. მ.ჭ-ამ სასამართლოში მოითხოვა მოპასუხეების მიერ 1991 წელს უკანონოდ გათხრილი არხის გაუქმება, მიწით ამოვსება. ეს არხი არ არის .... ქუჩაზე გამავალი; პირიქით, .... ქუჩიდან გათხარეს მოპასუხეებმა და ამ არხის ბოლო პირდაპირ უკავშირდება მ.ჭ-ას ეზოს უკანა მხრიდან. მ.ჭ-ამ კერძო საჩივარში მიუთითა, რომ არ გააჩნია ექსპერტიზის ჩატარებისათვის თანხა; მან მოითხოვა ასევე გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა საქმის წარმოება; მოცემული საქმის აცილება ქუთაისის საოლქო სასამართლოსათვის და თბილისის საოლქო სასამართლოსათვის დაქვემდებარება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 21 დეკემბრის განჩინებით მ.ჭ-ას კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ მ. ჭ-ას სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინება ჩაბარდა 2004წ. 1 დეკემბერს, რაც დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების ქვითრით.
სსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად კი კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში, ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. მ. ჭ-ამ 2004წ. 14 დეკემბერს შედგენილი კერძო საჩივარი თბილისის საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2004წ. 14 დეკემბერს, რის გამოც მან დაარღვია კანონით დადგენილი კერძო საჩივრის შეტანის თორმეტდღიანი ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მ. ჭ-ას კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების ქვითრით მ. ჭ-ას სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინება ჩაბარდა 2004წ. 1 დეკემბერს. მ. ჭ-ამ 2004წ. 14 დეკემბერს შედგენილი კერძო საჩივარი თბილისის საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2004წ. 14 დეკემბერს, რის გამოც მან დაარღვია კანონით დადგენილი კერძო საჩივრის შეტანის თორმეტდღიანი ვადა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის ამგვარ მითითებას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა კერძო საჩივარში მ. ჭ-ას მითითება იმის თაობაზე, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინების ასლი მას ხელზე ჩაბარდა 2004წ. 3 დეკემბერს; მ. ჭ-ამ საკასაციო პალატას 2005წ. 18 მარტს წარუდგინა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს შპს “ს. ფ.” ფილიალი “თ. ფ.” უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2005წ. 14 თებერვლის ¹04-07 ცნობა იმის შესახებ, რომ ქუთაისიდან შეკვეთილი წერილი ¹ 859 შეკვეთილი შეტყობინებით მ. ჭ-ას სახელზე მე-19 საფოსტო განყოფილებაში შევიდა 1 დეკემბერს; მ. ჭ-ას ბინაში არ ყოფნის გამო ეს წერილი გაცემულ იქნა 3 დეკემბერს; შეტყობინებაც ქუთაისში გაიგზავნა 3 დეკემბერს.
სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია კერძო საჩივრის შეტანის ვადა. ამ ნორმის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან კიდევ ამ განჩინების მხარისათვის გადაგზავნა სსკ-ის 70-78-ე მუხლის შესაბამისად. ზემოთ აღნიშნული ცნობით ირკვევა, რომ მ. ჭ-ას სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინების ასლი ჩაბარდა 2004წ. 3 დეკემბერს, მან კი კერძო საჩივარი თბილისის საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2004წ. 14 დეკემბერს, ე.ი. კანონით დადგენილ 12 დღიან ვადის დაცვით. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ 2004წ. 21 დეკემბერის განჩინებით არასწორად დატოვა განუხილველი მ. ჭანტურიას კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და კერძო საჩივარი საქმის წარმოების შეჩერების გასაჩივრების ნაწილში დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული.
სსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამ ნორმის საფუძველზე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი უფლებამოსილია, საბოლოოდ გადაწყვიტოს საკითხი მ. ჭ-ას კერძო საჩივრის როგორც დასაშვებობის, ისე _ მისი დაკმაყოფილებისა თუ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე განჩინება გამოიტანა მ. ჭ-ას დასწრების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტს. სსკ-ის 233-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობას. კერძოდ. მიუთითებს იმ გარემოებებზე, როცა არ შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას 2004წ. 12 ნოემბრის სხდომაზე არ გამოუტანია დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტი მ.ჭ-ას გამოუცხადებლობის გამო და შესაბამისად, არ უნდა გამოეყენებინა მითითებული ნორმა.
რაც შეეხება მ.ჭანტურიას კერძო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დანიშნა ექსპერტიზა, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს არ აქვს სასოფლო-სამეურნეო და ეკოლოგიური ექსპერტიზა; სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად არასწორად დასვა კითხვები. მ.ჭ-ამ სასამართლოში მოითხოვა მოპასუხეების მიერ 1991 წელს უკანონოდ გათხრილი არხის გაუქმება, მიწით ამოვსება. ეს არხი არ არის ..... ქუჩაზე გამავალი; პირიქით, .... ქუჩიდან გათხარეს მოპასუხეებმა და ამ არხის ბოლო პირდაპირ უკავშირდება მ.ჭანტურიას ეზოს უკანა მხრიდან. მ.ჭ-ამ კერძო საჩივარში მიუთითა, რომ არ გააჩნია ექსპერტიზის ჩატარებისათვის თანხა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ექსპერტიზის დანიშვნის ნაწილში კერძო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იმავე კოდექსის 163-ე მუხლით განსაზღვრულია ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე განჩინების მიღების წესი; ეს ნორმა არ ითვალისწინებს ასეთი განჩინების გასაჩივრებას. იმავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი კი იმპერატიულად მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 12 ნოემბრის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეაჩერა სსკ-ის 280-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად. ეს ნორმა დისპოზიციური შინაარსისაა და მასში მოცემულია საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატური საფუძველი. ამ მუხლის ,,ე” პუნქტში მითითებულია, რომ სასამართლოს, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა. მოცემული ნორმის შესაბამისად, ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში, სასამართლოს უფლებაა გაითვალისწინოს, თუ რა სირთულის გამოკვლევაა ჩასატარებელი და მას შეუძლია შეაჩეროს საქმის წარმოება.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოებით შეჩერებისას კანონი არ დაურღვევია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მ.ჭანტურიას კერძო საჩივრის მოტივს ქუთაისის საოლქო სასამართლოსათვის მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვის აცილების თაობაზე, რადგან აღნიშნული მოთხოვნა დაუშვებლად მიაჩნია საკასაციო პალატას სსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლს 12 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მხოლოდ საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში, რადგან სსკ-ის 282-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-420, 284-ე მუხებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 დეკემბრის განჩინება.
არ დაკმაყოფილდეს მ. ჭ-ას კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინებაზე.
მ.ჭ-ას კერძო საჩივრის მოთხოვნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეთათვის მოცემული სამოქალაქო დავის განხილვის აცილებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ – დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.