შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 24.01.2011
საქმის ნომერი
2კ-785აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.01.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹785აპ-10 24 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენით ვ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 21 ოქტომბრიდან.

განაჩენით ვ. ლ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2009 წლის 21 ოქტომბერს კასპის რაიონში მცხოვრები კ. ლ-ი იმყოფებოდა ქალაქ კასპში მდებარე რესტორანში, რა დროსაც მას მობილურ ტელეფონზე დაურეკა მეგობარმა, კასპის რაიონში მცხოვრებმა ა. ბ-მა და უთხრა, რომ მის მეგობარ ვ. ლ-თან მოუვიდა ჩხუბი ფულთან დაკავშირებით. ამასთან, სთხოვა ასულიყო სოფელ ხ-ში, რაზეც კ. ლ-ი დათანხმდა. კ. ლ-ი იმ მოტივით, რომ ვ. ლ-სა და ა. ბ-ს შორის კვლავ არ მომხდარიყო ჩხუბი, წავიდა სოფელ ხ-ში და მივიდა ა. ბ-თან, რომელიც გამოიყვანა სახლიდან და დაურეკეს ვ. ლ-ს. მან უპასუხა, რომ ფეხით მოდიოდა და სოფლის ცენტრში შეხვდებოდა. დაახლოებით 24 საათზე, ხსენებულ ადგილზე შეხვედრისას, ვ. ლ-სა და ა. ბ-ს შორის კვლავ მოხდა ურთიერთშელაპარაკება. აღნიშნულზე განაწყენებულმა ვ. ლ-მა, შურისძიების მოტივით, განიზრახა ა. ბ-ის მოკვლა. მან ა. ბ-ს თანნაქონი დანით მიაყენა ოთხი ჭრილობა, აქედან სამი - შემავალი მუცლის ღრუში, ღვიძლისა და წვრილი ნაწლავის დაზიანებით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა. ბ-ი კი მიღებული დაზიანებების შედეგად განვითარებული მწვავე სისხლნაკლებობით საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ. ლ-ის ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა – თ. გ-მ და ბ. მ-მა, რომლებმაც ითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ვ. ლ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს მსჯავრდებულმა და მისმა დამცველებმა მოითხოვეს ვ. ლ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განაჩენით გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ვ. ლ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორმა საჩივარში აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; წინასწარი და სასამართლო გამოძიება წარიმართა ცალმხრივად და არასრულად; ვ. ლ-ისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები არ დასტურდება საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით და განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის განაჩენის გაუქმებას და საქმის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შეკრებილი მტკიცებულებები ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა სრულად, ობიექტურად და კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უტყუარად დასტურდებოდა და ეჭვს არ იწვევდა. ვ. ლ-ის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. ჟ-ის ჩვენებით, მოწმეების – ნ. ჯ-ის, ლ. ც-ის, ბ. ლ-ის, მ. მ-ის, კ. და ჯ. ლ-ების ჩვენებებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის ¹1439/სბ დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹124 და ¹864 დასკვნებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის ¹1545/ტრ დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებას, რომ იგი ნასამართლობის არმქონეა, ხასიათდება დადებითად, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და თვლის, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გარემოებების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, აგრეთვე მისი პიროვნებისა და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ვ. ლ-ისთვის დანიშნული სასჯელი არის მეტისმეტად მკაცრი, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტისა და 565-ე მუხლის თანახმად, განაჩენის შეცვლის საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ვ. ლ-ის სასიკეთოდ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა – უნდა შეუმცირდეს 2 წლით და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ვ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

მსჯავრდებულ ვ. ლ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდეს 2 წლით და საბოლოოდ ვ. ლ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.