შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 21.02.2007
საქმის ნომერი
2კ-788აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

788აპ. 21 თებერვალი 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. დ-ძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც მას სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი, ხოლო სამოქალაქო სარჩელის ნაწილში დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 (ათას ხუთასი) ლარის გადახდა.

განაჩენის მიხედვით, ნ. დ-ეს ბრალი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2004 წლის 20 მაისს იგი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისში, ---ის შესახვევი ¹12. მან ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე, საყოფაცხოვრებო დანის გულმკერდის არეში დარტყმით, სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა თავის მეზობლად მცხოვრებ თ. ჯ-ას.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. გ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულ ნ. დ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას, კერძოდ, მისთვის 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, ასევე, ამ სასჯელის პირობით ჩათვლას და გამოსაცდელად 6 (ექვსი) წლის ვადის დადგენას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა პროკურორ გ. გ-ის საჩივარი და ნ. დ-ის მიმართ უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე პროკურორმა გ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. სახელმწიფო ბრალმდებელი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ნ. დ-ის ბრალდების საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას ახალი განხილვისა და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრების მიზნით, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, არის ზედმეტად ლმობიერი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები მსჯავრდებულ ნ. დ-ის მიმართ და შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი ქმედებისა და მისი ჩამდენის პიროვნების მახასიათებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, შესაბამისი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და კანონიერი, რომლის მიღებისას სასამართლომ სრულად გაითვალისწინა შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა. რაც შეეხება იმ გარემოებებს, რომლებზეც მითითებულია პროკურორის საკასაციო საჩივარში და რომელთა საფუძველზეც იგი ითხოვს სასჯელის გამკაცრებას, ისინი, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის საუარესოდ განაჩენის შეცვლისთვის. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამავე დროს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებას: საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით Mმსჯავრდებულ ნ. დ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ერთიდან 8 (რვა) წლამდე, რის გამოც ეს დანაშაული განეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 (ხუთ) წლამდე და წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს. ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს განაჩენის შეცვლის საფუძველს, რადგან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. დ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (1999 წლის 22 ივნისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცრდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ნ. დ-ის მიერ ჩადენილი ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულ ნ. დ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.