დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 11.11.2004
საქმის ნომერი
ას-982-1225-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-982-1225-04 11 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,მ. ცისკაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ჭ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. ფ.-ის მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის საცხოვრებელი ფართის სველი წერტილებიდან მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში წყლის, რამაც გამოიწვია მოსარჩელის ბინის სერიოზული დაზიანება. სს “ს.-ის” საამშენებლო სამმართველოს ¹... უფროსის მიერ გაცემული ცნობის თანახმად ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1500 ლარს, მაგრამ, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე დღემდე უარს აცხადებს ბინის დაზიანებისათვის რაიმე კომპენსაციის გადახდას.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ჭ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ლ. ფ.-ს მოსარჩელე ნ. ჭ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 581 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ფ.-მ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ მხოლოდ 193 ლარის დაკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 მაისის განჩინებით ლ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო იმ მიზეზით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს.

ლამარა ფ.-მ სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს. აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ჭ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ლ. ფ.-ს მოსარჩელე ნ. ჭ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 581 ლარის გადახდა. ლ. ფ.-ე სააპელაციო საჩივრით მოითხოვს მოსარჩელის სასარგებლოდ მხოლოდ 193 ლარის დაკისრებას. ამდენად, აპელაციის ღირებულებას მოცემულ შემთხვევაში შეადგენს სასამართლოს მიერ დაკისრებულ და მოპასუხის მიერ აღიარებულ თანხას შორის არსებული სხვაობა – 388 ლარი, რომელიც არ აღემატება 500 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ფ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 მაისისა და 2004წ. 14 ივნისის განჩინებებიდარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.