დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
21I ქ. თბილისი
6 თებერვალი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ მ. მ-ის
ადვოკატ _ ნ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა ი. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნით ი. ბ-ლს, ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ი. ბ-ლი 2004 წლის 22 ივლისიდან მუშაობდა სამსახურის უფროსის მ/შემსრულებლად და ,,---” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა ---ს.
ი. ბ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროს, დაუდგენელი პირისაგან, დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით _ 0,4454 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,---”, რომლის ნაწილს _ 0,07 გრამის ოდენობით უკანონოდ ინახავდა სამუშაო ოთახის კედელში ჩამონტაჟებულ --- სეიფში, ხოლო 0,3754 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,---ს” _ იმავე ოთახში ---სა და ე.წ. ,,---” დანადგარს შორის.
2004 წლის 5 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ი. ბ-ის --- ოთახში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც აღმოჩენილი და ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ,,---”, საერთო წონით _ 0,4454 გრამი.
ი. ბ-ის სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო პროცესზე პროკურორმა მ. მ-მა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ი. ბ-ის ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიებისათვის ქ. თბილისის პროკურატურაში გაგზავნის შესახებ იმ მოტივით, რომ განსასჯელისათვის წარსადგენია უფრო მძიმე ბრალდება, კერძოდ: პროკურორი მიუთითებს, რომ ი. ბ-ლს, როგორც მოხელეს, უნდა წარედგინოს დამატებით ბრალდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით და რომ მისი ქმედება არ უნდა იყოს დაკვალიფიცირებული მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმე ი. ბ-ის მიმართ გაეგზავნა ქ. თბილისის პროკურატურას დამატებითი გამოძიებისათვის.
ი. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებასა და საქმის სასამართლოში განსახილველად დაბრუნებას იმ მოტივით, რომ: ა) განჩინება მიღებულია პროცესუალური და სამართლებრივი ნორმების დარღვევით; სასამართლომ საქმე განიხილა დამცველის მონაწილეობის გარეშე, როცა კანონით მისი მონაწილეობა სავალდებულო იყო, რაც, საქართველოს სსსკ-ის 563-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების უპირობო საფუძველია, სასამართლო შემადგენლობისათვის ცნობილი იყო, რომ ადვოკატი ნ. გ-ძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდა; პროცესს კი დაესწრო ადვოკატი ფ. კ-ია, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მხოლოდ სამი დღით ადრე ჩაერთო საქმის განხლვაში; ბ) უსაფუძვლო და სამართლებრივად არასწორია იმის მტკიცება, რომ ი. ბ-ლს, რომელსაც ისედაც უკანონოდ დევნიან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, დამატებით უნდა წარედგინოს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით, ვინაიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება მოხელის ისეთი ქმედება, რომელიც მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს და დაკავებული თანამდებობის საფუძველზე მის უფლება-მოვალეობათა განხორციელებასთან არის დაკავშირებული; გ) სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა საქმის დამატებითი გამოძიებისათვის გაგზავნის შესახებ; თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ პროკურატურის შუამდგომლობა განსასჯელისათვის უფრო მძიმე ბრალდების წარდგენის მოთხოვნით საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ სავალდებულოა სასამართლოსათვის, ასეთი სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ამ შემთხვევაში მთლიანად ირღვევა ძირითადი პრინციპი _ მე-15 მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი.
ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი მ. მ-ლი შესაგებლით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინების ძალაში დატოვებას. მისი მოსაზრებით, ი. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის მიერ კერძო საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებანი უსაფუძვლოა და უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ: საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დაირღვა განსასჯელის დაცვის უფლება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება; სასამართლო სხდომას ესწრებოდა ი. ბ-ის მეორე ადვოკატი ფ. კ-ია. სასამართლოს არცერთი კანონი არ ავალდებულებს იმ გარემოებას, რომ განუსაზღვრელი რაოდენობის ადვოკატებმა ერთად უნდა დაიცვან პირის ინტერესები, ერთ-ერთის გამოცხადება სრულიად საკმარისია განსასჯელის დაცვის უფლების განსახორციელებლად, რაც შესრულდა კიდეც სასამართლოს მიერ. ასევე უსაფუძვლოა საჩივარში მითითებული გარემოება პროკურორის მოთხოვნის შესახებ, ვინაიდან შუამდგომლობა დასაბუთებული იყო იმით, რომ ი. ბ-ლი მუშაობდა რა --- შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს --- წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის -- მ/შემსრულებლად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს, რომელიც იმ იმედით, რომ მას არავინ შეამოწმებდა, ინახავდა სამუშაო კაბინეტში ნარკოტიკულ ნივთიერებას, მისი აღნიშნული ქმედება კი პირდაპირ კავშირშია სამოხელეო დანაშაულთან და ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის ინტერესს, რის გამოც მას დამატებით უნდა წარედგინოს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით. რაც შეეხება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველს, საქართველოს სსსკ-ის 501-ე მუხლის შესაბამისად არსებობს საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების მხოლოდ ერთადერთი საფუძველი _ პროკურორის შუამდგომლობა განსასჯელისათვის უფრო მძიმე ბრალდების წარდგენის შესახებ.
საკასაციო პალატის სხდომაზე ი. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა მ. მ-მა იშუამდგომლა განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძოOსაკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სასამართლო კოლეგიამ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს დაუშვა სათანადო სამართლებრივი პროცედურის არსებითი დარღვევა, კერძოდ, საქმე განიხილა დამცველის მონაწილეობის გარეშე, როცა კანონით მისი მონაწილეობა სავალდებულო იყო, რაც, საქართველოს სსსკ-ის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების უპირობო საფუძველია.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, განსასჯელ ი. ბ-ის ინტერესებს მისი ბრალდების საქმის სასამართლო განხილვისას წარმოადგენდნენ ამ უკანასკნელის ახლობლების მიერ შეთახმებით მოწვეული ადვოკატები _ ნ. გ-ძე, ა. ტ-ვა, დ. ს-ვა და ფ. კ-ია.
სასამართლო კოლეგიას განსასჯელ ი. ბ-ის დაუსწრებლად, მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვის ყველა სასამართლო პროცესი ჩატარებული აქვს ხსენებული ადვოკატების ან მათგან ერთ-ერთის მონაწილებით, რაც მხარეებს არასოდეს გაუხდიათ დავის საგნად დაცვის უფლების დარღვევასთან მიმართებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის დარღვეული საქართველოს სსსკ-ის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რადგან სასამართლო კოლეგიის მიერ დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა პირის დაუსწრებლად მისი ბრალდების საქმის სასამართლო განხილვისას დამცველის სავალდებულო მონაწილეობის შესახებ, სასამართლო კოლეგიამ ი. ბ-ის საქმე განიხილა ადვოკატ ფ. კ-ას მონაწილეობით.
ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როცა პირის ინტერესებს წარმოადგენს რამდენიმე დამცველი, სასამართლო პროცესზე გამოცხადდა განსასჯელის მხოლოდ ერთი დამცველი, ხოლო სასამართლოს პროცესის გამართვამდე არა აქვს შეტყობინება დანარჩენი ადვოკატებისაგან წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე, სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს გამოცხადებული მხოლოდ ერთი ადვოკატის მონაწილეობით და არ გადადოს საქმის განხილვა. სასამართლო ვალდებულია, გადადოს საქმის განხილვა, თუ განსასჯელის ინტერესებს წარმოადგენს მხოლოდ ერთი ადვოკატი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოში. ამ დროს სასამართლო უფლებამოსილია, პირველივე გამოუცხადებლობის შემთხვევაში განსასჯელს დაუნიშნოს დამცველი სავალდებულო წესით და გადადოს საქმის განხილვა.
საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება ადვოკატ ნ. გ-ის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ სასამართლო კოლეგია უფლებამოსილი იყო შეეფასებინა პროკურორის შუამდგომლობის საფუძვლიანობა უფრო მძიმე ბრალდების წარდგენის მიზნით საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროკურორის მოთხოვნა ამ საფუძვლით იმპერატიული ხასიათისაა, მაშინ პროკურატურამ საქმე უნდა გაითხოვოს წერილის საფუძველზე და არ არის საჭირო ამ საფუძვლით შუამდგომლობის აღძვრა სასამართლო პროცესზე.
პალატა აღნიშნულთან მიმართებით განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 501-ე მუხლის თანახმად: ,,ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგია ვალდებულია, საქმე დააბრუნოს დამატებით გამოძიებაში, თუ პროკურორი სწორედ ამ საფუძვლით, კერძოდ, ბრალდების დამძიმების მოტივით ითხოვს საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას და არა _ სხვა საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი, პროკურორის შუამდგომლობის მიხედვით შეაფასოს პირისათვის წასაყენებელი ბრალდების საფუძვლიანობა, რადგან სასამართლო არ არის საჯარო სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.