შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 07.03.2007
საქმის ნომერი
2კ-846აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

846აპ 7 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-ლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რის გამოც მას სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

მ. მ-ლი, მსჯავრდებულ იქნა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რის გამოც მას სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

განაჩენის მიხედვით, გ. კ-სა და მ. მ-ლს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე. ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2005 წლის 12 იანვარს მ. მ-ლი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ. კ-ლს და ყაჩაღობის მიზნით ქ. თბილისში, --- მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 6 საათზე, მთვრალებმა, გააჩერეს ტაქსი, სახელმწიფო ნომრით --, რომელსაც მართავდა გ. ბ-ძე. ისინი ჩაუსხდნენ მას მანქანაში და მოსთხოვეს თბილისის ვაზისუბნის დასახლებაში წაყვანა, ხოლო ვაზისუბანში მისვლის შემდეგ _ მოსკოვის პროსპექტზე წაყვანა. შემდგომ გ. ბ-ეს მანქანა გააჩერებინეს ისანი_სამგორის რაიონის ---ის შენობის წინ, მძღოლი დანის მუქარით გადმოიყვანეს მანქანიდან და წაართვეს მას ავტომანქანის მართვის მოწმობა, ტექნიკური პასპორტი და თანხა_20 ლარი. ამის შემდეგ ისინი ჩასხდნენ აღნიშნულ ავტომანქანაში და გაიტაცეს რუსთავის მიმართულებით. ისინი ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც გ. კ-ლი და მ. მ-ლი წარადგინეს შინაგან საქმეთა სამმართველოში.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-სა და მ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, სასამართლოს მიერ მათთვის ექვსი-ექვსი წლის ვადით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის განახევრებას, იმ მოტივით, რომ, მსჯავრდებულთა სასარგებლოდ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მათთვის დანიშნული სასჯელები არის ზედმეტად მკაცრი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ადვოკატ გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულთა მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ადვოკატმა გ. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის შემსუბუქებას იმავე მოტივით, რაც მას წინათ მითითებული Yჰქონდა ამავე საქმეზე მის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება შეამოწმა სრული მოცულობით მსჯავრდებულების _ გ. კ-სა და მ. მ-ის მიმართ, ასევე საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სასამართლომ, ჩადენილი ქმედებისა და მისი ჩამდენის პიროვნების მახასიათებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. კ-ლს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი_თავისუფლების აღკვეთის სახით, შესაბამისი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და კანონიერი, რომლის მიღებისას სასამართლომ სრულად გაითვალისწინა შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამავე დროს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებას: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა და სასჯელი, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს მსჯავრდებულების _ გ. კ-სა და მ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ გ. კ-სა და მ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და აღნიშნული ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძვლიანი და დასაბუთებულია ასევე სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები მსჯავრდებულების _ გ. კ-სა და მ. მ-ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულების _ გ. კ-სა და მ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ გ. კ-სა და მ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.