შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 26.02.2007
საქმის ნომერი
342საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

342საზ ქ. თბილისი

26 თებერვალი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჟ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით გ. ჟ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 1 აპრილიდან.

მსჯავრდებული გ. ჟ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ გ. ჟ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ძარცვისათვის, ბინაში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც, აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (ძარცვა, ბინაში უკანონო შეღწევით), ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ჟ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ჟ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გ. ჟ-ის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირებული სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.