დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1611-1605-2011 28 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ე-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ღ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 სექტემბრის საოქმო განჩინება
დავის საგანი – ვალის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით მ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა. ე-ს მ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2800 ლარის გადახდა. მ. ღ-ს უარი ეთქვა დარჩენილი 4300 ლარის ოდენობით გადახდის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ა. ე-ს დაეკისრა მ. ღ-ის სასარგებლოდ 84 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ე-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის საოქმო განჩინებით სამოქალაქო საქმეზე ¹2ბ/2047-11 დამტკიცდა მორიგება ა. ე-ის წარმომადგენელს ნ. გ-ესა და მ. ღ-ს შორის. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა მოცემულ საქმეზე ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე შეწყდა წარმოება.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ე-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ე-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები კანონითაა დადგენილი. ერთ-ერთი ასეთი წინაპირობა განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო საჩივარზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
მითითებული მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მხარის უფლებაა. ამ უფლების რეალიზაციას უკავშირდება გარკვეული იურიდიული შედეგი, კერძოდ, მხარე, რომელმაც უარი განაცხადა გასაჩივრებაზე, კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. გასაჩივრებაზე უარის თქმა დასაშვებია როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, ისე მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრს სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (ტომი 2, ს.ფ. 52-55). დადგენილია ასევე, რომ მხარეებმა წერილობით მოითხოვეს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბება დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან განჩინებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, რაც დაადასტურეს თავიანთი ხელმოწერებით (ტომი 2, ს.ფ. 60). ვინაიდან ა. ე-ის წარმომადგენელმა ნ. გ-ემ უარი განაცხადა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე, ამიტომ მან დაკარგა უფლება გაასაჩივროს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით. ამდენად, ა. ე-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს მის მიერ გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან არ არსებობს ა. ე-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა, იგი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ე-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის საოქმო განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.