შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
84-საზ ქ. თბილისი
17 ივლისი 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ გ. ქ-ის
ადვოკატ _ ს. ა-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ნ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 19 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 19 მაისის განაჩენით ა. ნ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 212-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით _ სიკვდილით დასჯა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა სიკვდილით დასჯა.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹-- ბრძანებულებით ა. ნ-ვს სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
განაჩენით ა. ნ-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ორჯერ, განმეორებით ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი პოლიციის მუშაკის სიცოცხლის ხელყოფა დამამძიმებელ გარემოებებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას, მის საქმიანობასთან დაკავშირებით; სატრანსპორტო საშუალების გატაცება პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სიმთვრალეში ისე, რომ მანქანის მართვის უფლება არ გააჩნდა, ძალადობისა და მუქარის გამოყენებით, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი; მოქალაქის კუთვნილი არაქონებრივი ხასიათის დოკუმენტის გატაცება.
მსჯავრდებული ა. ნ-ვი საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ა-მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა გასაჩივრებული განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ქ-მა, მიუთითა რა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, მიიჩნია, რომ ა. ნ-ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. ნ-ვს სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ა. ნ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით ა. ნ-ვს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 212-ე მუხლით, 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. ნ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტით (ძვ.რედაქცია) _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან. მსჯავრდებულ ა. ნ-ვს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით უნდა მიესაჯოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პოლიციის მუშაკის სიცოცხლის ხელყოფისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. ნ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან და მას უნდა მიესაჯოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ა. ნ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 243-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 212-ე მუხლით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
მსჯავრდებულ ა. ნ-ვს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 19 მაისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ა. ნ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებზე. ა. ნ-ვს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ა. ნ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე და ამ მუხლით მას მიესაჯოს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულ ა. ნ-ვს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.