განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
444აპ ქ. თბილისი
12 სექტემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განაჩენზე შ. შ-ისა და პ. დ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით შ. შ., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ», „ვ» და „ი» ქვეპუნქტებით იმაში, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით ჩაიდინა ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის განთავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს ესა თუ ის ქმედება.
ამავე განაჩენით პ. დ., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „ე», „ვ» და „ი» ქვეპუნქტებით იმაში, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ანგარებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩაიდინა მძევლად ხელში ჩაგდება, შვიდ დღეზე მეტი ხნით იმ მიზნით, რომ მძევლის განთავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს ესა თუ ის ქმედება; მანვე არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩაიდინა ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლების განთავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს ესა თუ ის ქმედება.
შ. შ-ისა და პ. დ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ზუგდიდის რაიონის სოფელ კ-ში მცხოვრები პ. დ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა დაუდგენელ პირებს. მათ განიზრახეს, ფულის გამოძალვის მიზნით მძევლად ხელში ჩაეგდოთ ამავე სოფელში მცხოვრები ო. ნ. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი 2006 წლის 10 აპრილს შეიარაღდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით და მივიდნენ გალის რაიონის სოფელ ნ-ის ტერიტორიაზე, მდინარე ხურჩის მარჯვენა სანაპიროსთან მდებარე ო. ნ-ს თხილნარში, სადაც ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ფულის გამოძალვის მიზნით, მძევლად ხელში ჩაიგდეს ო. ნ., გადაიყვანეს მდინარე ხურჩის მარჯვენა სანაპიროზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე და წაიყვანეს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში. დათქმულ ადგილზე მიყვანის შემდეგ მას შეუკრეს ხელ-ფეხი, ე.წ. „სკოჩით» აუხვიეს თვალები და აიძულებდნენ, მობილური ტელეფონის საშუალებით დაკავშირებოდა თავის ნათესავებს და მათთვის ეთხოვა გამოსასყიდი თანხა. თავის მხრივ, ბოროტმოქმედებიც მობილური ტელეფონით არაერთხელ დაუკავშირდნენ ო. ნ-ს მამას _ ა. ნ-ს, რომელსაც ემუქრებოდნენ შვილის მოკვლით და მისი განთავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდნენ 100 000 ლარს. საბოლოოდ ბოროტმოქმედებსა და გატაცებულის მამას შორის მოხდა შეთანხმება 20 100 ლარზე. აღნიშნული თანხა 2006 წლის 27 აპრილს ა. ნ-მ გადასცა თავის მეზობელ ტ. ქ-ს, რომელმაც ეს თანხა იმავე დღეს გადასცა ო. ნ-ს გამტაცებლებს გალის რაიონის სოფელ ნ-ში, ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შემდეგაც ტ. ქ-ს მიუთითეს ის ადგილი, სადაც იმყოფებოდა მძევლად აყვანილი ო. ნ., ხოლო ბოროტმოქმედები მიიმალნენ. ტ. ქ-მ ო. ნ. გადაიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, ზუგდიდის რაიონის სოფელ კ-ში.
2007 წლის იანვარში პ. დ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა შ. შ-სა და დაუდგენელ პირებს. მათ განიზრახეს, ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით მძევლად ხელში ჩაეგდოთ გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში, დროებით ქ. თბილისში, მ-ის შესახ. ¹17-ში მცხოვრები გ. ღ. და გალის რაიონის სოფელ ქვემო ბ-ში მცხოვრები ხ. ც. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2007 წლის 28 იანვარს ა. დ. და მისი თანამზრახველები შეიარაღდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით და დაახლოებით 23.30 საათზე მივიდნენ სოფელ ქვემო ბ-ში გ. ღ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა ხ. ც. ბოროტმოქმედებმა, წინასწარი შეთანხმებისამებრ, გ. ღ. და ხ. ც. იმ მოტივით, რომ თითქოსდა სჭირდებოდათ მათი დახმარება ავტომანქანის ძრავას ამუშავებასთან დაკავშირებით, გამოიტყუეს საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის მოშორებით, რის შემდეგაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მათ თავზე წამოაცვეს ტომრები და წაიყვანეს გალის რაიონის სოფელ ნ-ში, აწ გარდაცვლილ ჟ. ა-ს კუთვნილ მიტოვებულ სახლში. აღნიშნულის შემდეგ ბოროტმოქმედები პერიოდულად უკავშირდებოდნენ გატაცებულების ოჯახის წევრებს და მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვდნენ მათთვის 60 000 აშშ დოლარის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ მძევლების მოკვლით. საბოლოოდ ბოროტმოქმედებსა და გატაცებულების ნათესავებს შორის მოხდა შეთანხმება 20 000 ლარზე. აღნიშნული თანხა 2007 წლის 2 თებერვალს გ. ღ-ს ბიძამ _ მ. ღ-მ გადასცა შ. შ-ს, პ. დ-ს და სხვა პირებს, რის შემდეგაც მ. ღ-ს მიუთითეს ის ადგილი, სადაც იმყოფებოდნენ გ. ღ. და ხ. ც., ხოლო თვითონ მიიმალნენ. მ. ღ-მ ბოროტმოქმედების მიერ მითითებულ ადგილზე იპოვა გატაცებულები და გადაიყვანა ისინი ქ. ზუგდიდში.
აღნიშნული ქმედებისათვის შ. შ-ს მიესაჯა 11 წლით, პ. დ-ს _ 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მათვე სამოქალაქო მოსარჩელე მ. ღ-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 20 000 ლარის გადახდა. შ. შ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 21 თებერვლიდან, ხოლო პ. დ-ს _ 2007 წლის 11 ივნისიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ. შ-მ. მან ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ამასთან, გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: განაჩენიდან ამოირიცხა მითითება შ. შ-სათვის მ. ღ-ს სასარგებლოდ 20 000 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული შ. შ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება წარიმართა დაინტერესებით, ძალადობით, მუქარითა და ტენდენციურად; ყალბია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; თვითონ არის უდანაშაულო, ამიტომ ითხოვს, სამართლიანად დაისაჯოს ყველა ის პირი, ვისაც ბრალი მიუძღვის მის უკანონო პატიმრობაში.
სამოტივაციო ნაწილი:
სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მისი უდანაშაულობის შესახებ, კერძოდ:
მოწმე მ. ღ. საქმის წინასწარი გამოძიებისას არაერთხელ დაიკითხა და დამაჯერებლად ამხილა შ. შ. და პ. დ.. ამ უკანასკნელის ჩვენებითაც დადგენილია, რომ მ. ღ-მ ბოროტმოქმედებს გამოსასყიდი თანხა გადასცა 2007 წლის 2 თებერვალს. მ. ღ. იმ დღესვე დაიკითხა და მიუთითა, რომ დათქმულ ადგილას შეხვდა ავტომატებით შეიარაღებულ ოთხ პირს. ნიღაბი არცერთს ეკეთა. ამ დაკითხვისას მოწმე აღწერს შ. შ-ის გარეგნობას, იგი მიუთითებს, რომ ერთ-ერთი ბოროტმოქმედი, როგორც შემდეგ შეიტყო _ შ. შ., იყო დაბალი, სუსტი აღნაგობის, შავგრემანი და შუბლზე ეტყობოდა ნაიარევი. მ. ღ-მ მიუთითა, რომ შეეძლო სამი პირის ამოცნობა (ტ. 1, ს.ფ. 31-34; 49-51; 64-65; 110-115).
მ. ღ-მ სასამართლო სხდომაზეც კატეგორიულად განაცხადა, რომ ერთ-ერთი ბოროტმოქმედი იყო შ. შ.. მოწმემ ფოტოსურათებით და პირადად ამოიცნო პ. დ. და შ. შ.. ამ უკანასკნელის ამოცნობისას მ. ღ-მ მიუთითა, რომ შ. შ. ამოიცნო შუბლზე ნაიარევითაც (ტ. 1, ს.ფ. 39-42; 62-63; 225; ტ. 2, ს.ფ. 243-244).
დაზარალებულმა ო. ნ-მ ასევე დამაჯერებელად ამხილა პ. დ. და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი მის თვალწინ გაიზარდა და ამოცნობა არ გასჭირვებია. მძევლობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ბოროტმოქმედებს გადასცეს 20600 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 221-223).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული და გამოკვლეული ზემოაღნიშნული და სხვა მტკიცებულებებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უტყუარადაა დადასტურებული და სააპელაციო პალატამაც სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შ. შ-მ და პ. დ-მ ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებები. ამასთან, მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული და მსჯავრდებულებს დანიშნული აქვთ მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო მოსარჩელე მ. ღ. მოითხოვდა მის სასარგებლოდ ბოროტმოქმედებისათვის (და არა მხოლოდ პ. დ-სათვის) 20 ათასი ლარის გადახდის დაკისრებას. ვინაიდან საქმეზე სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილ იქნა მხოლოდ პ. დ., ფაქტობრივად არ დაწყებულა სრული სამოქალაქო სამართალწარმოება შ. შ-ისა და პ. დ-ს მიმართ, რასაც ითხოვდა სამოქალაქო მოსარჩელე და პირველი ინსტანციის სასამართლომ საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით დააკისრა ორივე მსჯავრდებულს აღნიშნული თანხის გადახდა.
სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა მსჯავრდებულ შ. შ-ის საჩივრის საფუძველზე და იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი არ იყო ცნობილი სამოქალაქო მოპასუხედ, მ. ღ-ს სასარგებლოდ 20 ათასი ლარის გადახდა დააკისრა მხოლოდ პ. დ-ს, რითაც სსსკ-ის 540-ე და 543-ე მუხლების დარღვევით, გაუარესდა ამ უკანასკნელის მდგომარეობა.
ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით არ იყო განსაზღვრული თითოეული მსჯავრდებულის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილი იყო მხოლოდ პ. დ. და, შესაბამისად, ფაქტობრივად არ დაწყებულა სრული სამოქალაქო სამართალწარმოება შ. შ-ისა და პ. დ-ს მიმართ, რასაც ითხოვდა სამოქალაქო მოსარჩელე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაეუქმებინა სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სრულად, რაც არ უკარგავდა უფლებას მ. ღ-ს, წარედგინა სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განაჩენი უნდა გაუქმდეს პ. დ-სათვის მ. ღ-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში, რაც ამ უკანასკნელს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, არ უკარგავს უფლებას, წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
გარდა სამოქალაქო სარჩელის საკითხის გადაწყვეტისა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა და სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ შ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განაჩენი გაუქმდეს მსჯავრდებულ პ. დ-სათვის სამოქალაქო მოსარჩელე მ. ღ-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.