შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹390საზ ქ. თბილისი
20 აპრილი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, დ. სულაქველიძე
სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის,პროკურორების _ ნ. ნ-სა და გ. ქ-ის,ადვოკატების _ მ. ჯ-ას, მ. თ-სა და ხ. ჩ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-სა და გ. ა-ის საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 25 ივლისის განაჩენზე ა. მ-ის, გ. ა-სა და ზ. ო-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 25 ივლისის განაჩენით
1. ა. მ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-5 პუნქტებითა და 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით იმაში, რომ პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებითა და ბინაში შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა; მანვე ჩაიდინა სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ორი პირის განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, ჩადენილი ცივი იარაღით _ დანით, რომელსაც იგი სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდა;
2. გ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-5 პუნქტებითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმაში, რომ პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებითა და ბინაში შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა; მანვე ჩაიდინა სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ანგარებით ორი პირის განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით, ასევე _ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ძარცვა, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის;
3. ზ. ო-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-5 პუნქტებითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმაში, რომ პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებითა და ბინაში შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა; მანვე ჩაიდინა სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ანგარებით ორი პირის განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით, ასევე _ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ძარცვა, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
ა. მ-ის, გ. ა-სა და ზ. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
გ. ა-ძე და ზ. ო-ლი ზ. ჯ-სთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, 1995 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 18.30 საათზე, ქ. თბილისში, მეტროპოლიტენის სადგურ „---თან”, გაძარცვის მიზნით დახვდნენ სახლში მიმავალ ი. პ-ლს და წაართვეს ქურქი, ტყავის ხელჩანთა, რომელშიც იდო 30 ათასი რუსული რუბლი, ერთი მილიონი კუპონი, სათვალე და სხვა ნივთები, რითიც დაზარალებულს მიაყენეს 528 აშშ დოლარის, 30 ათასი რუსული რუბლისა და ერთი მილიონი ქართული კუპონის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
1995 წლის 12 თებერვალს ა. მ-მა, დაუდგენელ პირთან აზარტულ თამაშში წააგო ერთი მილიონი რუსული რუბლი, რომელიც მას უნდა მიეტანა 18 თებერვლისათვის. ამ თანხის შოვნის მიზნით მან გადაწყვიტა, მოეკლა მეზობელი _ მ. მ-ლი, რომელიც ახდენდა უცხოური ვალუტის გაცვლას და ა. მ-ლს მიაჩნდა, რომ მას ექნებოდა ფული და ძვირფასეულობა.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ა. მ-მა თავის ბინაში მიიყვანა მეგობრები _ გ. ა-ძე და ზ. ო-ლი. ისინი შეთანხმდნენ, რომ იმავე საღამოს, დანებით შეიარაღებულები, თავს დაესხმებოდნენ მ. მ-ლს და ქონების დასაუფლებლად მოკლავდნენ მას. იმავე ღამეს სამივე მივიდა მ. მ-ის ბინის კართან. ა. მ-სა და გ. ა-ეს ეკავათ დანები. მათ მ. მ-ლს კარი გააღებინეს იმ საბაბით, რომ თითქოს ა. მ-ლს სურდა ამერიკული დოლარის კუპიურის სიყალბის შემოწმება. კარის გაღებისთანავე სამივე ბოროტმოქმედი შეიჭრა ბინაში და გ. ა-ემ მ. მ-ლს ყელზე მიაბჯინა დანა, გააფრთხილა, რომ არ ამოეღო ხმა, თან მოსთხოვა ფული და ძვირფასეულობა. მ. მ-მა დაუძახა თავის 17 წლის ვაჟს _ ვ. ს-ას, რომელიც საძინებელ ოთახში იწვა. ამ დროს ა. მ-მა ანგარებით, ყაჩაღური თავდასხმის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, მ. მ-ლს რამდენჯერმე დაარტყა დანა მუცლის არეში, გ. ა-ე კი მას პირზე აფარებდა ხელს. შემდეგ მანაც მრავალი ჭრილობა მიაყენა მ. მ-ლს სხეულის სხვადასხვა არეში. ამავე დროს ზ. ო-ლი შევარდა საძინებელ ოთახში და შეუბოჭა ხელები ვ. ს-ას. ამ დროს მათთან მივიდა ა. მ-ლი, რომელმაც განზრახ მოკვლის მიზნით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ვ. ს-ას, შემდეგ დაბრუნდა მ. მ-თან და მიხვდა რა, რომ იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, კვლავ რამდენჯერმე დაარტყა დანა. ამის შემდეგ ა. მ-მა და გ. ა-ემ კიდევ რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს ვ. ს-ას, ბოლოს კი ა. მ-მა დანით მას ყელი გამოსჭრა. ვ. ს-ია და მ. მღებრიშვილი ადგილზევე გარდაიცვალნენ, ხოლო ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს სულ 2 710 000 რუსული რუბლის ღირებულების ქონება.
აღნიშნული დანაშაულისათვის ა. მ-ლს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებით მიესაჯა სიკვდილით დასჯა, 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით _ 2 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-5 პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე ა. მ-ლს საბოლოოდ განესაზღვრა სიკვდილით დასჯა, ქონების კონფისკაციით.
გ. ა-ეს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებით შეეფარდა სიკვდილით დასჯა, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-5 პუნქტებით _ 15 წლით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა სიკვდილით დასჯა, ქონების კონფისკაციით.
ზ. ო-ლს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებით მიესაჯა 15 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-5 პუნქტებით _ 14 წლით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე ზ. ო-ლს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, ქონების კონფისკაციით.
ა. მ-სა და ზ. ო-ლს ჩაეთვალათ წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 1995 წლის 11 ივნისიდან, ხოლო გ. ა-ეს _ 1995 წლის 15 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹--ე ბრძანებულებით ა. მ-ლი და გ. ა-ძე შეწყალებულ იქნენ და სიკვდილით დასჯა შეეცვალათ 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
მსჯავრდებულები ა. მ-ლი და გ. ა-ძე საჩივრებში აღნიშნავენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 25 ივლისის განაჩენით მიესაჯათ სიკვდილით დასჯა, რაც საქართველოს პრეზიდენტის ¹--ე ბრძანებულებით უკანონოდ შეეცვალათ 20 წლით თავისუფლების აღკვეთით, რადგან 1997 წლის ივლისში არ არსებობდა არც სიკვდილით დასჯა და არც უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის ვადიანი ზომა განისაზღვრებოდა 15 წლით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულები ითხოვენ მითითებული სასჯელების გადასინჯვას და კანონის შესაბამისად მათი ვადის შემცირებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ჩ-ემ მხარი დაუჭირა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება და ა. მ-სათვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არაუმეტეს 15 წლის ვადით იმ მოტივით, რომ დანაშაულის ჩადენის დროს კანონი სასჯელად ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ა. მ-ლს უკანონოდ შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
გ. ა-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ მ. ჯ-ამ და მ. თ-მა მხარი დაუჭირეს თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფის საჩივარს და მოითხოვეს გ. ა-სათვის სასჯელის შემსუბუქება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
სახელმწიფო ბრალმდებლებმა _ ნ. ნ-ემ და გ. ქ-მა მხარი დაუჭირეს საჩივრებს და იშუამდგომლეს ა. მ-სა და გ. ა-სათვის საბოლოოდ 15 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ იმ მოტივით, რომ დანაშაულის ჩადენისას, იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლი ალტერნატიულ სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას არაუმეტეს 15 წლის ვადით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულების ა. მ-სა და გ. ა-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და აღნიშნავს, ა. მ-სა და გ. ა-ეს განაჩენით შეფარდებული ჰქონდათ სიკვდილით დასჯა საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. ანგარებით, ორი ან რამდენიმე პირის, განსაკუთრებული სისასტიკითა და სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის (მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით) სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 11-დან 14 წლამდე, ხოლო სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა), „ბ” (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) და „გ” (განზრახ მკვლელობა ანგარებით) ქვეპუნქტების სანქციით _ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ამრიგად, ა. მ-სა და გ. ა-ის მიერ ზემოაღნიშნულ ქმედებათა ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, ა. მ-სა და გ. ა-ის მიერ ორი ან მეტი პირის განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მათ მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 პუნქტები, რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში ა. მ-სა და გ. ა-ის ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან.
რაც შეეხება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტს, იგი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტთან და ა. მ-ლს, გ. ა-სა და ზ. ო-ლს სასჯელად დაენიშნოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან ამ მუხლის სანქცია (11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) ნაკლებია სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტის სანქციასთან შედარებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი, ხოლო სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა და ასეთ შემთხვევაში, თუ დამნაშავე იხდის სასჯელს, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს _ ა. მ-სა და გ. ა-ეს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოთ თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მათ მიერ დანაშაულის ჩადენისას.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. მ-სა და გ. ა-ეს სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 25 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მათ სასიკეთოდ.
ამასთან, ა. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებითაც (ყაჩაღობა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და ბინაში შეღწევით), რისთვისაც დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. ეს ქმედება გათვალისწინებულია ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და სასჯელად ითვალისწინებს, შესაბამისად, 6-დან 9 წლამდე და 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი. ამდენად, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ამ ნაწილში ა. მ-ის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებზე.
გარდა ამისა, ა. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით _ ცივი იარაღის _ დანის უნებართვოდ ტარებისათვის. ა. მ-ის მიერ ჩადენილ ამ ქმედებას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, თუმცა 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სისხლის სამართლის კანონი არ ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ცივი იარაღის ტარებისათვის.
სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშAულებრიობას, აქვს უკუძალა. ამასთან, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენიდან ა. მ-ის მიმართ უნდა ამოირიცხოს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი.
პალატა აღნიშნავს, რომ გ. ა-ძე და ზ. ო-ლი, სხვა პირთან წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ჩასადენად, დროის განსაზღვრულ პერიოდში შეთანხმებულად მოქმედებდნენ, როგორც განსაზღვრული სტრუქტურული ჯგუფის წევრები, რომლის მიზანი იყო ყაჩაღური თავდასხმისა და ძარცვის გზით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ამის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ა-ემ და ზ. ო-მა ყაჩაღობა ჩაიდინეს ორგანიზებულ ჯგუფში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, რომლითაც სასჯელად დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე ვადით. ამიტომ სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მათი ქმედების, ისევე როგორც ადრე მოქმედი სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (ძარცვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ისეთი ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის), ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება გ. ა-სა და ზ. ო-ის მიერ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას (ყაჩაღობა ბინაში შეღწევით), იგი უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 8-დან 12 წლამდე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამ ქმედებისათვის ამსუბუქებს სასჯელს და, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, აქვს უკუძალა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების _ ა. მ-სა და გ. ა-ის საჩივრები დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 25 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ: ა. მ-სა და გ. ა-ეს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განესაზღვროთ 15-15 (თხუთმეტ-თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. მ-ის, გ. ა-სა და ზ. ო-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტზე და სასჯელად განესაზღვროთ 14-14 (თოთხმეტ-თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. მ-ის ქმედება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 179-მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე და მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ა-სა და ზ. ო-ის ქმედება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე და მათ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტითა და დღეს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელად განესაზღვროთ: გ. ა-ეს 15 (თხუთმეტი) წლით, ხოლო ზ. ო-ლს _ 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენიდან ა. მ-ის მიმართ ამოირიცხოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს საქმე.
საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე ა. მ-ლს, გ. ა-სა და ზ. ო-ლს საბოლოოდ განესაზღვროთ 15-15 (თხუთმეტ-თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.