დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.03.2006
საქმის ნომერი
2კ-133კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

133-კოლ 9 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ნ. კვანტალიანი

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 13 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ვ. მ-ვი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 13 ივნისის განაჩენით:

ვ. მ-ვი, ნასამართლევი, (2003 წლის 23 ივნისს მარნეულის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მიესაჯა პირობითი სასჯელი 2 წლის გამოსაცდელი ვადით), ამჟამად ქ. თბილისის ¹1 საპყრობილის პატიმარი, _ მსჯავრდებულია იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე» ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარება, რის გამოც მსჯავრდებულ ვ. მ-ვს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ვ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ვ. მ-ვი 2003 წლის 29 ივნისს გასამართლებული იყო მარნეულის რაიონული სასამართლოს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის და მისჯილი ჰქონდა პირობითი მსჯავრი ორი წლის საგამოცდო ვადით. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ აგრძელებდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვას. 2004 წლის 27 აპრილს, იმყოფებოდა რა ქ. მარნეულში, ---ს ქუჩაზე, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, იგი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ეჭვით და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგად შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს ოთხ ცალად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ საერთო წონით 3,162 გრამი _ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება «---», რომელსაც ის უკანონოდ ინახავდა. მასვე პირადი ჩხრეკისას შარვლის საქამრის უკანა ნაწილში აღმოაჩნდა უცხოური წარმოების «ზიგზაუერის» პისტოლეტი ერთი მჭიდითა და თორმეტი საბრძოლო ვაზნით, რომელიც მან შეიძინა და ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ, რაც ამოღებულ იქნა.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ვ. მ-ის დამცველმა, ადვოკატმა ჯ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ამ განაჩენის გადასინჯვას მსჯავრდებულის სასარგებლოდ. კასატორი საჩივარში მიუთითებს, რომ ვ. მ-ვს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, ხოლო მისი ბრალდების საქმის წარმოებისას დაშვებულია საპროცესო დარღვევები, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი მიაჩნია უკანონოდ.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ვ. მ-მა და მისმა დამცველმა მ. ხ-მა დააზუსტეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, ითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

პროცესში მონაწილე პროკურორმა რ. ჩ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს, ვინაიდან მიაჩნია უსაფუძვლოდ. მან, მიუთითა რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, რომლებითაც დასტურდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 13 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ვ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი ეთქვას მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები ვ. მ-ის მსჯავრდების თაობაზე, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ვ. მ-ის უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ მის მიერ სასამართლოს განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. პალატას მხედველობაში აქვს მოწმეების _ ბ-ის, ზ-ის, ა-ის, გ-ის, ა-ის, ვ. მ-ის ჩხრეკის დამსწრე პირების ჩვენებები, რომლებითაც დასტურდება, რომ ვ. მ-ვი ნამდვილად უკანონოდ ფლობდა ნარკოტიკულ საშუალებას და ცეცხლსასროლ იარაღს, რომლებიც მისგან ამოღებულ იქნა ჩხრეკის დროს, აგრეთვე, საქმეზე ჩატარებული ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნები. პალატამ, შეამოწმა რა საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ ვ. მ-ის ბრალდების საქმეზე სისხლის სამართალწარმოების განხორციელებისას არ ყოფილა დაშვებული ისეთი არსებითი დარღვევები, რასაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა ამ საქმის საბოლოო შედეგზე მსჯავრდებულის საზიანოდ.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ. მ-ის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის ზომა სასამართლომ დაადგინა პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რა დროსაც მხედველობაში იქნა მიღებული ვ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე, მისი წარსული ნასამართლობა, პიროვნება და სხვა გარემოებები, რითაც დაცულია ყველა აუცილებელი პირობა სამართლიანი და მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საკმარისი სასჯელის ზომის განსაზღვრისათვის.

ყველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 2005 წლის 13 ივნისს ვ. მ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი როგორც ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის, ისე, სასჯელის ნაწილში არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ვ. მ-ის დამცველის, ადვოკატ ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 13 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ვ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.