საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 12.02.2004
საქმის ნომერი
2კ-10კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 10-კოლ 12 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია

განიხილა პროკურორ თ. ა-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ვ. ვ-ვი, რ. ა-ვი და ზ. ვ-ვი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით და თითოეულს შეეფარდა 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეფარდებული სასჯელი შეეცვალათ პირობით და თითოეულს გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:

ვ. ვ-ვი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ზ. ვ-ს, რ. ა-ვს და ძიებით დაუდგენელ პირთა ჯგუფს და შეითანხმა ისინი, რომ მისთვის ცოლად შერთვის მიზნით გაეტაცათ გარდაბნის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრები, არასრულწლოვანი ე. გ-ვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2002წ. 21 ოქტომბერს, დაახლოებით 22 საათზე, აღნიშნული პირები ერთად მივიდნენ ე. გ-ას საცხოვრებელ ბინასთან და ნიღბებით შეიჭრნენ ე. გ-ას საძინებელ ოთახში, ნაწილი კი შევიდა მეორე ოთახში, სადაც იმყოფებოდნენ ოჯახის სხვა წევრები და დანის გამოყენების მუქარით, რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აიძულეს ისინი წინააღმდეგობა არ გაეწიათ. ვ. ვ-მა, რ. ა-თან, ვ. ვ-თან და ძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, ძალის გამოყენებით შებოჭეს იგი, გაახვიეს ზეწარში და, მიუხედავად ე. გ-ას წინააღმდეგობისა, ძალით ჩასვეს ავტომანქანაში და გაიტაცეს, რითაც მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც ვ. ვ-მა, რ. ა-მა, ზ. ვ-მა და ძიებით დაუდგენელმა პირებმა იძულებით, ე. გ-ას ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს იგი გარდაბნის რაიონის ს. ---ში, მოქალაქე ს. ზ-ის ბინაში. 2002წ. 30 ოქტომბერს ე. გ-ას დედამ, მ. ვ-ამ, შეიტყო შვილის ადგილსამყოფელი, გამოიყვანა იგი ს. ზ-ის ბინიდან და დააბრუნა თავის საცხოვრებელ სახლში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თ. ა-ია ითხოვს განაჩენის სამივე მსჯავრდებულის მიმართ გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. იგი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებული სასჯელი არის აშკარად მსუბუქი, რადგან სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში არ მიიღო ის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული. ამასთან, ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაზარალებულის დედამ და მათმა ნათესავებმა გაიტაცეს ვ. ვ-ის დეიდაშვილი და უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ასევე მ. ვ-ამ მძიმედ დაჭრა ვ. ვ-ის ახლობელი ა. ო-ვი.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

ადვოკატმა მ. ლ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდებულების _ ვ. ვ-ის, რ. ა-სა და ზ. ვ-ის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა ის, რომ მსჯავრდებულები პირველად იყვნენ სამართალში, აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული. ვ. ვ-ვი დანაშაულის ჩადენისას იყო არასრულწლოვანი, დაზარალებული მათ შეურიგდა და არ ითხოვს მსჯავრდებულების მკაცრად დასჯას. ამჟამად ე. გ-ვა არის სხვა პირზე გათხოვილი და შეეძინა შვილი, ხოლო ვ. ვ-მა სამი თვეა შექმნა ოჯახი. ადვოკატმა მ. ლ-მა იშუამდგომლა სამივე მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ. მსჯავრდებულებმა – ვ. ვ-მა და რ. ა-მა იშუამდგომლეს განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულების _ ვ. ვ-ის, რ. ა-სა და ზ. ვ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია როგორც მათი აღიარებითი ჩვენებებით, ასევე – საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით; სასამართლო კოლეგიამ მსჯავრდებულთა ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

სასჯელის ზომისა და სახის განსაზღვრისას სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა ის, რომ მსჯავრდებულები პირველად არიან სამართალში, მათი წარსული არაფრითაა შებღალული, ხასიათდებიან დადებითად, აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული. მსჯავრდებული ვ. ვ-ვი დანაშაულის ჩადენისას იყო არასრულწლოვანი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება. სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დაზარალებული შეურიგდა მსჯავრდებულებს და ითხოვა მათთვის არასაპატიმრო ღონისძიების განსაზღვრა.

მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზარალებულის დედამ შემდგომ ჩაიდინა დანაშაული, ამ საქმეზე დადგენილი განაჩენის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. პასუხისმგებლობის სხვა დამამძიმებელი გარემოებების შესახებ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული და არც საქმეში არ მოიპოვება.

ყველა აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიამ სავსებით კანონიერად გამოიყენა სსკ-ის 63-64-ე მუხლები და მსჯავრდებულებს შეფარდებული სასჯელი შეუცვალა პირობით, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 ოქტომბრის განაჩენი ვ. ვ-ის, რ. ა-სა და ზ. ვ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.