საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 202-აპ 4 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულების თ. ს-სა და ნ. ხ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ნოემბრის განაჩენი მათ მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ნოემბრის განაჩენით მიესაჯათ: თ. ს-ს და ნ. ხ-ს საქართველოს 1960წ. სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე, მეექვსე ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 8 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის განაჩენით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა განესაზღვრათ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მსჯავრდებულებს დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრათ 49 ათას 210 ლარისა და 5500 აშშ დოლარის გადახდა.
თ. ს-სა და ნ. ხ-ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ 2000წ. 6 თებერვალს სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებითა და მონაწილეობით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისში, ... ქუჩაზე, მცხოვრებ გ. რ-ს ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს 69 ათას 100 ლარისა და 5500 აშშ დოლარის ღირებულების ანტიკვარული ნივთები, რითაც დაზარალებულებს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. წინასწარი გამოძიების დროს ამოღებული 19,890 ლარის ღირებულების ნივთები და ოქროულობა დაუბრუნდა დაზარალებულებს.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით მსჯავრდებულები ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას ან განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელმეორედ განხილვას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა თ.ს-მა და ნ.ხ-მა მოითხოვეს მათი საჩივრების დაკმაყოფილება.
დაზარალებულმა გ. რ-მა მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე.ქ-მ მსჯავრდებულთა საკასაციო საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა ნ. ხ-სა და ს-ს მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულთა საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება ისეთი არსებითი ხასიათის პროცესუალური დარღვევები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განაჩენის გაუქმებას.
მსჯავრდებულების: ნ.ხ-ისა და თ.ს-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებებით, თ.სეფიაშვილის აღიარებითი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთმტკიცებებით, მოწმეების: ბ. ს-ს, დ. გ-ს, ლ.გოჩიტაშვილის, დაზარალებულების: ჟ. და გ. რ-ს ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს და სასჯელი განუსაზღვრა იმ ზომით, რომელიც შეესაბამება მათი ბრალის ხარისხს.
ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის განაჩენი თ. ს-სა და ნ. ხ-ს მიმართ კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის განაჩენი თ. ს-სა და ნ. ხ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.