შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ¹350აპ-11 12 დეკემბერი, 2011 წელი
მ-ი ნ., 350აპ-11 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ნ. მ-ი დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით (1995 წელს მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მასვე დამატებით სასჯელად, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლებისა, დაენიშნა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმავე განაჩენით ს. ჭ-ე დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით (1995 წელს მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მასვე დამატებით სასჯელად, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლებისა, დაენიშნა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენით ნ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მოქალაქეთა პირადი ქონების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: ნ. მ-ი მუშაობდა რა ქ. ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე ლომბარდში, კერძოდ, მრავალდარგობრივ ფირმა „კ-ს“ მმართველად, 1995 წლის ნოემბერ-დეკემბერში, თავის მოადგილე ს. ჭ-სთან წინასწარი შეთანმხებით, მოქალაქე ე. დ-სგან მიიღო ამ უკანასკნელის კუთვნილი 20 000 აშშ დოლარი, მისთვის ყოველთვიური სარგებლის გადახდის პირობით, თუმცა 1996 წლის მაისში მათ ლომბარდი დახურეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ზემოაღნიშნულ თანხას და მიიმალნენ, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. გ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს განაჩენი. ამასთან, ნ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2011 წლის 11 იანვრიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა საჩივარში აღნიშნა, რომ საქმე განხილულია საპროცესო ნორმების დარღვევით, კერძოდ: ნ. მ-ს მიმართ ძებნა ფაქტობრივად არ განხორციელებულა; არ განახლებულა სისხლისსამართლებრივი დევნა. მის მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობას; მის ქმედებაში არ არის დანაშაულის ნიშნები, ხოლო სასამართლო თუ მაინც ჩათვლის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, მაშინ, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, უნდა გაათავისუფლოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. შესაბამისად, კასატორმა ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენის გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შეკრებილი მტკიცებულებები ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა სრულად, ობიექტურად და კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უტყუარად დასტურდებოდა და ეჭვს არ იწვევდა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს მსჯავრდებულ ნ. მ-ს უდანაშაულობისა და მის მიერ განხორციელებული ქმედების სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ ნ. მ-ს მიერ თაღლითობის (მოქალაქეთა პირადი ქონების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით; მრავალდარგოვან, კოოპერატიულ ფირმა «კ-სა» და ე. დ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მათი სანდოობის, დასაშვებობისა და შესახებობის თვალსაზრისით საკმარისია დასკვნისათვის, რომ ნ. მ-მა ჩაიდინა თაღლითობა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით საქმის წარმოებისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ნ. მ-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ. მ-ს მიმართ ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდა, ვინაიდან მას აღკვეთის ღონისძიების სახით 1997 წლის 2 ივნისს შეეფარდა დაპატიმრება და იმავე დღეს გამომძიებლის დადგენილებით მასზე გამოცხადდა ძებნა. ნ. მ-სათვის ცნობილი გახდა, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა სისხლისსამართლებლივი დევნა, ხოლო ის ფაქტი, რომ ნ. მ-ს მიმართ შეიქმნა სამძებრო საქმე, შედგა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გეგმა და მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, დასტურდება საქმეში არსებული სხვადასხვა მტკიცებულებით: ქ. ბათუმის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ მ. კ-ს 30.01.98 წლის, 06.02.98 წლისა და 14.08.98 წლის მიმართვებით, თ. კ-ს 02.03.1998 წლის მიმართვით, ვ. თ-ს 16.04.1998 წლის მიმართვითა და ვ. ბ-ს 04.08.2001 წლის მიმართვით. შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ. მ-ს მიმართ ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდა 2011 წლის 11 იანვარს, მისი დაკავების მომენტიდან.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში იმ გარემოებაზე მითითებას, რომ ნ. მ-ი რომ არ იძებნებოდა, ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ 2001 წელს, საქმისწარმოების ხელმეორედ შეჩერების შემდეგ, არ იქნა გამოყენებული საქართველოს სსსკ-ის 443-ე მუხლი და სასამართლომ მის დაუსწრებლად, როგორც ძებნილი პირის მიმართ არ განიხილა საქმე, საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება და განმარტავს: განსასჯელის დაუსწრებლად საქმის განხილვის წესი (როდესაც იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას) მოქმედებს 2007 წლის იანვრიდან. შესაბამისად, 1997-დან 2007 წლამდე ნ. მ-ს დაუსწრებლად საქმის სასამართლო განხილვის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. საქმე განსახილველად ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარიმართა 2007 წლის 13 ოქტომბერს, ხოლო არსებითად განხილვა დაიწყო 2009 წლის 3 აგვისტოს ანუ საქართველოს სსსკ-ის 443-ე მუხლით გათვალისწინებული წესის ამოქმედების შემდეგ.
საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე ასევე მიუთითებს, რომ შეჩერებული სისხლის სამართლის საქმის განახლება არ მომხდარა და ეს წარმოადგენს საპროცესო მოთხოვნების არსებით დარღვევას.
საქართველოს სსსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად: ,,მოსამართლე და პროკურორი ვალდებული არიან გამოიტანონ დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ, თუ აღმოფხვრილია და აღარ არსებობს ამავე კოდექსის 29-ე მუხლში მითითებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების საფუძველი.“ საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 2006 წლის 29 დეკემბრის კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ბრალდებულის მიმალვა, როგორც სისხლისსამართლებლივი დევნის შეჩერების საფუძველი, გაუქმდა. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 394-ე მუხლი სასამართლოსა და პროკურორს აღარ ავალდებულებდა ცალკე დადგენილების გამოტანას სისხლისსამართლებლივი დევნის განახლების შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა უნდა მოეხსნას, ვინაიდან დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თუ მან დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, 153-ე მუხლის მე-2 ნაწილი. 1995 წელს მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, გამასწორებელ სამუშაოებს, ქონების კონფისკაციას და არა - ჯარიმას. ამასთან, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი კოდექსის შესაბამისი მუხლით არ არის გათვალისწინებული, შესაძლებელია მხოლოდ ახალი - 1999 წლის 22 ივლისის სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედების ფარგლებში, 2007 წლის 31 მაისიდან და ვერ გავრცელდება მოცემულ კონკრეტულ დანაშაულზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ნ. მ-ს სასიკეთოდ, კერძოდ: გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ნ. მ-სათვის დამატებით სასჯელად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების თანახმად, ჯარიმის - 3000 ლარის - დაკისრების თაობაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. მ-ს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო არის 2011 წლის 10 იანვრის 22:00 საათი, შესაბამისად, მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2011 წლის 10 იანვრიდან.
გასაჩივრებული განაჩენი, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ამოირიცხოს მითითება ნ. მ-სათვის დამატებით სასჯელად ჯარიმის – 3000 ლარის _ დაკისრების თაობაზე.
ნ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 10 იანვრიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.