შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 11.06.2009
საქმის ნომერი
2კ-258აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

258აპ-09 ქ.თბილისი 11 ივნისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის 10 აგვისტოს გ. გ-მ, უთანხმოების გამო დაწყებული კამათისა და ჩხუბის დროს განიზრახა თავისი ცოლის ძმის – მ. ჯ-ს მოკვლა და იგი ავტომანქანით მიიყვანა მდინარე ჭოროხის ნაპირთან. იქ გაგრძელებული ჩხუბის დროს გ. გ-მ თავისი ავტომანქანიდან აიღო დანა და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მ. ჯ-ს ორჯერ დაარტყა გულმკერდის არეში, რითიც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ორი ჭრილობა. გ. გ-მ თავისი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვინაიდან დაზარალებულს სიცოცხლე შეუნარჩუნდა გაწეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების შედეგად.

აღნიშნული ქმედებისათვის გ. გ-ს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 10 აგვისტოდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა ე. კ-მ. მათ მოითხოვეს გ. გ-ს დანიშნული სასჯელის შემსუბუქება სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორები _ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი ე. კ. საჩივარში აღნიშნავენ, რომ გ. გ-ს ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და უნდა შეფასდეს როგორც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რადგან გ. გ-ს არ ამოძრავებდა მ. ჯ-ს მოკვლის მიზანი. ინციდენტის შემდეგ მსჯავრდებულმა ყველა ღონეს მიმართა, რომ დაზარალებული გამოჯანმრთელებულიყო, რის შემდეგ ნებაყოფლობით გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მოითხოვენ გ. გ-ს ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირებას და სასჯელის დანიშვნას ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ სიძე-ცოლის ძმას შორის მომხდარ ინციდენტს არავინ შესწრებია, თუმცა მათი იდენტური და თანმიმდევრული ჩვენებებით უტყუარად დგინდება ფაქტობრივი გარემოებები.

მსჯავრდებულის განმარტებით, მან თავის ცოლის ძმას ორჯერ დაარტყა დანა, რაც გამოწვეული იყო თავად დაზარალებულის არამართლზომიერი ქმედებებით. ამის შემდეგ გ. გ-მ დაჭრილი მოათავსა ავტომანქანაში და მიიყვანა საავადმყოფოში.

ანალოგიურია დაზარალებულის ჩვენებებიც. მ. ჯ-მა სასამართლოში აღნიშნა, რომ მდინარე ჭოროხთან თავის სიძეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ნაწილობრივ სწორედ ამანაც უბიძგა გ. გ-ს დანაშაულის ჩადენისკენ. მ. ჯ-მა ასევე მიუთითა, რომ საავადმყოფოში სიძემ მიიყვანა, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. დაზარალებული შეურიგდა მსჯავრდებულს და მასთან პრეტენზია არ აქვს, რის გამოც მ. ჯ-მა მოითხოვა გ. გ-ს პატიმრობიდან გათავისუფლება.

საქმეში არსებული შეტყობინების შესაბამისად, მ. ჯ-ს გადმოცემით, მან დაზიანება მიიღო მდინარის ნაპირთან ჯართის შეგროვების დროს. შესაბამისად, დაზარალებული არც აპირებდა მომხდარის გახმაურებას.

ამდენად ცხადია, რომ მკვლელობის მცდელობის შემდეგ გ. გ-მ დაზარალებული მიიყვანა საავადმყოფოში, სადაც დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მ. ჯ-ს შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის საავადმყოფოში მიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლომაც აღნიშნა, თუმცა ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ეს გარემოება მხოლოდ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებლად ჩათვალა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არასწორადაა გამოყენებული მატერიალური კანონი, კერძოდ:

სსკ-ის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თუნდაც იმის გამო, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ სწორედ მსჯავრდებულის აქტიური მოქმედებით თავიდან იქნა აცილებული მართლსაწინააღმდეგო შედეგი _ მ. ჯ-ს სიკვდილი.

ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გ. გ-მ პასუხი უნდა აგოს სხვა დანაშაულისათვის, რაც ფაქტობრივად ჩაიდინა, კერძოდ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის. შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით სწორედ ამგვარი დაზიანება მიიღო მ. ჯ-მა (ს.ფ. 82-84).

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ს ქმედება სსკ-ის მე-19,108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად, სასჯელის განსაზღვრისას საკასაციო პალატა ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ამასთან აღნიშნავს, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გ. გ-ს ქმედება სსკ-ის მე-19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.