შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 25.04.2007
საქმის ნომერი
2კ-942აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

942აპ 25 აპრილი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე)

ზ. მეიშვილი, ი. ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განაჩენით, ბ. გ-ის ძე შ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის რეადქციით) და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ბ. შ-მა გამოიძებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა “ფ--” ტიპის დამცავი მოქმედების ხელყუმბარა და ოცდაორი ცალი 5,45 მმ კალიბრის “კალაშნიკოვის” 1974 წლის ნიმუშის ვაზნები, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და ინახავდა საცხოვრებელ სახლში, ხაშურის რაიონის სოფელ ---ში.

2004 წლის 26 თებერვალს ბ. შ-ლს დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ. ტ-ძე და გამოიძებით დაუდგენელი ორი ბოროტმოქმედი, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ საჩხერის რაიონის სოფელ ---ში ც. ნ-ის ოჯახს ფულისა და ოქროს სამკაულების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი შეიარაღდნენ ავტომატური იარაღით და დანებით, გ. ტ-ძე ხელყუმბარით, ბ. შ-ლი კი ზემოთ აღნიშნული ხელყუმბარით და დანით და იმავე დღესვე გაემგზავრნენ საჩხერის რაიონის სოფელ ---ში, სადაც მართლსაწინააღდმეგოდ გადაზიდეს ზემოხსენებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები და ხელყუმბარები. 2004 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 03 საათზე მათ უკანონოდ შეაღწიეს ც. ნ-ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად თავის დაესხნენ ც. ნ-ეს, მის მეუღლეს _ გ. ნ-ეს და ამ უკანასკნელის ქვისლს _ რ. ც-ლს. სიცოცხლისა და ჯანმრთელოიბსათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით სცემეს მათ, რის შემდეგაც გ. ნ-ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ბ. შ-ლი, გ. ტ-ძე და ორი დაუდგენელი ბოროტმოქმედი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ც. ნ-ეს 400 ლარს და 500 ლარად ღირებულ ორ ცალ ოქროსთვლიან ბეჭედს, ოქროს ორ რგოლის ბეჭედს, სამ ჯვარს _ ორი ძეწკვით და ერთი ძეწკვის გარეშე, რითაც სულ 900 ლარის ზიანი მიაყენეს ც. ნ-ის ოჯახს.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორი რ. გ-მა და მოითხოვა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანით დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. შ-მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ხ-მა და მოითხოვეს ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი გაანჩენის დადგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორ რ. გ-ის საჩივარი და ბ. შ-ლს გაუმკაცრდა სასჯელი, კერძოდ მას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ბ. შ-ლი მოითხოვს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ბრალად შერაცხული დანაშაულის ყველა ეპიზოდში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შედმეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ დაზარალებულ ც. ნ-ის ჩვენებებით, დაზარალებულის მიერ მსჯავრდებულის ფოტოსურათით ამოცნობის და პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბ. შ-ის მიერ მასზედ ბრალად შერაცხული ყაჩაღობის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

პალატას, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ ბ. შ-ის ბინის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ. შ-მა ასევე ჩაიდინა სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწსინებული დანაშაული.

ამასთან, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ბ. შ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებირვი დევნა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალიწსინებულ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულის ჩვენებით მას ყაჩაღურად თავს დაესხა ოთხი პიროვნება, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ავტომატური ცეცხლსარსოლი იარაღით, ხელყუმბარით და დანებით. საქმის მასალების მიხედვით იარაღისა და ხელყუმბარის ამოღება შემთხვევის ადგილიდან არ მომხდარა. შემთხვევის ადგილზე ასევე არ მომხდარა იარაღიდან გასროლა. ასევე არ არსებობს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დადგინდებოდა ის გარემოება, მიეკუთვნებოდა თუ არა ყაჩაღური თავდასხმისას გამოყენებული იარაღი და ხელყუმბარა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას და დადასტურდებოდა მათი ვარგისიანობა. ამდენად საქმეში არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმისა, რომ ბ. შ-მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარება და გადაზიდვა, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილის და ბრალდებულის სასარგებლოდ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯარვდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

საქარვთელოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალიწსინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისავთის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამრათილს კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისავთის შემსუბუქდა სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. შ-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე.

პალატას მიაჩნია, რომ ბ. შ-ლს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში სასჯელის ზომად უნდა მიესაჯოს 6 თვე, ხოლო საბოლოოდ ბ. შ-ლს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. შ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

ბ. შ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამრათლებრივი დევნა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

ბ. შ-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალიწსინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე.

ბ. შ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.