შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹135/საზ ქ. თბილისი
21 ივნისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ქ-ის
ადვოკატ _ ს. ო-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ო-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 15 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 15 მარტის განაჩენით:
ს. ა-სა და ი. მ-ეს მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც არასწორად წაყენებული და ამ ნაწილში გამართლდნენ.
ს. ა-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეხუთე პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეშვიდე პუნქტებით _ სიკვდილით დასჯა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა სიკვდილით დასჯა;
ი. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეშვიდე პუნქტებით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ი. მ-ის მიმართ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1993 წლის 19 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეხუთე პუნქტებით განსაზღვრული სასჯელი _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შთანთქა სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეშვიდე პუნქტებით გათვალისწინებულმა სასჯელმა და ი. მ-ეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე ი. მ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეხუთე პუნქტებით გამოტანილი განაჩენით მოხდილი სასჯელის დრო _ 1992 წლის 20 მაისიდან დღემდე, რაც უდრის 1 წელს, 9 თვესა და 23 დღეს და მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. ი. მ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 15 მარტიდან.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 4 ოქტომბრის ¹-- ბრძანებულებით ს. ა-ნს სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
განაჩენით ს. ა-ნს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სხეულის მძიმე დაზიანებით, ბინაში შეღწევით; მანვე ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში ანგარებით, ორი პირის განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით.
მსჯავრდებული ს. ა-ნი საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ს. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ო-ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ქ-მა მიუთითა რა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, მიიჩნია, რომ ეს ცვლილებები არსებით გავლენას ახდენენ ს. ა-ის მსჯავრდების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება განაჩენით დანიშნულ სასჯელს და რომელთა გათვალისწინებით, ბრალდების მხარე თვლის, რომ მსჯავრდებულ ს. ა-ნს სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ს. ა-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით ს. ა-ნს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე და მეხუთე პუნქტებით, 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეშვიდე პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს ს. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე პუნქტით (ძვ. რედაქცია) შერაცხული ბრალდება, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ასეთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას არ ითვალისწინებს.
საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ყაჩაღობისათვის ბინაში შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ს. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებთან და მას უნდა მიესაჯოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს. ა-ნი საჩივრით ითხოვს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობის გამო მსჯავრდების ნაწილში მის მიმართ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. როგორც აღინიშნა, ს. ა-ნს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეშვიდე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. ანგარებით, ორი პირის, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, რაშიც ბრალი დაედო ს. ა-ნს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტების სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამრიგად, ს. ა-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, ს. ა-ის მიერ ანგარებით, ორი პირის, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში ს. ა-ის ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. ა-ნს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს. ა-ნს, რომელსაც წინათ განჩინებით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით _ მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1994 წლის 15 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი მის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეშვიდე პუნქტებით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ო-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1994 წლის 15 მარტის განჩინება შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ს. ა-ნს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) გათვალისწინებული ბრალდება;
მსჯავრდებულ ს. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებზე და მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ს. ა-ნს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეშვიდე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა მას დაეწყოს მისი დაკავების დღიდან _ 1993 წლის 4 აგვისტოდან.
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.