დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-921-1155-05 7 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ.ლაზარაშვილი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ლ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. ს-ის მიმართ და მიუთითა, რომ 1996 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. ს-ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში ეშეძინათ შვილი: ა. ლ-ე (დაბადებული 19.... წ.). თანაცხოვრების პერიოდში მ. ს-ე ეწეოდა ამორალურ ცხოვრების წესს, კერძოდ, ხშირად ბრუნდებოდა ოჯახში გვიან ნასვამ მდგომარეობაში და საერთოდ არ ზრუნავდა ოჯახზე, რის გმოც შეუძლებელი გახდა მათი ერთად ცხოვრება. 2003წ. 20 თებერვლიდან მ. ს-ე თავის მშობლების სახლში გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ ოჯახისა და ბავშვის მიმართ არ იჩენდა არავითარ ყურადღებას. მოსარჩელემ მიუთითა, რომ არის უმუშევარი. არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, ბავშვის აღზრდაში ეხმარებიან დები და ახლო ნათესავები და მოითხოვა მ. ს-ის მიმართ შვილის – ა. ლ-ის სასარგებლოდ ალიმენტის, თვეში 60 ლარის დაკისრება. საქმის განხილვისას მოპასუხემ სარჩელი ნაწილოწრივ ცნო და განმარტა, რომ ალიმენტის სახით ნაცვლად 60 ლარისა გადაიხდიდა 45 ლარს.
გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ლმსაძის სარჩელი მოპასუხე მ. ს-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – მ. ს-ეს შვილის – ა. ლ-ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 45 ლარის გადახდა.
მოპასუხე მ. ს-ემ გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი – 45 ლარი არ შეესაბამებოდა მისი შემოსავლის რეალურ ოდენობას, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით 20 ლარის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციწ პალატეს 2005წ. 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. პალატამ მიუთითა შემდეგზე: ვინაიდან აპელანტმა თვეში 45 ლარის ნაცვლად, გადასახდელად მოითხოვს 20 ლარის დაკისრება და ფაქტობრივად სადავოდ გახადა თვეში 25 ლარის გადახდა, რაც, სსკ-ის 41-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 300 ლარს, ასევე, მითუთითა რა ამავე კოდექსის 365-ე მუხლზე, განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 300 ლარი, რაც ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებულ 500 ლარზე ნაკლებია.
მ. ს-ემ სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი – 45 ლარი არ შეესაბამებოდა მისი შემოსავლის რეალურ ოდენოაბს, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით 20 ლარის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატეს 2005წ. 28 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკააციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი მოპასუხე მ. ს-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მ. ს-ეს შვილის – ა. ლ-ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 45 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სსკ-ის 365-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად კი სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალტამ სწორად იხელმძღვანელა ზემოხსენებული ნორმით და სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველი, რადგან, მ. ს-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სადავოდ ხდიდა ალიმენტის ოდენობას – 25 ლარს. საქართველოს სსკ-41-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში შემდეგნაირად განისაზღვრება: ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. მითითებული ნორმის საფუძველზე გააჩივრებული თანხა ერთობლიობაში შეადგენს 300 ლარს, რაც სსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ღირებულებას – 500 ლარს არ აღემატება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბიილსის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატეს 2005წ. 31 მაისის და 28 ივნისის განჩინებები.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.