დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
9/საზ-09 ქ. თბილისი
22 აპრილი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. Aა-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 31 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 31 აგვისტოს განაჩენით:
ხ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 112-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 136-ე მუხლით _ გამასწორებელი სამუშაოები 1 წლით, სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ ხ. Aბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 28 მარტიდან.
განაჩენით ხ. Aბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ე.ი სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით; მოკვლის ან სხეულის მძიმე დაზიანების მუქარა პირის მიმართ, როდესაც საკმაოდ საფუძვლიანია მუქარის განხორციელების საფრთხე; ცივი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშეE ტარება.
მსჯავრდებული ხ. Aა-ი საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და ამ კოდექსის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის «გ» ქვეპუნქტს, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე, რის გამოც მას უნდა შეუმცირდეს უზენაესი სასამართლოს განაჩენით დანიშნული 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ხ. Aბ-ს პირადი საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით ხ. ა-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 112-ე მუხლის I ნაწილით, სსკ-ის 136-ე მუხლით, სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე, გასახლება ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ან სიკვდილით დასჯა,ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი (განზრახი მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხ. ა-ს ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით (ძვ რედაქცია), არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ არ იცვლება და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია.
ამავე დროს, საკასაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენიდან უთითებს შემდეგ გარემოებებზე: ხ. ა-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის და არა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, კერძოდ: 1999 წლის 27 მარტს გარდაბნის რაიონის სოფელ ........ მცხოვრები, მთვრალი ხ. ა-ი, დაახლოებით 23:00 საათზე, ცივი იარაღით _ სანადირო დანით შეიარაღებული მივიდა ამავე სოფელში მცხოვრებ თავის ბიძასთან, 65 წლის ა. ა-ნ სახლში და შურისძიების ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით, დანის გულმკერდის არეში რამდენჯერმე დარტყმით განზრახ მოკლა იგი ცოლის, რძლისა და შვილიშვილების თანდასწრებით. ამიტომ მსჯავრდებულის მიერ საჩივარში მითითებული მოტივები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
გარდა ამისა, პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მსჯავრდებულ ხ. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ძვ. რედაქცია) შერაცხული ბრალდება, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ქმედების დანაშაულებრიობა არის გაუქმებული.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ხ. ა-ს მიერ ჩადენილ ქმედებას, რომლის კვალიფიკაცია განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლის I ნაწილითა და სსკ-ის 136-ე მუხლით (ძვ. რედაქცია), მათ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, ვინაიდან არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ხ. ა-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 31 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ხ. ა-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.