შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
29საზ ქ. თბილისი
2 ივნისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ჭ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის განაჩენით მ. ჭ, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
აღნიშნული ქმედებისათვის მ. ჭ-ს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით განესაზღვრა 6 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით, მე-2 ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მ. ჭ-ს მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 12 თებერვლიდან.
მსჯავრდებული მ. ჭ. საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვასა და საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა 6-დან 15 წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩადენილი ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელის ზედა ზღვარი.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
რაც შეეხება სასჯელს, გასაჩივრებული განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მ. ჭ-სათვის დანიშნული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებშია. ასევე უცვლელად უნდა დარჩეს განაჩენი მ. ჭ-ის სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილშიც, რადგან განაჩენის ამ ნაწილის გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ჭ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის განაჩენი შეიცვალოს:
მსჯავრდებულ მ. ჭ-ს ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.