შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 05.02.2004
საქმის ნომერი
2კ-7აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 7-აპ 5 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,გ. ბორჩახძე

განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ოქტომბრის განაჩენით გ. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და შეეფარდა 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

გ. მ-ლს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვასა და გადაზიდვაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2002წ. 29 მაისს ახმეტის რაიონის სოფ. ---ში წინასწარი გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან 300 აშშ დოლარად შეიძინა 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “---”, რაც შეინახა ხელჩანთაში. 2002წ. 30 მაისს იგი სამარშრუტო ტაქსით ჩამოვიდა ქ. თბილისში და თან ჩამოიტანა შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, იგი იმავე დღეს მუხიანში, ---ის გამზირზე, დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მას ჩაუტარდა ჩხრეკა, ჩხრეკისას გ. მ-ლს ხელჩანთიდან ამოუღეს ნარკოტიკული საშაულება “---”, საერთო წონით 8,5 გრამი.

საკასაციო საჩივრით გ. მ-ლი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, არის მესამე ჯგუფის ინვალიდი და მარტოხელა პენსიონერი.

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. დ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა გ. მ-ისათვის სასჯელის შემსუბუქება. ადვოკატის მითითებით, მსჯავრდებულმა წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას გულწრფელად აღიარა დანაშაული, მან ყველანაირად ხელი შეუწყო საქმის მწარმოებელ ორგანოებს საქმის სწრაფად გამოძიებასა და სასამართლო განხილვაში, ინანიებს ჩანადენს, არის მესამე ჯგუფის ინვალიდი, მარტოხელა, უკიდურესად უჭირს ეკონომიკურად, დაავადებულია ჰიპერტონიით და თანდაყოლილი კიფოსქოლიოზით.

პროკურორმა ბ. გ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და განმარტა, რომ განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი, გ მ-სათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისი პასუხისმგებლობის ყველა შემამსუბუქებელი გარემოება. პროკურორის მითითებით, გ. მ-სათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მის პიროვნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ ბ. გ-ეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, გ. მ-მა როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო გამოძიებისას ხელი შეუწყო საქმის სრულყოფილად და სწრაფად გამოძიებას. იგი საქმის წარმოების დაწყების პირველსავე დღიდან აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. Mმას სრულად აქვს შეგნებული ამ ქმედების სიმძიმე, ასევე ასეთი ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში _ მოსალოდნელი შედეგები. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებული არის მესამე ჯგუფის ინვალიდი, პენსიონერი, დაავადებულია ჰიპერტონიითა და თანდაყოლილი კიფოსქოლიოზით, არის მარტოხელა, უკიდურესად უჭირს ეკონომიკურად, წარსულში არ არის ნასამართლევი. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გ. მ-ის მიმართY გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 55-ე მუხლი და მას ჩადენილი ქმედებისთვის შეეფარდოს კანონით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, კერძოდ, სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა სსკ-ის 55-ე მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გ. მ-ლს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა’’ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 3 წლამდე.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.