დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.11.2007
საქმის ნომერი
46საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
09.11.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

46საზ ქ. თბილისი

9 ნოემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. რ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2001 წლის 6 თებერვლის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ზ. რ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენი ზ. რ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ზ. რ-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 6 თებერვლის განჩინების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ზ. რ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის სანქციით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისათვის, ამ დანაშაულისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული მუხლის რედაქცია დისპოზიციის ან სანქციის ნაწილში არ შეცვლილა, რის გამოც ხსენებულ განაჩენთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ასეთი განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის საფუძველია ისეთი ახალი კანონის მიღება, რომელიც ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2001 წლის 6 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ზ. რ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვისათვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. რ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 6 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ზ. რ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.