ახალად აღმოჩენილი გარემოებები
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-1038-ა-35-03 ა-1038-ა-35-03 12 დეკემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: სამუშაო ფუნქციების აღდგენა, ბრძანების გაუქმება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 26 ნოემბერს მ. მ-ემ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ბ. გ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა ბრძანების გაუქმება, სამუშაო ფუნქციების აღდგენა, ბ. გ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და მისი თანამდებობიდან განთავისუფლება. სარჩელის განხილვამდე მ. მ-ემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ ბ. გ-ას უნდა დაეკისროს მორალური ზიანის სახით 500000 ლარისა და მატერიალური ზიანის - 10000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 2 აპრილის განჩინებით საქმე განსჯადობის მიხედვით გადააგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში, სადაც მ. მ-ემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 450 000 ლარამდე. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე საქმე განსახილველად გაიგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, რომელმაც 2002წ. 29 ივლისს, მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, გაუქმდა ს/ს “მ.” დირექტორის 2001წ. 24 სექტემბრის ¹12 ბრძანება და 2000წ. 18 დეკემბრის თანამდებობრივი დებულება. 2001წ. 19 სექტემბრის ¹8 ბრძანების საფუძველზე მ.მ-ეს აღუდგა თანამდებობრივი ფუნქციები, ხოლო ბ.გ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნებს მოპასუხის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
2002წ. 2 აგვისტოს ბ.გ-ამ საჩივარი შეიტანა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 29 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის განჩინებით მ.მიქანძის წარმომადგენელ ნ.მ-ის შუამდგომლობას, მის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 365-ე მუხლებით აღძრული საქმის დამთავრებამდე მოცემული დავის წარმოების შეჩერების შესახებ უარი ეთქვა, რაზეც მ.მ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი.
სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის განჩინებით, 12-დღიანი ვადის გაშვების გამო, კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და განსახილველად გაიგზავნა საკასაციო სასამართლოში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და ბ.გ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მისი სს “მ.” დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების ნაწილში მ.მ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე საქმის წარმოება შეწყდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის განჩინებით მ.მ-ის კერძო და საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება დარჩა უცვლელი.
მ.მ-ემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის განჩინებით მ.მიქანძის კერძო და საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება დარჩა უცვლელი.
მ.მ-ემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
სსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლის) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (324-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაზე, რომლითაც საქმის წარმოება არსებითად მთავრდება. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 2003წ. 24 ივნისის განჩინებით მ.მ-ის კერძო და საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, კანონიერ ძალაში შევიდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. მ-ეს, ახლად აღმოჩენილ გარემეობათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით უნდა მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემეობათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.